ტექნოლოგიები

Google-ის ახალი ალგორითმი – პრობლემა მობილურისთვის არაადაპტირებული საიტებისთვის

20 აპრილი, 2015 • • 1509
Google-ის ახალი ალგორითმი – პრობლემა მობილურისთვის არაადაპტირებული საიტებისთვის

21 აპრილს Google-ი მობილურებისათვის ახალ საძიებო ალგორითმს წარადგენს, რომელიც ძიების შედეგებს განხვავებული თანმიმდევრობით დაალაგებს. მობილურიდან ან პლანშეტური კომპიუტერიდან ძიებისას ახალი ალგორითმი პირველად იმ ვებ-გვერდებს შემოგთავაზებთ, რომლებსაც მობილურისათვის განკუთვნილი ინტერფერისი გააჩნიათ  – შესაბამისი ტექსტის ზომა, მობილურის ეკრანისათვის ადვილად მორგებადი დიზაინი და რეზოლუცია. ის საიტები კი, რომლებიც კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ, ძიების შედეგების ბოლო გვერდებზე გადაინაცვლებენ.

 

Google-ის განცხადებით, ონლაინ ძიების 60% მობილური მოწყობილობებიდან  ხორციელდება და სურთ, რომ მათმა მომხმარებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

 

კომპანიამ მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაცია თებერვალში  გაავრცელა და ვებ-დეველოპერებს ინფორმაცია გაუგზავნა 2 თვეში საკუთარი საიტების გასაუმჯობესებლად. მათ, ვინც მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებენ, მობილური საძიებო სისტემიდან გაქრობა ემუქრებათ.

 

საფრთხის ქვეშ არიან ლოკალური მცირე ბიზნესები, რომლებსაც მომხმარებელი, ძირითადად, საძიებო სისტემებით პოულობს. მათ უმეტესობას საკმარისი სახსრები არ გააჩნიათ მობილური პლატფორმებისათვის სპეციალური ვებ-გვერდების შესაქმნელად.

Businessinsider-ის კვლევის მიხედვით, ისეთი ბრენდები, როგორებიცაა American Apparel, The Daily Mail და eBay, შესაძლოა მოსალოდნელი ცვლილების გამო დაზარალდნენ – მათ არ აქვთ Google-ის ახალი ალგორითმის შესაბამისი მობილური ვებ-გვერდები. eBay-მ პროგრამის საცდელი ვერსიის გაშვებისას ძიების შედეგებში პირველ გვერდზე პოზიცია დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი