სამხრეთ კავკასიის ამბებიტექნოლოგიები

ონლაინ ვაჭრობა სომხეთში

13 ნოემბერი, 2014 • • 3512
ონლაინ ვაჭრობა სომხეთში

სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს მონაცემებით, ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 2013 წელს მთელი მოსახლეობის 46% შეადგინა, რაც თითქმის 6%-ით აღემატება 2012 წლის მონაცემს. სამინისტროს ჯერ არ გამოუქვეყნებია 2014 წლის მონაცემები, თუმცა, ინტერნეტსფეროში მომუშავე სპეციალისტების ცნობით, ეს ციფრი წელს 55%-ს აჭარბებს.

 

ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის მუდმივი ზრდა  სომხეთში სულ უფრო მეტ ადამიანს აძლევს შესაძლებლობა ისარგებლონ ელექტრონული მომსახურების სერვისებით. დღეს სომხეთში ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია შეიძინოთ თვითმფრინავის, მატარებლის ბილეთები, გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები, ჯარიმები და უფრო მეტიც, შეუკვეთოთ სადილი ან საჩუქრები დღესასწაულებისთვის.

 

ბოლო დროს სომხეთში ძალიან ბევრი ვებ-გვერდი გაჩნდა, სადაც განთავსებულია განცხადებები სხვადასხვა ნივთების ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ამ მხრივ ყველაზე პოპულარული საიტია List.am, სადაც ყველაფერი მოიძებნება: დაწყებული მუსიკალური ინსტრუმენტებიდან, დამთავრებული სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთებით, განცხადებები უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ და ა.შ. მაგრამ ეს საიტი უფრო შუამავალია, რომელიც აქვეყნებს გასაყიდი ნივთების შესახებ ინფორმაციას, და არა  ონლაინ-მაღაზია, რომელსაც უნდა ჰქონდეს საქონლის კალათა და გადახდის სისტემა.

 

Eli.am-ს საჩუქრების პატარა მაღაზია აქვს ერევნის ცენტრში, სადაც გასაყიდად წარმოდგენილია 700-ზე მეტი დასახელების ნივთი. იგივე ნივთების შეძენა, შედარებით უფრო იაფად, მაღაზიის ვებ-გვერდზე ელექტრონულადაცაა შესაძლებელი, თუმცა მომხმარებლები უფრო მეტად მაინც მაღაზიაში პირადად მისვლას და ადგილზე ვაჭრობას ამჯობინებენ.

 

“სომხეთის მსგავს პატარა ქვეყანაში, სადაც სავაჭრო ადგილების შემოვლა რამდენიმე საათშია შესაძლებელი, მომხმარებლები ნაკლებად მიმართავენ ინტერნეტ-მაღაზიებს, სადაც არსებობს რისკი, რომ მიიღო “რაღაც სხვა” მაშინ, როცა შესაძლებელია თვითონ წახვიდე მაღაზიაში და ადგილზე შეიძინო ის ნივთი, რაც მოგწონს და რისი ყიდვაც გინდა”, – ამბობს ვაძ კაზარიანი, Eli.am-ის თანადამფუძნებელი.

 

მისივე თქმით, მათ საიტზე შემსვლელთა თითქმის ნახევარი რაღაცას ყიდულობს, ხოლო მყიდველების 13% თანხას ბარათით იხდის, დანარჩენები კი – ნაღდი ფულით მას შემდეგ, რაც საქონელს ადგილზე მიუტანენ. თუკი შენაძენი 8 ათას დრამს (დაახლოებით 20 დოლარს) აღემატება, ადგილზე მიტანა უფასოა.

 

“ჩვენ ვთანამშრომლობთ ბანკ “სომხეთთან” (თუმცა გადახდის მოდულები პრაქტიკულად ყველა ბანკს აქვს სომხეთში), რომელიც გვთავაზობს გადახდის სისტემას და უპრობლემოდაა შესაძლებელი მათი მომსახურების ინტეგრირება ჩვენს საიტზე”, – ამბობს ვაძ კაზარიანი.

 

სომხეთში საკმაოდ პოპულარულია menu.am-ის სერვისი. ამ ვებ-გვერდზე ერთადაა თავმოყრილი სხვადასხვა რესტორნებისა და კაფე-ბარების შემოთავაზებები ლანჩების შესახებ. “მენიუ” იღებს მომხმარებლის შეკვეთებს ონლაინ და უზრუნველყოფს პროდუქტის ადგილზე მიტანას. სხვათა შორის, ამ კომპანიას დღესდღეობით ფილიალი (menu.ge) საქართველოშიც აქვს.

 

იმის მიუხედავად, რომ ერევანში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ბუტიკები და მაღაზიები, მათი პოლიტიკა ონლაინ გაყიდვებში საკმაოდ თავშეკავებულია. ამ ბრენდების ადგილობრივ მაღაზიებს არ შეუძლიათ აქ გახსნან ონლაინ მაღაზიები. მათ ამის უფლებას სათაო ოფისები არ აძლევენ.

 

ერევნის მსხვილ სუპერმარკეტებში თუ რაიმე პროდუქტი არსებობს, ყველაფრის ყიდვა შეიძლება ონლაინ sas.am-ისა და buy.am-ის საშუალებით. ამ საიტების საშუალებით შეკვეთების მიცემა ღამის საათებშიც შესაძლებელია.

უცხოური საიტებიდან ონლაინ-შოპინგის კუთხით სომხეთში ყველაზე უფრო პოპულარული საიტებია Ebay, Alibaba.com, aliexpress.com, books.ru. ამ საიტებზე სასურველი ნივთის შეძენის შემდეგ მომხმარებელი ამ ნივთს იღებს ფოსტაში, სადაც გზავნილი საშუალოდ თვეში ორჯერ მოდის.

 

მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი “ამაზონი” სომხეთში ნაკლებად პოპულარულია, რადგან ამ საიტიდან გამოწერილი პროდუქციის სომხეთში დისტრიბუცია არ ხორციელდება. სომხეთის მოქალაქეები, ვისაც სურს რაიმეს ყიდვა “ამაზონზე”, სარგებლობენ იმით, რომ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ცხოვრობს ბევრი მათი მეგობარი და ნათესავი; ისინი თავიანთი ბარათებით ყიდულობენ მათი თანამემამულეებისთვის სასურველ ნივთებს და შემდეგ პირადად უგზავნიან სომხეთში.

 

ვაძ კაზარიანის თქმით, ბევრი მიზეზია იმისა, თუ რატომაა ონლაინ-შოპინგისთვის სომხეთში ბაზარი ჯერ კიდევ საკმაოდ მწირი, თუმცა, ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, მისი აზრით, მთავარია ნდობის პრობლემა: კერძოდ, მსოფლიო გადახდის სისტემები სომხეთს კვლავაც “რისკის ზონად” მიიჩნევენ, სადაც შესაძლებელია თაღლითობა, გავრცელებულია კონტრაბანდა, ხალხი უპასუხისმგებლო გადამხდელია და ა.შ.

 

PayPal-ი ამ რისკებისგან დაზღვეულია, მაგრამ გადახდის ამ პოპულარულ სისტემასთან სომხეთის თანამშრომლობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.

 

“მართალია, ჩვენ შეგვიძლია მივუერთოთ “ფეიფალს” ჩვენი მასტერ ქარდები, ვიზა ქარდები ან მშობლიური “არკა”, მაგრამ ამით ჩვენ მხოლოდ გადახდა შეგვიძლია და არა ფულის მიღება ჯერ”, – ამბობს კაზარიანი.  

 

იმაზე, თუ რამდენად მიზერულია სომხეთში ელექტრონული ვაჭრობის ბრუნვა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ადგილობრივი გადახდის სისტემის Idram-ის მონაცემებით. გასულ წელს მან შეადგინა 3 მილიონი დრამი (დაახლოებით 7 30 დოლარი), რაც ორჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თათევ მადატიანმა ახალი მონაცემების შესახებ ვერაფერი გვითხრა, რადგან მისი თქმით, ისინი ამ ციფრებს წლის ბოლოს ითვლიან.

ამასთან, იგი გაყიდვების ბრუნვის არსებულ მონაცემს აფასებს, როგორც დაბალ მაჩვენებელს, თუმცა მიიჩნევს, რომ ონლაინ ვაჭრობის სფერო სომხეთში საკმაოდ პერსპექტიულია, მაგრამ პერსპექტივებზე საუბარი მომავალში მოგვიწევს.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი