ტექნოლოგიები

ბაკენბარდებიანი მუზიკანტი, წვერგაპარსული ტაქსისტი და „ჩვენ ყველანი 90–იანებიდან მოვდივართ“

21 ოქტომბერი, 2010 • 1505
ბაკენბარდებიანი მუზიკანტი, წვერგაპარსული ტაქსისტი და „ჩვენ ყველანი 90–იანებიდან მოვდივართ“

ყველაფერი ახალი ყოველთვის კარგად დავიწყებული ძველი როდია. მაგალითად, ქართული ინტერნეტსივრცის რამდენიმესაათიანი ქექვა სრულიად საკმარისია იმისათვის, ხუთი–ექვსი ახალი ბლოგი რომ აღმოაჩინო და მათ უნიკალურობაში ადვილად დარწმუნდე. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, რომ მაგელანის (ან რომელიმე ეგეთი ენთუზიასტი მკვლევარის) როლი შემესრულებინა და ხატოვნად (პოეტური ტონით) თუ ვიტყვით, ქართული ბლოგოსფეროს ზღვაში შევცურე.  

ალბათ, სპარსეთის მეფე ქსერქსს არ გაჰკვირვებია სპარტელების მცირე რაოდენობა ისე, როგორც მე მზუშიკოს ბლოგის მკითხველებისა გამიკვირდა. არადა, წერის სტილი იმდენად მსუბუქია და სახალისო, რომ მის აღსაქმელად თავში მდებარე გიგანტური ლებანის ორ ნახევარსფეროს დიდი გარჯა ნამდვილად არ სჭირდება. თემატიკა განსაზღვრული არ არის – დაწყებული ბავშვობისეული წიგნების მოგონებიდან  ჰამაკის ინტიმური თავისებურებებით დამთავრებული. 

მწერლებს უყვართ ხოლმე ხშირად თავის გამართლება: მე მწერალი ვარ, მკითხველი კი არაო. თუმცა მკითხველი მკითხველსაც  შეიძლება ჰყავდეს. ქართულ ბლოგოსფეროში ლიტერატურასა და წიგნებზე იმდენად ცოტა იწერება, რომ მსგავსი ბლოგები სანთლით… კი არადა, “google”-თ საძებარი გახდა. მკითხველის ბლოგი მუდმივად განახლებადი პასუხია ცნობილი შეკითხვისა: ბოლოს რა წიგნი წაიკითხე?, სადაც ავტორი ბოლო დროს წაკითხულ წიგნებზე თავის შეფასებებს წერს და ამავე დროს ცდილობს, რომ რეკომენდაციების საშუალებით „ნეტავ, რა წავიკითხო?“ შეკითხვაზეც გვაპასუხებინოს.

 „ჯონ ლენონი ყველამ იცით, ერთი კაცი იყო მეოცე საუკუნეში, მუზიკანტი, მრგვალ სათვალეებს ატარებდა, დიდ ბაკენბარდებს, გრძელ თმას და იაპონელი ცოლი ყავდა, რომელიც უცნაურად კიოდა კონცერტების დროს. ჩამოაყალიბა „ბიტლები“ და იმღერა იმეჯინ, ჰოდა, მერე ვიღაც გიჟმა მოკლა“ – რამდენიმე ხაზში ატევს Michaelი ცხოვრებას ადამიანისა,  რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, რითაც ფარდობითობის თეორიის გენიალურობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. ბლოგერი ცდილობს, რომ „ფალსიფიცირებული გემოვნება“ თავიდან აირიდოს და იმ კრიტერიუმებზეც წერს, რომლითაც ჭეშმარიტ „ბიტლომანს“ ყალბისაგან განვასხვავებთ. ზოგადად კი ბლოგი, რა თქმა უნდა (ან, მაინც უნდა თქმა, რომ), მხოლოდ ლივერპულელ მწერებს არ ეხება. მეტიც, თემატიკა იმდენად ფართოა (და საინტერესო), რომ ზოგჯერ დედამიწის ფარგლებსაც სცდება და სამყაროს ბედ–იღბლისა თუ მომავლის გარკვევას კოსმოსში ცდილობს. 

დავუბრუნდეთ დედამიწას. სენტ–ეკზიუპერი რომ 90–იანი წლების საქართველოში დაბადებულიყო, ოდესმე აუცილებლად იტყოდა, რომ „ჩვენ ყველანი 90–იანებიდან მოვდივართ“. ჩვენი ბავშვობა ხომ სწორედ იმ ეპოქამ „გამოძერწა“, რომელიც შუქის ყოველ (აწ უკვე) მოულოდნელ გათიშვაზე დაბარებულივით გვახსენდება. სწორედ ამიტომ, როდესაც ამ „შავბნელი წლებისადმი“ მიძღვნილი ბლოგი  აღმოვაჩინე, გასაკვირი არ არის, რომ მისმა შინაარსმა „ჩემს ინტერესს ცნობისმოყვარეობაზე მოუღიტინა“ (ადამიანურად თუ ვიტყვით, დამაინტერესა). ბლოგზე რამდენიმე ავტორი წერს (და არამხოლოდ, 90–იანებზე) თუმცა სტილთა სხვადასხვაობა მოგონებებს საერთოდაც არ უშლის ხელს იმაში, არქიმედეს კანონი საკუთარ თავზე რომ გამოსცადონ (ანუ, თუ კვლავ ადამიანურ ენას მივმართავთ – „ამოტივტივდნენ“).

„სანთლის ქალაქიდან“ „სინათლის ქალაქში“ თუ გადმოვინაცვლებთ შეგვიძლია ლაშარელას ბლოგს ვესტუმროთ და რამდენიმე თანამედროვე სადღეგრძელოსაც  გავეცნოთ. ასე მაგალითად: „ეს იმ კაცს გაუმარჯოს, ფრენდ ლისტში პალიკო კუბლაშვილიც რომ ჰყავს და გუბაზ სანიკიძეეეეცო“.

სადღეგრძელოდან ისტორიების გახსენებამდე ერთი ნაბიჯია (ან რამდენიმე ჭიქა), ამიტომ დროა ალავერდს გივილოსთან გადავიდეთ და მისი მორიგი ისტორია წავიკითხოთ. ედემის ლეღვი თხუთმეტი წლის ბიჭის „ვნებებსა და მის ფატალურ შედეგებს“ ეხება, კარგი სიუჟეტური ხაზი (როგორც ვინმე ამაღლებული კრიტიკოსი იტყოდა) აქვს და წერის ადვილად აღსაქმელი სტილი ახასიათებს. მოკლედ, კარგი წასაკითხია რა.  

 მთლად თხუთმეტი წლის აღარ მაგრამ, ბიჭის ვნებებზე ანრი ბეილის ახალ პოსტში შეიძლება წაიკითხოთ. შინაარსობრივად რაიმე განსაკუთრებულის მატარებელია – მეთქი, ვერ ვიტყვი, უბრალოდ მათთვის, ვინც უიღბლო სიყვარულების მთელ კასკადს ადევნებდა თვალს, Just Loved (კიდევ ორ ინგლისურ სიტყვას თუ გამოვიყენებთ), ერთგვარ Happy End-ად შეიძლება ჩაითვალოს.  

შემდეგ პოსტამდე კი შეგვიძლია ტაქსით გავემგზავროთ, რომელსაც აუცილებლად წვერგაპარსული მძღოლი უნდა მართავდეს. მიზეზი მარტივია: „აბა უცხოელი რომ ჩამოვა, სირცხვილი არაა ვიღაც გაბურძგნულ ტიპს ჩაუჯდეს მანქანაში? იმ უცხოელს ხომ რუსული პროპაგანდა ისედაც სულ მუქ ფერებში უხატავს აქაურობას? ჰოდა ჯერ ილუმინატორიდან რომ გადმოხედავს და ჩაბნელებულის ნაცვლად გაჩახჩახებულ საქართველოს იხილავს, მერე დახვდება აეროპორტი,  რომელიც ამსტერდამსაც ჯობია და მიუნჰენსაც, მერე კარგად გაპარსული, ინგლისურად მოლაპარაკე ტაქსისტი გაიყვანს ბუშის ქუჩით ილუმინირებულ რუსთაველზე და ბოლოს ამდენ მსოფლიო ბრენდის სასტუმროებს რომ დაინახავს, სულ გამოსირდება – ეს რა მაგარი ქვეყანა ყოფილაო.“ ინიციატივა – პრეზიდენტს ეკუთვნის, პოსტი – დავით ზურაბიშვილს. სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის მსუბუქი ირონიითაა დაწერილი და იმდენად სასიამოვნო წასაკითხია, რომ ადგილის ქონის შემთხვევაში, იქიდან „ბარე 3–4 მონაკვეთს კიდევ გადმოვაციტირებდი“. ეჰ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ოპოზიციისათვის ადგილი აქაც რომ არ რჩება.

ტაქსი ერთ სასიამოვნო (ქალებისთვის) და უსიამოვნო (მიხვდებით ვისთვისაც) პოსტზე მინდა შევაჩერო. „ქალები უფრო მაგრები ვართ“  განსხვავებული სქესის მქონე არსებათა ტვინებს შეეხება და ერთ–ერთის უდავო უპირატესობაზე მიუთითებს (აქ ჩემი სუბიექტურობა ცდილობს ჩემივე ობიექტურობას ხელიდან დაუსხლტეს და საკუთარი აზრი გამოთქვას, მაგრამ ობიექტურობა მტკიცედ სდგას). Killer-ი  მეცნიერულ ცდებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მამრობით სქესს, მდედრობითისაგან განსხვავებით, ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება არ შეუძლია, რაც იულიუს კეისრის სქესში ეჭვის შეტანის რეალური საფუძველი შეიძლება გახდეს.

 ეჭვის თემა ფიგურირებს გურამის  პოსტშიც, რომელიც რელიგიას, მეცნიერებასა და ცრურწმენებს ეხება. „მე და ღმერთი“ საინტერესო („საყვარელი“–ვით უნივერსალური სიტყვაა ეს, ყველაფერზე მიდის) ნააზრევია, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის ჭრილში (რა ოფიციალური სიტყვებია) არ უნდა განიხილებოდეს და თუ ტენდენციას დავაკვირდებით (საფუძვლიანად, რა თქმა უნდა), ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილის პოზიციასაც ემთხვევა.

 თუმცა, ახალგაზრდობა რომ ამოსავალი წერტილი არ უნდა გახდეს ქარჩავას პოსტშიც კარგად ჩანს. „სადაური იყო ილია ჭავჭავაძე?“ თბილისელი მოზარდების სტერეოტიპულ აზროვნებაზე მიუთითებს, რისი დასტურიც პოსტის სათაურში დასმული შეკითხვის პასუხებშიც შეგვიძლია დავინახოთ: „ილიაც და აკაკიც თბილისელები იყვნენ, სხვანაირად მათი ძეგლი არ დაიდგმებოდა რუსთაველზე“ „რა თქმა უნდა, თბილისელი იყო! აბა, მაგალითად, ის რომ ყოფილიყო… (ფიქრობს), იქაური რა… ხაშურელი! ერის მამა ხომ ვერ გახდებოდა?“. მოკლედ, მეტად საჭირბოროტო (და რეკომენდირებული) პოსტია და ღირს დაფიქრებად. 

  დაბოლოს, „ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდებაო“ – ბრძენ წინაპრებს უთქვამთ ერთხელ. მეც სხვა არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ კლავიატურა გადავდო და „მომავალ წაკითხვამდე“ დაგემშვიდობოთ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი