ტექნოლოგიები

”ოუფენ ნეტი” საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის დაგეგმვას იწყებს

17 სექტემბერი, 2015 • • 2276
”ოუფენ ნეტი” საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის დაგეგმვას იწყებს

დაგეგმარების პროცესის დეტალების განსახილველად ”ოუფენ ნეტის” წარმომადგენლები დღეს ადგილობრივ ინტერნეტოპერატორებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენელი, უჩა სეთური პროექტის მთავარ სისუსტედ მის გაუმჭვირვალობას ასახელებს. სეთურის აზრით, პროგრამას ერთიანი სტრატეგია არ გააჩნია. ”ოუფენ ნეტს” არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია ინტერნეტზე მოთხოვნასა და დაგეგმილი პროგრამის მასშტაბების შესაბამისობაზეც.

 

”მთავრი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ პროგრამაში, არის ის, რომ არ არსებობს ერთიანი სტრატეგია. ეს პროგრამა უფრო მნიშვნელოვანია პატარა ინტერნეტპროვაიდერებისათვის და არა მსხვილი კომპანიებისათვის. არსებობს ბევრი დეტალი, რომელიც არ ჩანს. როგორი იქნება ტარიფები, ან როგორ მოხდება დაშვება ინფრასტრუქრუტაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის მოთხოვნის თემა – ვის სჭირდება ინტერნეტი? თუ სახელმწიფოს არ აქვს ელექტრონული სერვისების განვითარების გეგმა და თუ არ მოხდა ყველაფრის ერთად დაგეგმვა, არ მივიღებთ კარგ შედეგს. ჯერ უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რატომ სჭირდება მას ინტერნეტი, უნდა გავზარდოთ მოთხოვნა,” – აცხადებს უჩა სეთური.

 

ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ქაშიბაძე, რომელიც ამავდროულად ა(ა)იპ “ოუფენ ნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, აცხადებს, რომ სტრატეგიული პროექტი ”ინოვაციური საქართველო 2020” დამუშავების პროცესშია. ის მოიცავს ქვეყნის სრულად ინტერნეტიზაციის პროგრამას და მოსახლეობაში შესაბამისი მოთხოვნის გაჩენისათვის დაგეგმილ ღონისძიებებს.

 

”ინოვაციების ცენტრების” ფორმირება რეგიონებში დაწყებულია. წლის ბოლომდე სამი წერტილი შეიქმნება ჭოპორტში, ხარაგაულში და ოზურგეთში. მიმდინარეობს ტრენერების გადამზადება. ამ ცენტრებში მოხდება მოსახლეობის კომპიუტერული წიგნიერების ამაღლება. შეიქმნება სხვადასხვა დისტანციური სწავლების პროგრამები. მსოფლიო ბანკთან ერთად მიმდინარეობს კომპიუტერიზაციის პროგრამა,”- აცხადებს ქაშიბაძე.

 

ამ დროისათვის ”ოუფენ ნეტში” მოსახლეობაში არსებული მოთხოვნის დონე არ შეუფასებიათ და არც ის იციან, რამდენითაა მოსალოდნელი ამ ნიშნულის გაზრდა ინტერნეტიზაციის პროგრამის სრულად ამოქმედების შემდეგ. ამაზე მუშაობას გერმანული კოპანია აგრძელებს. ”დეტეკონის” წარმომადგენელები აცხადებენ, რომ მოთხოვნის ანალიზი, ქსელის დიზაინი და საბოლოო ღირებულების შეფასება დეკემბრის თვემდე მოხდება.

 

ჯერ უცნობია ბანკი ”ქართუს” მიერ გამოყოფილი გრანტის ზუსტი ოდენობაც. როგორც ქაშიბაძე ამბობს, ბანკი პროექტის ყველანაირ ხარჯს დაფარავს, მისი ღირებულების მიუხედავად.

 

ასევე, მარეგულირებელი კომისია დაადგენს პროვაიდერსა და ”ოუფენ ნეტს” შორის თანამშრომლობის პირობებს ქსელის საბოლოო დაგეგმარების შემდეგ: როგორ და ვინ გააკონტროლებს ”ოუფენ ნეტის” მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურას. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ლიტვური პროგრამის მაგალითით ხელმძღვანელობენ. სავარაუდოდ, ”ოუფენ ნეტი” საკუთარ ქსელებს ღია დაშვების პრინციპით გააქირავებს.

 

”ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ფასების შემცირებას ინტერნეტბაზარზე. ასევე, მცირე ინტერნეტპროვაიდერებისათვის ხელშეწყობა პროგრამის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვქმნით ინფრასტრუქტურას და ვეხმარებით პროვაიდერს მივიდეს იმ ადგილებამდე, სადაც მას საკუთარი ძალებით შესვლა ძვირი უჯდება და მისთვის არ არის მომგებიანი,”- აცხადებს ქაშიბაძე.

 

განხილვას ესწრებოდნენ ინტერნეტპროვაიდერები: კომპანია ”სილკნეტისა” და ”დელტას” წარმომადგენლები, თუმცა მათ საკუთარი შეთავაზებების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ა(ა)იპ “ოფენ ნეტი” და საკონსულტაციო კომპანია “დეტეკონი” ფონდ ”ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. პროექტი 2000-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს და მისი მიზანი ინტერნეტქსელების ისეთ დასახლებულ პუნქტებში განთავსებაა, სადაც ინტერნეტპროვაიდერებს დღეს საკუთარი სერვისის მიწოდება არ შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი