ტექნოლოგიები

ახალი მედია – ძალაუფლების გადანაწილების ახალი მექანიზმი

9 აპრილი, 2010 • 1804
ახალი მედია – ძალაუფლების გადანაწილების ახალი მექანიზმი

დენ მაქქუილანი, სოციალური ინოვაციების ბანაკის იდეის ერთ-ერთი ავტორი, დიდი ბრიტანეთიდანაა – ქვეყნიდან, სადაც, მისივე თქმით, ხალხის ნაწილი ჯერ კიდევ ”აღმერთებს” მონარქიას – ძალაუფლების სიმბოლოს.

 მაქქუილანი ამბობს, რომ ის ”ვერ იტანს” მონარქიას. ერთ დღეს მან იფიქრა, რომ ძალაუფლების ბალანსირება შეიძლებოდა ინსტიტუტებიდან ხალხში გამოდინებით ძალაუფლების  ერთ-ერთი  მექანიზმის – ინფორმაციის საშუალებით.

 ”ზოგჯერ ხალხი ვერ გრძნობს, რომ ინფორმაცია ძალაა, ” ამბობს მაქქუილანი.” ძალა, რომელსაც რაღაცის შეცვლა შეუძლია.”

შუაში: დენ მაქქუილანი
შუაში: დენ მაქქუილანი

 სოციალური ინოვაციის ბანაკი სწორედ ასეთი ხალხის ჯგუფია, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას და სურთ, რომ ის უფრო მეტმა ხალხმა მოიცვას – მოხდეს ინფორმაციის გადანაწილება, რაც, მაქქუინის აზრით, ძალაუფლების გადანაწილებასაც ნიშნავს.

 საქართველოში სოციალური ინოვაციების ბანაკი 9 აპრილს გაიხსნა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ ”მუზაში.” ცენტრის ინტერიერში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან მოვდნენ ვებ-დეველოპერები, უნივერსიტეტის პროფესორები, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას ტრადიციულ და არატრადიციულ – ახალ მედიაზე. ჰოლის მეორე სართულზე ბანაკის მონაწილეები პროექტებს წერდნენ.

 პროექტის კოორდინატორი საქართველოში ანა ქეშელაშვილი ამბობს, რომ რომ ინფორმაცია ბანაკის შექმის შესახებ მან სწორედ რომ ახალი მედიით – ფეისბუკით, ფორუმ-გეთი  გაავრცელა.  მონაწილეებისთვის ეს ფაქტი, ქეშელაშვილის თქმით, ახალი იყო. ანას თქმით, თავიდან 70 იდეა და 120-მდე მონაწილეობის მსურველი შეგროვდა, მათგან კი 6 იდეა და 50 ადამიანი შეირჩა.

 რაც შეეხება იდეების თემატიკას, ის მოიცავდა განათლებას, ჯანდაცვას, ადამიანის უფლებებს, მათ შორის უფლებას ინფორმაციის მოპოვებაზე.

 ექვსი ჯგუფი,  ორი დღის განმავლობაში ამუშავებს პროექტს. მათგან ორი საქართველოდან,  სამი სომხეთიდან  და ერთი აზერბაიჯანიდან. პროექტის გამარჯვებულები ხვალ გამოვლინდებიან. ჟიურის რჩეულს  3 ათასი დოლარი გადაეცემა პროექტის შემდგომი განვითარებისთვის და კონფერენციის მონაწილეების რჩეულს კი – 1500 დოლარი.

 ერთ-ერთი იდეის ავტორის – დათო ჩაგანავას აზრით, ”21-ე საუკუნეში ინფორმაცია მთავარი ძალაა.”  მისი იდეა ეხება სამინისტროებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციების გაცემის სტატისტიკის ბაზის მომზადებას  და მიზნად ისახავს იმ სახელმწიფო სტრუქტურების სიის შექმნას, რომლებიც არ აწვდის ხალხს საჯარო ინფორმაციას. 

 

დავით ჩაგანავა
დავით ჩაგანავა

”როცა ინფორმაცია აკუმულირებულია, იმათ, ვინც ახდენენ ინფორმაციის აკუმულირებას, აკონტროლებენ კიდეც მას, ” -ამბობს ჩაგანავა. ”ინფორმაციის გადინება კი, მისი თქმის, ხელს შეუწყობს ”სისტემის დემოკრატიზაციას.”

 მისი პროექტით დაინტერესებული ადამიანები, ჩაგანავას აზრით, იქნებიან მედიის წარმომადგენლები, ადვოკატები, ძირითადად, ისინი, ვინც ინტერნეტს იყენებს.

 საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაახლოებით 14 პროცენტს აღწევს. თუმცა, მედიის განვითარების სესხების ფონდის ახალი მედიის კონსულტანტის დაგლას არელანესის აზრით, ინტერნეტში ჩართული მობილური ტელეფონიც ინტერნეტ წვდომაა.

 ”რატომაც არა? თუ ამ ტელეფონით ინტერნეტში შესვლა და ინფორმაციის მოპოვება შეიძლება?”- ამბობს არელანესი.

 

დაგლას არელანესი პრეზენტაციაზე
დაგლას არელანესი პრეზენტაციაზე

არელანესის აზრით, ახალი მედიის შემქმნელები შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც სულაც არ არიან პროფესიონალი ჟურნალისტები და არც ჟურნალისტიკის სკოლა დაუმთავრებიათ. ესენი შეიძლება იყვნენ მეცნიერები, მაგალითად, ფიზიკოსები. მისი აზრით, ვერასოდეს შეძლებს ჟურნალისტი ისე კარგად გააშუქოს მეცნიერების მიღწევები, როგორც ამას მეცნიერი მოახერხებს. ამიტომაც,  საჭირო ინფორმაციის მიმწოდებლების პროფესია გაფართოვდეს და მთელი ხალხი მოიცვას.

ეს გამოიწვევს ძალაუფლების გადასვლას ჩვეულებრივ ხალხში, რაც ამართლებს იდეას ბანაკების შესახებ,- ამბობს დენ მაქქუილანი.

 მან არ იცის, კიდევ რამდენ ხანს იარსებებს   მონარქია მის სამშობლოში და რამდენ ხანს მოხდება ძალაუფლების აკუმულირება ამ ინსტიტუტში. თუმცა,  მაქქუილანი  ძალთა  დაბალანსებას ამჯერად კავკასიაში ბანაკების საშუალებით ცდილობს .

მისი თქმით, არც ერთ ქვეყანაში არაა ხელისუფლება ღია, არათუ კავკასიააში.

გასულ წელს ბრიტანელმა ხალხმა მოისურვა, რომ სცოდნოდა, თუ რაში ხარჯავდნენ მისი პარლამეტის წევრები პირად  შემოსავალს. ბრიტანელებს აქვთ კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.

”ხალხმა იფიქრა: რატომ არ შეიძლება, ვიცოდეთ, თუ რაში ხარჯავს ჩემი პარლამენტის წევრი საკუთარ ფულს? ამან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.”

 არც ბრიტანელ  პარლამეტის წევრებს  უნდოდათ ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარება- ამბობს მაქქუილანი.

კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ეს საფრთხეს  ძალაუფლების მქონე ინსტიტუტებისთვის ინფორმაციის  ხალხში გადინება, მაქქუილანი პასუხობს:

 ”გააჩნია. თუ სამთავრობო ინსტიტუტებს უნდათ, რომ ითანამშრომლონ ხალხთან, ეს მათთვის არ იქნება საფრთხე, ეს გამოვა თანამშრომლობა.”

 მაქქუილანის აზრით, გადაჭარბებული იქნება იმის თქმა, რომ ამ ერთ სოციალურ ინოვაციის ბანაკს რეალური ცვლილების განხორციელება შეუძლია. მისი აზრით, მთავარია, რომ ამისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.

 ”ყველაფერი წინაა, ”- ამბობს ის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი