ტექნოლოგიები

ლიბერალები, მარქსისტები და სახლი ფიორდებთან

17 მაისი, 2010 • 1736
ლიბერალები, მარქსისტები და სახლი ფიორდებთან

„კარგი რა, ჰანა, ხომ გაგაფრთხილე, ორჯერ გაგიმეორე, ქოლგა როგორ დაგრჩა სახლში?! დაგავიწყდა დაგავიწყდა, კარგი, მაგრამ გაჩერებიდან სახლამდე 2 კილომეტრი ფეხით რომ არ გაგევლო, არ შეგეძლო?“ – არა, განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ, „დედოფლის ბედნიერებისათვის მებრძოლი პაიკის ბლოგი“ დაბრუნდა განახლებული პოსტებით საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ. მაგრამ რა დროს ეგ არის, ის კი არა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი ბლოგერის, დოდკას ბლოგის  გააქტიურებაც კი არ ყოფილა გასული დღეების  მთავარი ამბავი.

სანამ ილიას  უნივერსიტეტთან თვითგამოცხადებულ ლიბერალებს ექსტერემისტი მართლმადიდებლები „ურჩევდნენ საქმეს“, ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში დებატები ჯანმრთელობისთვის საშიში ხდებოდა და  პირველი „დევნილი“ მწერალი ეკო, იგივე ერეკლე დეისაძე ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს ტოვებდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართული ბლოგოსფერო დღითიდღე იკრებს ძალებს  და ტრადიციულ ჟურნალისტიკას მალე გაუწევს სერიოზულ კონკურენციას. მგონი, არასდროს დაწერილა ქართულ ბლოგებზე ამდენი პოსტი ერთი და იგივე თემაზე. ამ პოსტების პათოსი, ძირითადად, ერთია; არც ლიბერალები და არც მშკ! იმ დღეებში ლიშთოთას ბლოგზე გამოჩნდა ილიას უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე გადაღებული ვიდეომასალა  და კიდევ უფრო პოპულარული გახდა ანინას ბლოგი, რომლის ავტორიც  დეისაძის სკანდალური წიგნის რედაქტორი აღმოჩნდა.

როცა  მღელვარების პირველმა ტალღამ გადაიარა, რამდენიმე ბლოგერი სიტუაციის უფრო მშვიდად გაანალიზებას შეეცადა. ბლოგზე – Je m’appelle Eka, პოსტში: „არც ერთი იყო ლიბერალი და არც მეორე მართ(ლ)მადიდებელი, ანუ რბილი “ლ”–ს გამო ატეხილი აურზაური“  Katieé  შეეცადა ფაქტების თანმიმდევრულად დალაგებას და დასკვნის გამოტანას; „არ არის ეს ქართული საზოგადოება ჯერ მზად ლიბერალიზმის დიდი დოზით მისაღებად, აცალეთ, ნელ–ნელა შეაგუეთ და შეაპარეთ, როგორც ჩვილ ბავშვს აგუებენ ახალ საკვებს, ნელ–ნელა, თითო კოვზით, ერთბაშად ჭამის მერე ან ალერგია ემართება, ან გულს ირევს, ან სულ ცოტა – იჭყანება და ტირის. არ იცვლება მენტალიტეტი, მითუმეტეს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაფუძნებული მენტალიტეტი ასეთი შოკური თერაპიით, არაა ეს ბალცეროვიჩის პროგრამა ან პოლიციის რეფორმა.“

საინტერესო  პოსტია. მაგრამ ამ თემაზე დაწერილ  პოსტებს შორის, ჩემი ფავორიტი, ქართული ბლოგოსფეროს მთავარი მარქსისტის, ნიკუშას პოსტია: „რატომ წავაგეთ მმკ-ს დასჯით. “  ნიკუშა ფიქრობს, რომ ამ დღეებში ლიბერალური იდეების დისკრედიტაცია მოხდა და „ლიბერალად მოინათლა  ყველა, დაწყებული  მარქსისტებით, ანარქისტებით, კომუნიტარიანელებით და ასე შემდეგ და დამთავრებული  ხალხით, ვისაც ორიგინალურობის იდეები ტანჯავთ.“

ნელ-ნელა დეისაძე-მშკ-ს თემა ბლოგებზე დაცხრა და სხვა, უფრო სასიამოვნო შინაარსის პოსტებიც გამოჩნდა. თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ გააქტიურდა როკოს შავ-თეთრი ბლოგი, რომელმაც გვამცნო, რომ გუგლი ქართულს სწავლობს“.   სწავლობს კი არა, ისწავლა. როკო წერს, რომ სერვისით შეიძლება ნებისმიერი ვებგვერდი მომენტალურად ითარგმნოს სასურველ ენაზე, ისევე, როგორც ატვირთული დოკუმენტი მიიღოთ ნათარგმნი სახით. მაგალითად, შეგიძლიათ ნახოთ ევრონიუსის ვებგვერდი ქართულად…“ შეამოწმეთ აბა?!

ამ კვირაში ქართულ ბლოგოსფეროში ახალი ბლოგი, სექსი დიდ ქალაქში“   გამოჩნდა. როგორც ბლოგის ავტორები წერენ, ეს იქნება ბლოგი გახმაურებულ ამერიკულ ტელესერიალზე,  რომლის ერთგვარი თანაავტორი ნებისმიერი მკითხველი შეიძლება გახდეს. თუ როგორ, ამის შესახებ უკვე ბლოგზე გაიგებთ.

ახლა კი ორი კვირის წინ შეპირებულ თემაზე, ბლოგოსფეროს კრიტიკაზე მინდა გესაუბროთ. უფრო სწორედ, მინდა გითხრათ, რომ ასეთი რამ ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ერთადერთი ბლოგი, რომლის ავტორიც ქართულ ბლოგოსფეროს აკრიტიკებდა, გამკილავი   იყო.  ამ ბლოგმა სულ რაღაც ორი თვე იარსება, რამდენიმე კრიტიკული პოსტი დაიწერა, რომელთაგან უკანასკნელი 2010 წლის იანვრით თარიღდება.  მართალი გითხრათ, ვერ ვიტყვი, რომ ამ ბლოგმა მომხიბლა, მაგრამ კარგი წამოწყება იყო.

ხანდახან ბლოგერებიც აკრიტიკებენ  ერთმანეთს. ასეთი პოსტები,  ძირითადად, რეიტინგულია, მაგრამ სხვა ბლოგერების გაღიზიანებას იწვევს. კრიტიკა არავის სიამოვნებს, მაგრამ გაღიზიანების მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ ბლოგერების უმრავლესობა ერთმანეთს  იცნობს, შესაძლოა, ვიწრო წრეში ერთმანეთსაც აკრიტიკებდნენ, მაგრამ საჯაროდ ამის გაკეთებას ერიდებიან.

შესაძლოა, ჯერ ნაადრევიც იყოს კრიტიკაზე საუბარი. ქართული ბლოგოსფერო ახლა ძლიერდება და იქნებ კრიტიკა ხელისშემშლელიც აღმოჩნდეს ბევრი ახალბედა ბლოგერისათვის, მაგრამ ამის დრო მოვა და კრიტიკოსებიც გამოჩნდებიან.

ახალბედა ბლოგერები ვახსენე  და მომავალ კვირას ერთ  ახალ ბლოგს გაგაცნობთ, რომლის ავტორიც არატრადიციული  სექსუალური ორიენტაციის  თინეიჯერია. მანამდე კი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბლოგერის, JoKey -ის პოსტს გადახედეთ, რომელიც გასულ კვირას ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, თუ რატომ, ადვილად მიხვდებით: დღეს ყველაზე გულწრფელად და მეტად მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა. დავსახლდები სკანდინავიაში, ფიორდებთან ახლოს, ხის ქოხში. მეთევზეობით ვირჩენ თავს. შევირთავ იქაურ გოგოს, რომელსაც ინგებორგე ერქმევა. ალბათ, მოფერებით ინგე… წავიკითხავ გაზეთებს და საქართველოს შესახებ ამბებს უსირცხვილოდ გამოვტოვებ, რადგან აქ მომდევნო 20 წლის შემდეგ (ჩემი გეგმა ოც– წლიანია) ოდნავ უარესი სიტუაცია იქნება.  
ინგებორგე დილაობით ფონდიუს და არტიშოკის წვნიანს მოამზადებს. თევზს გავყიდით, რადგან ვეგეტარიანელი ვარ. ჭამასა და საჭმელად დაჭერას შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, მაგრამ მე ორმაგი სტანდარტების ქვეყანაში მიცხოვრია…“

ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ბლოგზე კომენტარის დატოვება მინდოდა, მაგრამ, ცოტა არ იყო, მომერიდა. ჩემი სათქმელი მის ბლოგზე მოგვიანებით სხვამ დატოვა კომენტარის სახით:

„არ გამომყვები ქმრად?“ 

:D

მომავალ კვირამდე!

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი