ტექნოლოგიები

გუგლის ქართულენოვანი თარჯიმანი

16 ივნისი, 2010 • 2161
გუგლის ქართულენოვანი თარჯიმანი

 ცოტა ხნის წინ ინტერნეტში მეტად საინტერესო ვიდეო აღმოვაჩინე. ამ მოკლე სიუჟეტში გუგლის ახალ სერვისზე იყო საუბარი, რომლის საშუალებითაც ცხოველთა ენიდან ადამიანთა ენაზე გადმოთარგმნაა შესაძლებელი. ვიდეოდან ჩანდა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად არის. მობილურზე ჩაიწერთ ცხოველის ხმას, მერე ამ ჩანაწერს აგზავნით სერვერზე, იქიდან კი შესაბამისი თარგმანი მოგდით. დაუჯერებელია არა? აი ლინკი, ჩემი თუ არ გჯერათ:.

აი ამ უცნაური სერვისის ვებგვერდი, დაწვრილებითი ინსტრუქციითა და განმარტებებით:

ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი დაუჯერებელი რამ მოხდა. რა თქმა უნდა, გუგლის მთარგმნელი პროგრამა ბუნებრივი ენებისათვის დიდი ხანია წარმატებით მუშაობს. დაუჯერებელი ახალი ამბავი კი ის არის, რომ ამას წინათ გუგლმა ამ თავის სერვისს კიდევ ერთი ენა დაამატა – ქართული. აი შესაბამისი ნიმუშიც.

როდესაც ჩემმა მეგობარმა მომწერა, გუგლმა თარგმანებში ქართული ენაც დაამატაო, მაშინვე სხვადასხვა ექსპერიმენტი წამოვიწყე. გაირკვა, რომ ქართული ენა არც ისე კარგად ყოფილა ინტეგრირებული გუგლში. აკი თავად სერვისის მესვეურთაც მიუწერიათ GEORGIAN-ის გასწვრივ ALPHA-ო. ანუ ქართულენოვანი თარჯიმანი ჯერ დამუშავების სტადიაში არისო. თარჯიმნის შემქმნელები გულახდილად აღიარებენ, რომ “გასაკეთებელი კიდევ ბევრია” და მოხალისეებსაც ეძებენ სერვისის გასაუმჯობესებლად. ამის შესახებ, მაგალითად, გუგლის შესაბამის ბლოგზეც წერია, მაგრამ ისიც, რაც გაკეთდა, უდავოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. მადლობა გუგლს.

ამ ყველაფრიდან კი მარტივი მორალი გამომდინარეობს. სამწუხაროდ, ქართული ენა ჯერჯერობით კომპიუტერში მაინცადამაინც კარგად ვერ არის ინტეგრირებული. აკი თარჯიმანი ცხოველთა ენიდან  ქართულ თარჯიმანზე უფრო ადრე გაჩნდა გუგლის სხვადასხვა სერვისებს შორის. არადა თავად კომპიუტერი სულ უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მარტივი გამოსათვლელია ისიც, რომ ის ენები, რომლებიც კომპიუტერში, ელექტრონულ მოწყობილებებში არ ინტეგრირდებიან გამოუსადეგარნი გახდებიან და ბოლოს მოკვდებიან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი