ტექნოლოგიები

საქართველო კიბერდანაშაულთან ბრძოლის მექანიზმებს აძლიერებს

13 მაისი, 2010 • • 1277
საქართველო კიბერდანაშაულთან ბრძოლის მექანიზმებს აძლიერებს

კიბერდანაშაულის (დანაშაული, რომელიც კომპიუტერისა და ქსელური სივრცის მეშვეობით ხორციელდება) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე თბილისში რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს. სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში” სხვადასხვა ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს კიბერდანაშაულთან ბრძოლაში მიღწეულ შედეგებს უზიარებენ.

კიბერდანაშაულის შესახებ პროექტი 2009 წლის 1 ივნისს დაიწყო. პროექტის ფარგლებში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, ტრეინინგები ჩაუტარდათ სამართალდამცავ ორგანოებს. იგეგმება თანამშრომლობა გამოძიების პროცესში ინტერნეტის მომწოდებელ სერვის პროვაიდერებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის და, ასევე, სპეციალური ქვედანაყოფის შექმნა, რომელიც იურიდიულ რეკომენდაციებს გაუწევს კონვენციის მონაწილე წევრ ქვეყნებს. ცვლილებების  მიზანი საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებაა მსგავს დანაშაულებთან ბრძოლაში.

,,ეს  საერთაშორისო დანაშაულია, ამიტომ საერთაშორისო კონგრესის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. კონფერენცია კანონმდებლობის ორგანიზების საკითხებს, ამ ტიპის დანაშაულის გამოსაძიებლად პროკურორებისა და გამომძიებლების გაწვრთნის საქმეს დაეხმარება და, ასევე, დამნაშავეებს გამოააშკარავებს”,_ განაცხადა ვროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა.

კონფერენციაზე მიმდინარეობს ამ მიღწევების შეჯამება, რათა   შედეგები გაზიარებული იქნას სხვა ქვეყნებისათვის. 

,,ინფორმაციული ტექნოლოგიების მზარდ გამოყენებასთან ერთად ქვეყანაში თანდათანობით იზრდება კიბერდანაშაულის საფრთხე. ამიტომ, სულ უფრო პრიორიტეტული ხდება ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოალა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განხორციელებულმა კიბერ შეტევებმა ეს კარგად დაგვანახა”,_ამბობს გიორგი ვაშაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 

იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა მონაცემთა გაცვლის სააგენტო, რომელიც იმუშავებს უსაფრთხოების სისტემების შექმნაზე.

საკანონმდებლო ცვლილებებზე სპეციალურმა კომიასიამ იმუშავა, სადაც ქართველ ექსპერტებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. ცვლილებები  შევა სისხლის სამართლის კოდექსში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, კანონში ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და  ელექტრონული მაუწყებლობის შესახებ.

14 მაისს პროექტის ოფიციალური დახურვის ცერემონია მოეწყობა. ასევე, ხვალ იგეგმება სამართალდამცავებსა და პროვაიდერებს შორის მემორანდუმის ხელმოწერა.

,,კიბერდანაშაულთან ბრძოლა მათთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნება, ამიტომ ამ მემორანდუმით მათი უფლება-მოვალეობები გაიმიჯნება”,_ამბობს შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამართველოს უფროსი შალვა კვინიხიძე.

საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მზად არის, თუმცა, უცნობია, როდის შევა კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად.

საქართველომ კიბერდანაშაულის შესახებ ევროსამჭოს კომისიას 2008 წლის 1 აპრილს მოაწერა ხელი, რაც მსგავსი ცვლილებების განხორციელების ვალდებულებას გულისხმობს. პროექტს საქართველოში იუსტიციისა და შინაგან საქმენთა სამინისტროები ხელმძღვანელობენ.

ევროპის საბჭოს კონვენცია კიბერდანაშაულის შესახებ  2001 წ. 8 ნოემბერს მიიღეს. ეს კონვენცია არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება ინტერნეტით და სხვა კომპიუტერული ქსელებით ჩადენილი დანაშაულების შესახებ. მისი მთავარი მიზანი არის საერთო კრიმინალური პოლიტიკის გატარება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაცვას კიბერკრიმინალისაგან. განსაკუთრებით სათანადო კანონმდებლობის შექმნის და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზით.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ  საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან, რუმინეთიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდან, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სულ 60 მონაწილე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი