სამხრეთ კავკასიის ამბებიტექნოლოგიები

2015 წლიდან სომხეთის 344 სოფელს უფასო ინტერნეტი აქვს

9 იანვარი, 2015 • 2515
2015 წლიდან სომხეთის 344 სოფელს უფასო ინტერნეტი აქვს

ამ ინფორმაციას  “კავკაზსკი უზელ”-ი ავრცელებს. სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უკაბელო ინტერნეტი მაღალმთიან და სასაზღვრო სოფლებშია ხელმისაწვდომი, სადაც მცხოვრებლების რაოდენობა 1000 ადამიანს არ აღემატება.

 

როგორც სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა კარენ ჩშმარიტიანმა ჟურნალისტებს განუცხადა,  პროგრამა 1 იანვრიდან ხორციელდება და ხელს უწყობს როგორც ბიზნესსარგებლის მიღებას, ასევე სომხური სოფლების სოციალური დონის ამაღლებას.

 

“2015 წლის განმავლობაში სოფლების მცხოვრებლებს შეუძლიათ ინტერნეტით უფასოდ ისარგებლონ, შემდგომში სავარაუდოდ დაწესდება სიმბოლური გადასახადი”, – განაცხადა ჩშმარიტიანმა.


სომხეთი
სომხეთი


სოფლების ინტერნეტით უზრუნველყოფის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

“ხელშეკრულება დაიდო იმ ოპერატორთან, რომელიც საუკეთესო დაფარვას უზრუნველყოფს  ამა თუ იმ სოფელში”, – განაცხადა საინფორმაციო და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ფონდის “საწარმოების ინკუბატორის” პროექტების ხელმძღვანელმა ჟენია აზიზიანმა.

 

მისი თქმით, პირველ წელს ინტერნეტის გადასახადს დაფარავს კომპანია “ჰარმონია”, რომელმაც ტექნიკის მიწოდებისა და მონტაჟის ტენდერში გაიმარჯვა.

 

“შემდგომში ინტერნეტის გადასახადს, რომელიც წელიწადში 100 000 დრამს არ აჭარბებს, გადაიხდის ადგილობრივი ადმინისტრაცია”.

 

აზიზიანმა ასევე აღნიშნა, რომ ოპერატორებთან შეღავათიან გადახდაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

 

“ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა პროექტის განხორციელებისას არის ის, რომ ინტერნეტის სიჩქარე იყოს მაღალი”, – აღნიშნა აზიზიანმა და დასძინა, რომ 2015 წელს ფონდი პროექტის განხორციელებას გააკონტროლებს.

 

კავკაზსკი უზელ”-ის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა სომხეთის მთავრობას 24 მილიონი ამერიკული დოლარის კრედიტი გამოუყო პროგრამისთვის “კონკურენცია ინოვაციებისა და ელექტრონული საზოგადოების სფეროში”, რომლის მიზანიც სომხეთში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობაა.

 

პროგრამის ფარგლებში აშენდა ტექნიკის პარკები გიუმრიში და ვანაძორში, ასევე განხორციელდა პროექტი “კომპიუტერი ყველასთვის”, რომლის მიზანიც სომხეთის მოქალაქეებისთვის კომპიუტერის და ელექტრონული სერვისებისადმი წვდომის ამაღლებაა.

 

  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი