ტექნოლოგიები

ვნებათაღელვა ქართულ კიბერსამყაროში

9 ივნისი, 2010 • • 2834
ვნებათაღელვა ქართულ კიბერსამყაროში

ერთი კვირის წინ ქართულ კიბერსივრცეში ახალი ფორუმი – www.forumge.ge – გაიხსნა. ვიზუალური თვალსაზრისითა და თემების წყობით, ასევე დასახელებით, ახალი ფორუმი  ძველი ფორუმის – www.forum.ge – იდენტურია. შეიძლება ითქვას, მის კლონს წარმოადგენს. სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთი მსგავსების ფაქტმა შესაძლებელია მხარეებს შორის დავა გამოიწვიოს. მაგრამ ფორუმ.გე-ს ადმინისტრატორი და მფლობელი თემურ ხაინდრავა ამბობს, რომ „თუ ადამიანი მონდომებს, შეუძლია უჩივლოს. მეორე მხრივ, თუკი ასე მოვიქცევით, მათ რეკლამას გავუკეთებთ. ამიტომ ჯობია საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება“.

სხვადასხვა მიზეზით ფორუმ.გე-თი ინსპირირებულ ადამიანებს ქართულ ინტერნეტ-ქსელში არაერთი ახალი ფორუმი გაუხსნიათ, თუმცა, თვალშისაცემად იდენტური არასოდეს. პლაგიატობას ახალი ფორუმის შემქმნელები მომხმარებლისთვის ნაცნობი და ამდენად კომფორტული გარემოს შექმნით ხსნიან. ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროგრამისტი დავით საძაგლიშვილი ირწმუნება, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ახალი ფორუმი გაუმჯობესებული და დახვეწილი იქნება. ვებ-გვერდის შექმნის მთავარ მიზეზად იგი ინტელექტუალური ფორუმის ჩამოყალიბების სურვილს ასახელებს და უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ახალი ფორუმის გახსნას პოლიტიკური სარჩული აქვს.

თუმცა, ინტელექტუალური ფორუმის სიკეთეებზე საუბრისას, დავით საძაგლიშვილი არც პოლიტიკაზე საუბარს უვლის გვერდს. „ფორუმზე თავისუფალი აზრი არანაირად არ შეიზღუდება. ყველას შეეძლება შემოსვლა და თავისი აზრის დაფიქსირება“, – ამბობს იგი და ფორუმ.გე-ს მომხმარებელთა უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს. მისი აზრით, თემები იქ პოლიტიკური მოსაზრებებით იბლოკებოდა, პროსახელისუფლებო მოდერატორები ოპოზიციური შინაარსის თემებს ხურავდნენ.

იმ მოსაზრებას, რომ ახალი ფორუმი ოპოზიციურად გაწყობილ მოქალაქეთა ვირტუალური თავშეყრის ადგილი იქნება, არც დავით საძაგლიშვილი ეთანხმება და არც სუპერ-მოდერატორი ელი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. თუმცა, ელი ფიქრობს, რომ ფორუმ.გე-ს მოდერატორები პოლიტიკური ნიშნით მიკერძოებულები და არანეიტრალურები არიან, რომ ისინი ოპოზიციონერ მომხმარებლებს კომენტირების საშუალებას უზღუდავენ.

თემურ ხაინდრავა აცხადებს, რომ „მოდერატორები ფორუმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ნებისმიერი თემის დახურვა, გადატანა, გაერთიანება და ა.შ. ფორუმის პოლიტიკას ემსახურება. შეიძლება ვინმე პოლიტიკურ სარჩულს ხედავდეს იმ ფაქტში, როცა ერთსა და იმავე საკითხზე გახსნილი 30 თემა ერთიანდება“.

ფორუმ.გე 2001 წლიდან არსებობს და მას ყოველდღიურად დაახლოებით 22 ათასი უნიკალური მომხმარებელი სტუმრობს. ნეტგაზეთი რამდენიმე მათგანს ელაპარაკა. მათგან უმეტესობა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტს იმ თარიღად მოიხსენიებს, როცა თბილისის ფორუმის (ფორუმ.გე) პოლიტიკა შეიცვალა. ომის დროს ფორუმი რამდენიმე დღით დაიხურა. მომხმარებლების ნაწილი ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფორუმზე კონტროლის დაწესებას უკავშირებს. ნაწილი ასე არ ფიქრობს, მაგრამ მიიჩნევს, რომ 2008 წლის ზაფხულის შემდეგ სოციალურ ქსელში პერიოდულად, პოლიტიკური მოსაზრებით თემების დახურვა დაიწყო.

მიშა სვანიძე, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკის განყოფილების აქტიური წევრი არ არის, იხსენებს: „ადრე მეტად ხდებოდა თემების დახურვა, ახლა მგონი ნაკლებად. ოღონდ ეს შეფარული იყო – რიტორიკით და ხუმრობებით ინიღბებოდა. პირდაპირ არავინ ამბობდა, რომ თემა ოპოზიციური შინაარსის გამო იხურებოდა“. ირაკლი შენგელიას, ასევე პოლიტიკის სექციის მომხმარებელს, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს: „არ ვიცი, რამდენად ობიექტური შეიძლება ვიყო, მაგრამ არასდროს შემინიშნავს, რომ ვინმე პოლიტიკურ ნიადაგზე დაესაჯათ, ბანი დაედოთ ან თემა დაეხურათ“. ლევან ძნელაძე, რომელიც მისივე თქმით, ხელისუფლებასთან ასოცირებულ მომხმარებელს არ წარმოადგენს და გარკვეული ხნის მანძილზე მელომანიის განყოფილების მოდერატორი ყოფილა, ფიქრობს: „თუ წესების დაცვით მოქმედებ, არ მგონია, ვინმემ თემა დაგიხუროს. როცა მოდერატორი ვიყავი, ზოგჯერ ბრალდებებს მიყენებდნენ, რომ თურმე რაღაც ჯგუფი არ მომწონს და ამიტომ თემას ვხურავ. ფორუმს ძალიან მრავალფეროვანი მომხმარებელი ჰყავს და ვერ გაიგებ, ვის რა ხუშტური აქვს. თანაც, ძალიან ბევრი არასრულწლოვანია და ანგაჟირებულები არიან“. იგივეს აცხადებს მომხმარებელი მეტსახელად სპინოზა, რომელმაც 31 მაისს ფორუმის ოპოზიციურად განწყობილ წევრებს ერთთვიანი ბოიკოტისკენ მოუწოდა: „მსგავსი რამ  არასდროს შემიმჩნევია. ფორუმი საკმაოდ დემოკრატიულია, რის გამოც პოპულარობით სარგებლობს“.  

სპინოზას მიერ ინიცირებული ბოიკოტის მიზეზი, მისივე სიტყვებით, ფორუმის პოლიტგანყოფილებაში დღევანდელი ქართული პოლიტიკური მოდელის ასლის გაკეთება იყო, როცა ქვეყანას ერთი პოლიტიკური ძალა მართავს და პლურალიზმის ნაკლებობაა. „ყველაზე დემოკრატიულ ფორუმზე მიკრო ასლის შექმნას, ხელისუფლების ყველაზე აქტიური დამცველებისთვის დღევანდელი ჩიხური მდგომარეობა უნდა ეჩვენებინა“.

პროსახელისუფლებო მომხმარებლების საკუთარ თავთან დიალოგში დატოვების მცდელობით გამოწვეულ ბოიკოტს კი რამდენიმე დღეში ახალი ფორუმის (www.forumge.ge) გახსნა მოყვა. ნეტგაზეთთან საუბარში ერთ-ერთი ბოიკოტისტი მომხმარებელი მეტსახელით chombe ამბობს, რომ „გეგე“ ფორუმელებმა თავისი მიზნების მისაღწევად გამოიყენეს, რადგანაც ბოიკოტისტთა სახელით ადამიანებს ახალ ფორუმში დარეგისტრირებისკენ მოუწოდებდნენ.

ამ წუთისთვის ფორუმგე.გე-ს 309 მომხმარებელი ჰყავს. 4 დღის განმავლობაში საიტზე 777.5 კომენტარი გაკეთდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი