ტექნოლოგიები

როგორ ეხმარებიან Google, Facebook და Microsoft ნეპალში დაკარგულ ადამიანებს

1 მაისი, 2015 • 1434
როგორ ეხმარებიან Google, Facebook და Microsoft ნეპალში დაკარგულ ადამიანებს

Facebook-ის აპლიკაცია Safety Check-ის არსებითი მნიშვნელობა არის ის, რომ საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, დააფიქსირონ საკუთარი ადგილსამყოფელი რაიმე ბუნებრივი კატასტროფის დროს ან მონიშნონ საკუთარი თავი, როგორც ”გადარჩენილი”. პარალელურად, სოციალური ქსელის მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება, გადაამოწმონ, გახდა თუ არა მათი მეგობრებიდან ვინმე იმავე კატასტროფის მსხვერპლი და მიიღონ შესაბამისი ზომები.

 

აპლიკაციის იდეა იაპონელ ინჟინრებს ეკუთნით, რომელიც პირველად 2011 წელს გამოსცადა ფეისბუკმა. ეს იყო ერთგვარი გამოხმაურება იმ დროს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის, რომელმაც ფაქტობრივად უკაცრიელი გახადა იაპონიის სანაპირო.

 

მარკ ცუკერბერგმა, სოციალური ქსელის გუნდთან ერთად, ნეპალელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანიაც წამოიწყო. გარდა საძიებო პროგრამით ტექნოლოგიური მხარდაჭერისა, სოციალურმა ქსელმა მიწისძვრით დაზარალებული ადამიანებისთვის 2 მილიონი დოლარი გამოყო.

 

ცუკერბერგი პირად გვერდზე წერს, რომ ნეპალის მიწისძვრის შემდეგ ჩვენ ვნახეთ საზოგადოება, რომელიც გაერთიანდა და გასაოცარი გზებით ცდილობს ადამიანების გადარჩენას. ”ფეისბუკის” დამფუძნებელის თქმით, Safety check-ში უკვე შვიდ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინიშნა საკუთარი თავი, როგორც ”გადარჩენილი”. მისი ინფორმაციით, სოციალური ქსელის 150 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გააკეთა განახლება და ამით საშუალება მისცა მის ახლობლებს, შვებით ამოესუნთქათ მომხდარის შემდეგ.

 

”ჩვენ საშუალება მივეცით ხალხს, ერთგვარი მხარდაჭერა გამოეხატათ ადგილობრივებისთვის. ორ დღეში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აღმოუჩინეს დახმარება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ინტერნაციონალურ მედიკოსთა კორპუსს, რომელმაც მსოფლიო მოსახლეობის დახმარებით უკვე 10 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მოაგროვა. დაზარალებულების დასახმარებლად ”ფეისბუკი” ადგილობრივ ფონდს 2 მილიონ დოლარს შეწირავს. იმისთვის, რომ სიტუაცია უფრო კრიტიკული არ გახდეს, ასეთი კრიზისის დროს ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ ერთმანეთს და გავერთიანდეთ. დაზარალებულების დასახმარებლად “WatsApp” და ”Messenger” უკვე გამოიყენება ნეპალსა და მის შემოგარენში. დაზარალებულების ადგილმდებარეობის დასაზუსტებლად დამხმარე ჯგუფები ამჟამადაც მუშაობენ ნეპალში. ფოტოებისა და ინფორმაციის გასავრცელებლად ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები იყენებენ ინსტაგრამს,” –  – წერს ცუკერბერგი.

 

სოციალური ქსელის დამფუძნებელი ამბობს, რომ შთამაგონებელია იმის დანახვა, თუ როგორ ერთიანდება მსოფლიო თავისი ნაწილის გადასარჩენად ასეთი კრიტიკული სიტუაციის დროს: ”ჩვენ მადლიერები ვართ, რომ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ნეპალის მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად.”

 



We’ve seen our community come together in some amazing ways since the earthquake in Nepal. We activated Safety Check…

Posted by Mark Zuckerberg on Thursday, April 30, 2015

 

Google person finder უკვე 5 წელია წარმატებით ფუნქციონირებს და თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს “ფეისბუკის” აპლიკაციას. მათ შორის განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია. ეს არის პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, დაუკავშირდნენ მეგობრებს და ოჯახის წევრებს კატასტროფის დროს და ასევე დააფიქსირონ საკუთარი ადგილსამყოფელი. როგორც გუგლის საძიებო სისტემაზეა აღნიშნული, ამ მომენტში ისინი ნეპალის მიწისძვრის შემდეგ მიღებულ 7600 ჩანაწერს ადევნებენ თვალს. თავდაპირველი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა Google-მა მსგავსი პროგრამის შექმნა, იყო ბოსტონის დაბომბვა.

 

 

საძიებო აპლიკაციების გამოყენებას ერთადერთ პრობლემას სატელეკომუნიკაციო სერვისებსა და ინტერნეტზე დაბალი წვდომა ქმნის. ნეპალი ჯერჯერობით იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რიცხვი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია.

 

ნეპალში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად სოციალური ქსელებისა და კორპორაციების საქველმოქმედო კამპანიაში ჩართულია Microsoft-იც. მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია აღნიშნულ კამპანიას ცოტა მოგვიანებით, 27 აპრილს შეუერთდა. კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მაიკროსოფტმა 1 მილიონი დოლარი გამოყო ნეპალში ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა სერვისების გასაუმჯობესებლად. ასევე, დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპანიამ უზუნველყო Skype-ის უფასო სატელეფონო ზარები.

 

“ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, ნეპალში სტატისტიკურად ყოველი 100 ადამიანიდან 77 იყენებს მობილურ ტელეფონს, პლანშეტს ან ტაბლეტს მაშინ, როცა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, ამერიკაში ეს ციფრი 96-ს შეადგენს. როგორც პროგრამების ავტორები აცხადებენ, ეს ფაქტი მიანიშნებს, თუ რამხელა ძალისხმევა და როგორი დაბრკოლებების გადალახვაა საჭირო ნეპალში ადამიანების გადასარჩენად.

 

ნეპალში, დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად 7.9 მაგნიტუდის სიძლავრის მიწისძვრა 25 აპრილს მოხდა. ძლიერი მიწისძვრის შედეგად ნეპალში 7000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი