ტექნოლოგიები

კვლევა: ანდროიდზე მომუშავე ტელეფონები ერთი მესიჯით შეიძლება დაიჰაკონ

28 ივლისი, 2015 • • 2698
კვლევა: ანდროიდზე მომუშავე ტელეფონები ერთი მესიჯით შეიძლება დაიჰაკონ

როგორც CNN Money-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებლ სტატიაშია ნათქვამი, სავარაუდოდ, ეს არის ყველაზე დიდი ხარვეზი სმარტფონების ისტორიაში, რადგან დაახლოებით 950 მილიონ ტელეფონს აყენებს საფრთხის წინაშე – ანდროიდის მოწყობილობების 95 პროცენტს.


“პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ აანალიზებს ანდროიდი შემომავალ ტექსტურ შეტყობინებას. მანამ, სანამ თქვენ მას გახსნით, ტელეფონი ავტომატურად ამუშავებს შემოსულ მედიაფაილებს, მათ შორის სურათებს, ვიდეოს და აუდიოს. ეს ნიშნავს იმას, რომ malware-ს [ვირუსი] შემცველი ფაილი ტელეფონში მოხვედრისთანავე დაიწყებს მის დაზიანება” –  ნათქვამია Zimperium-ის კვლევაში. ეს არის კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია, რომლის ფოკუსიც სწორედ მობილური ტელეფონებია.


CNN-ის ცნობით, ეს ძალიან გავს ეფლის ჰაკს, თუმცა აიფონების შემთხვევაში შესაბამისი შემადგენლობის ტექსტ-მესიჯს სმარტფონის “გაყინვა” ან მისი გადტვირთვა [რესტარტი] შეიძლებოდა.


“ანდროიდის ეს ხარვეზი ამაზე ბევრად უარესია, რადგან ჰაკერს ტელეფონზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლია”, – წერს CNN და აცხადებს, რომ გუგლმა მათთვის გადაგზავნილ განცხადებაში ზემოხსენებული პრობლემა აღიარა, თუმცა დასძინა, რომ ანდროიდი ჰაკერების წვდომას ტელეფონის ფუნქციებსა და სხვადასხვა აპლიკაციებზე ზღუდავს.


“თუმცა წარსულში ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ჰაკერები ამ ლიმიტების გადალახვას ახერხებდნენ”, – წერს CNN Money.


 

Zimperium აცხადებს, რომ ხარვეზის შესახებ გუგლი დაახლოებით 9 აპრილს გააფრთხილა. 

 

“როგორც წესი, ასეთი სიტუაციაში კომპანიებს 90-დღიანი ვადა ეძლევათ პრობლემის გამოსასწორებლად. ეს არის წესი, რომელსაც გუგლიც იცავს, როდესაც ხარვეზებს სხვების მოწყობილობებში პოულობს. თუმცა მას შემდეგ 109 დღე გავიდა და გამოსწორება ხელმისაწვდომი არ არის. სწორედ ამიტომ საუბრობს ამ საკითხზე Zimperium საჯაროდ”.

 

CNN-ის ცნობით, ახლა საკითხი დგას ამგვარად, რამდენად სწრაფად მოახერხებს გუგლი ამ პრობლემის ყველა მომხმარებლისთვის მოგვარებას. მაშინ, როცა ეფლს ყველა აიფონის სისტემური განახლება შეუძლია, გუგლი ამას ანდროიდზე ვერ გააკეთებს, რადგან მასსა და მომხმარებლებს შორის არაერთი კომპანია დგას, მათ შორის სატელეფონო ოპერატორები:  AT&T და  Verizon, ასევე სმარტფონების მწარმოებლები (სამსუნგი). იმისათვის, რომ მომხარებლამდე აპდეიტი მივიდეს, ყველა ამ კომპანიამ ერთად უნდა იმუშაოს.


“გუგლმა CNN Money-ს განუცხადა, რომ პრობლემის გამოსწორების გზა მან უკვე გადაუგზავნა თავის პარტნიორებს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი