ტექნოლოგიები

საქართველოში CERN–ის მხარდაჭერით სწრაფი გამოთვლითი რესურსი დაფუძნდება

24 ოქტომბერი, 2014 • 1307
საქართველოში CERN–ის მხარდაჭერით სწრაფი გამოთვლითი რესურსი დაფუძნდება

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი ამბობს, რომ ის  ამოცანები, რომლებიც საქართველოში დღეს ვერ წყდება, შეიძლება ამ კლასტერის მეშვეობით გადაწყდეს.


ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, გრიდის კლასტერი ინფორმაციის დიდი ბაზების სწრაფად დამუშავებას უზრუნველყოფს:


“დიდ ბაზებს უნდა სწრაფი დამუშავება, შეიძლება გქონდეს დიდი ბაზა, მაგრამ არ გქონდეს გამოთვლითი რესურსი. საერთაშორისო მონაცემების გარდა, არის მთელი რიგი მონაცემები, რომლებიც ადგილზე დაგვჭირდება, ჩვენ ხომ ადგილობრივი ამოცანების გადაწყვეტაც გვჭირდება”,–თქვა მან.


მისი თქმით, იმ სხვადასხვა მიმართულებას შორის, რომელსაც ეს სუპერ–კომპიუტინგი დაფარავს, ერთ–ერთია ინფორმაცია ბუნებრივი კატაკლიზმების შესახებ


“როდესაც ვსაუბრობთ ბუნებრივ კატაკლიზმებზე, მეწყერებზე და ასე შემდეგ, რაც შეიძლება მეტი სენსორი უნდა გვქონდეს, რომ ინფორმაცია ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდი მოცულობის ინფორმაციას, რომელიც დროულად უნდა აიღო, დროულად გადაამუშავო და დროულად გაატარო შესაბამისი ღონისძიებები,”– ამბობს ფრანგიშვილი.


ის ამბობს, რომ გრიდის კლასტერის დაფუძნება მარტო შესაბამისი ტექნოლოგიის ყიდვას არ ნიშნავს და სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა ჭირდება. თანხების დიდ ნაწილს განათლების სამინისტრო დაფარავს, ნაწილის დაფარვა კი ტექნიკური უნივერსიტეტის სახსრებით მოხდება. რაც შეეხება CERN–ს, ის საკუთარი გამოცდილების საფუძველზე მხარს უჭერს ამ პროექტის განხორციელებას, ასევე აძლევს ქარულ მხარეს საშუალებას, რომ გრიდის გლობალურ ქსელში ჩაერთონ.


გრიდის კლასტერი განთავსდება მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ბაზაზე, რომელიც ტექნიკურ უნივერსიეტში სტრუქტურული ერთეულის სახით შევა. უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ამ ინსტიტუტს კვალიფიციური კადრები ყავს, რომელთაც შეუძლიათ სწრაფი გამოთვლების ალგორითმებისა და  შესაბამისი აპლიკაციების გაკეთება.


24 ოქტომბერს  განათლების  მინისტრი, თამარ სანიკიძე CERN-ის მაღალჩინოსნებსა და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გრიდის კლასტერის დაფუძნებაზე ესაუბრა


“2 წლით მათ გაუგრძელდათ თანამშრომლობა და ამისთვის მიიღეს 4 სამუშაო პაკეტი. ძალაინ მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო პაკეტების განხორციელებაში უშუალოდ ჩართულები იქნებიან დოქტორანტი სტუდენტები, რომლებიც წავლენ, იმუშავებენ, მოემზადებიან და შემდეგ დაბრუნდებიან საქართველოში,”– განაცხადა სანიკიძემ.


როგორც არჩილ ფრანგიშვილმა განმარტა, ეს არის იმიტაციური მოდელების პაკეტები, რომლებიც CERN-ს ჭირდება. მისი თქმით, ამ პაკეტებით ხდება დანადგარების, ასევე, თვითონ პროცესის სიმულაცია.


შეხვედრაზე CERN–ის მეცნიერებმა მზაობა გამოთქვეს, რომ ადგილობრივ პროფესიონალებს კლასტერის შექმნაში დაეხმარონ.


ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე 5 წელია, რაც CERN-ისთვის IT მიმართულებით სხვადასხვა შეკვეთას ასრულებს. გრიდის კლასტერის შექმნა მათი თანამშრომლობის ახალი ეტაპია, უნივერსიტეტს ასევე აქვს მიღებული დაკვეთა მანქანათმშენებლობის მიართულებითაც.

განათლების სამინისტროში თამარ სანიკიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და CERN–ის წარმომადგენლებს საქართველოში გრიდის კლასტერის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვდა.   24.10.2014
განათლების სამინისტროში თამარ სანიკიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და CERN–ის წარმომადგენლებს საქართველოში გრიდის კლასტერის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვდა. 24.10.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი