ტექნოლოგიები

ვირტუალური მიხეილ სააკაშვილი

2 სექტემბერი, 2010 • 1497
ვირტუალური მიხეილ სააკაშვილი

 

მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე
მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე

ფეისბუქზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს, რომლის სახელია მიხეილ სააკაშვილი და რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სიახლეებს, ასევე მთავრობის წევრების ფოტოებს აქვეყნებს, აღნიშნულ სოციალურ ქსელზე 4909 მეგობარი ყავს. არის თუ არა ვირტუალური მიხეილ სააკაშვილი თავად პრეზიდენტი სააკაშვილი? ამ კითხვით ნეტგაზეთმა პრეზიდენტის პრესსამსახურს მიმართა.

”ზოგჯერ ჩვენზე ოპერატიულიც არის”, ამბობს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი ნათია ბანძელაძე ფეისბუქზე დარეგისტრირებულ მიხეილ სააკაშვილზე და ეცინება.

მომხმარებელი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე როგორც სიახლეებს, ასევე ფოტომასალას ათავსებს.  30 -მდე ფოტოალბომიდან უმრავლესობა მთავრობის წევრებზეა. ბოლო ფოტოალბომი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეზეა და მასში 57 ფოტოა განთავსებული. ბოლოსწინა ალბომები შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას, პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძეს და სხვებს ეძღვნება. ჩამონათვალში პირველი ლედის ფოტოალბომსაც შეხვდებით.

სააკაშვილი ხშირად ფეისბუქის ონლაინ ჩათშიც ჩანს, თუმცა არავის პასუხობს. არ პასუხობს არც მის გვერდზე დაწერილ კომენტარებს და პოსტებში გაკეთებულ  სიყვარულის ნიშნებს -გულებს.

ნათია ბანძელაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის პრესსამსახურს ამასთან არავითარი შეხება არ აქვს: ” პრესასმახური არ აახლებს მას (მომხმარებელ მიხეილ სააკაშვილის პროფაილს ფეისბუქზე)”.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად პრესამსახურისთვის არავის დაურეკავს, ამიტომაც გაუკვირდათ. 

შესაძლებელია თუ არა, თავად პრეზიდენტი პოსტავდეს? ბანძელაძე ამბობს, რომ  პრეზიდენტთან არ გადაუმოწმებიათ: ”პრეზიდენტი პირადად რას აკეთებს და გახსნილი აქვს თუ არა თავისი ფეისბუქი, ამაზე უძლური ვარ, პასუხი გაგცეთ”.

მომხმარებელი, რომლის შესახებაც ნეტგაზეთმა პრეზიდენტის პრესსამსახურს  ჰკითხა, ფეისბუქზე ქართული უნიკოდითაა დარეგისტრირებული. გარდა ამისა, ამ სოციალურ ქსელზე კიდევ ერთი მიხეილ სააკაშვილს იპოვნით – ინგლისური შრიფტით, რამდენიმე გვერდს (page).

ერთ–ერთი გვერდი, რომელიც ფეისბუქის 21 ათასზე მეტ მომხმარებელს მოსწონს, ახლდება ქართულ და რუსულ მედიაში გამოქყვენებული სტატიების ლინკებით. თუმცა 7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი აქ ასეთ რამესაც წერს: Mikheil Saakashvili ღმერთო, გაანათლე სამშობლოს თავისუფლებისათვის შეწირულ გმირთა უდრეკი სულები!

პრესსამსახური არც ამ გვერდს აახლებს. ნეტგაზეთის კითხვაზე,  აპირებს თუ არა იგი მომავალში პოპულარულ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გახსნას პრეზიდენტის გვერდი და  ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენოს, ნათია ბანძელაძე პასუხობს:

”ჩვენ გვაქვს პრეზიდენტის ვებ გვერდი და  ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად აქტიური გავხადოთ. ბოლო რამოდენიმე კვირაა ინტენსიურად ვდებთ ყველა ინფორმაციას პრეზიდენტის ვიზიტებზე, ასევე უცხოურ პრესაში საქართველოსა და პრეზიდენტზე გამოქვეყნებულ სტატიებს, რომლებსაც ვთარგმნით.  აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, რადგან ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაა, უფრო უპრიანია,  რომ გამოვიყენოთ რეალურად ის საიტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ანუ უფრო ოფიციალური საიტი”.

მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე პირველ პირში წერს
მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე პირველ პირში წერს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი