სამხრეთ კავკასიის ამბებიტექნოლოგიები

ვირტუალური აფხაზეთი მეოთხე თაობის ინტერნეტით

6 ოქტომბერი, 2014 • • 1806
ვირტუალური აფხაზეთი მეოთხე თაობის ინტერნეტით

არის თუ არა დღეს “ფეისბუქში” ჩემი მეგობრების სიაში ალექსანდრ ანქვაბიც კი, ამაშიც არ ვარ დარწმუნებული, რადგან “აფხაზნეტში” ბევრი ანონიმი მომხმარებელია და მათი როლი პოლიტიკურ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია.

 

პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც თავიანთი სახელებით გამოდიან ქსელებში, არის ახალი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ასევე, მისი ყოფილი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაგალითად, მერაბ ქიშმარია, პარლამენტის ბევრი დეპუტატი, სხვა სახელმწიფო მოხელეები და ა.შ.

 

პოლიტიკური ისტებლიშმენტის სოციალურ ქსელში მასობრივად შემოსვლის მიზეზი გახდა მისი პოპულარობა. ინტერნეტმა მოიცვა აფხაზეთის საზოგადოების ყველა ფენა, ჩაითრია პატარა რესპუბლიკის ყველა რეგიონი. აფხაზეთში, სადაც ადრეც ყველამ ყველაფერი იცოდა, ახლა ყველაფერს უფრო სწრაფად იგებენ. საყვარელი სოციალური ქსელი ცალსახად “ფეისბუქია”. როგორც კი ვრცელდება მოარული ხმები, რომ რუსეთმა შესაძლოა ამ სოციალურ ქსელზე წვდომა დაბლოკოს, აფხაზური პრორუსულობა უცებ იხევს უკან – ცხოვრება “ფეისბუქის” გარეშე უკვე წარმოუდგენელია, ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდა თაობისთვის.

 

საკითხის ტექნიკური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. ინტერნეტმა აფხაზეთში შედარებით გვიან შემოაღწია, უკვე 2000-იან წლებში, თუმცა მან ეგრევე მოიტანა მონაცემთა გადაცემის უფრო პროგრესული შესაძლებლობების დანერგვის შესაძლებლობა. ამასთან, უცნაური ერთი რამ არის: მობილური კავშირი 3G სტანდარტით აფხაზეთში რამდენიმე წლით ადრე გაჩნდა, ვიდრე კრასნოდარის მხარეში – იქ მის დანერგვას აფერხებდნენ უსაფრთხოების მიზეზებით.

 

დღესდღეობით კი აფხაზეთში უკვე 4G კავშირი არის, რომელიც საკაბელო კავშირის განვითარებას აზრს უკარგავს. რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხინთბამ “ფეისბუქში” დაწერა: “ჩავრთე “ამობაილის” 4G როუტერი და ბედნიერება მეწვია. სად ვიყავი აქამდე? :)”.

მობილური ოპერატორები, “ამობაილი” და “აკვაფონი” ინტერნეტ-ინდუსტრიის ძირითადი ლოკომოტივია აფხაზეთში. ეს კომპანიები კარგი მაგალითია, თუ როგორ მუშაობს კონკურენცია ეკონომიკაში. თავიანთი მომხმარებლებისთვის ფასების შეთავაზების სფეროში “გააფთრებული ჭიდილის” გარდა, ისინი უმსხვილესი სპონსორები არიან კულტურული და საქველმოქმედო აქციებისა აფხაზეთში. სხვათა შორის, ამ ბიზნესს კარგ სამსახურს უწევენ ტურისტული ნაკადები. როუმინგი აფხაზეთში ძვირია, ამის გამო ტურისტები (საუბარია ათობით და ასობით ათას ადამიანზე) მასობრივად ყიდულობენ ადგილობრივი მობილური ოპერატორების სიმ-ბარათებს. ეს, ცხადია, შემოსავლების არცთუ მცირე ნაწილია.

 

ერთი სტყვით, აფხაზეთში მობილური ინტერნეტკავშირი ხელმისაწვდომია და ბოლო დროს კარგი ხარისხითაც კი, რაც, ცხადია, აისახება ინტერნეტის ყველგან და სწრაფად გავრცელების პროცესზე.

 

ყოფილი ოპოზიცია აფხაზეთში ამას საკმაოდ სწრაფად მიხვდა და ამ რესურსს სრულად იყენებდა. საპროტესტო აქციების ორგანიზება ხორციელდებოდა ინტერნეტითაც, ოპოზიციურმა პრესამ ინტერნეტი აქცია თავისი პროდუქციის გავრცელების ერთ-ერთ ძირითად არხად. ჯგუფები ფეისბუქში, ისეთები, როგორიცაა “არუაა” (ვეტერანების ორგანიზაცია) და “არსმირა” (აფხაზეთის რესპუბლიკის მასმედიის თანამშრომლების ასოციაცია) იქცნენ სრულყოფილ მოედნად ოპოზიციის ხალხთან და ჟურნალისტურ საზოგადოებასთან თანამშრომლობის კუთხით.

 

არ შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ამ პროცესებისგან განზე დარჩა. ალექსანდრ ანქვაბი, როგორც ჩანს, აკვირდებოდა იმას, რაც ხდებოდა ქსელებში. მისი პერიოდული თავდასხმები ოპონენტებსა და პრესაზე (კერძოდ, “ეხო კავკაზას” მიმართ) ამ დაჟინებული ინტერესის აშკარა დემონსტრირებას ახდენდა. მიიღებოდა ზომები ინიციატივების სოციალურ ქსელში გადასასროლად. ერთ-ერთ პოპულარულ აფხაზურ ვებ-გვერდზე “აფხაზ-ავტო” უცებ გამოჩნდა ანონიმური მომხმრებლების კოჰორტა, რომლებმაც დაიწყეს უკიდურესად კრიტიკული მასალების წერა ოპოზიციონერებზე, გადადიოდნენ პიროვნებებზე, ააშკარავებდნენ კომპრომატებს. ოპოზიციამ საპასუხოდ ომი გამოუცხადა ანონიმებს – საქმე იმ მოთხოვნამდეც მივიდა, რომ შეეზღუდათ ამ საიტზე წვდომა (რაც დროებით გაკეთდა კიდეც). ამის შემდეგ ანონიმებმა იმ ზონაში გადაინაცვლეს, სადაც ადრე ოპოზიციას ჰქონდა უპირატესობა – “ფეისბუქში”. მოკლედ, ეს გაკეთდა წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში, როცა უკვე გვიანი იყო.

 

ახალი სახელისუფლებო გუნდი ჯერ ახლა იძერწება. როგორც უკვე ვთქვი, თავიანთი ანგარიშები აქვთ “ფეისბუქში” პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას და ვიცეპრეზიდენტ ვიტალი გაბნიას – ეს უკანასკნელი უფრო აქტიურად მონაწილეობს განხილვებში. აქტიურად დაიწყო ურთიერთობა საზოგადოებასთან სოციალური ქსელებით შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულმა რაულ ლოლუამ, რითიც ეგრევე დაიმსახურა ჟურნალისტების კეთილგანწყობა.

 

რა თქმა უნდა, “ელექტრონული მმართველობის” სრულად შექმნამდე აფხაზეთს ჯერ კიდევ ბევრი უკლია. ჯერ ყველა სამინისტროს არ აქვს ნორმალური მუშა ვებ-გვერდი, სადაც რეგულარულად გამოქვეყნდება მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რაც, სხვათა შორის, გათვალისწინებულია აფხაზური კანონმდებლობით. შესაძლოა, ახალი ხელისუფლება ამ საკითხს მეტი სერიოზულობით მიუდგეს, ვიდრე წინამორბედი.

 

და ცხადია, სასურველი იქნებოდა, რომ აფხაზეთმა შეძლოს თავი აარიდოს იმ პროცესებს, რაც რუსეთში ხდება: ბლოგერების რეესტრის შემოღება, მათი გათანაბრება მასმედიასთან, სოციალური ქსელებისადმი მოთხოვნა, რომ სერვერები განათავსონ რუსეთის ტერიტორიაზე და სხვა ზომები, რაც ზღუდავს ინტერნეტის თავისუფლებას, – ეს ყველაფერი დღევანდელ აფხაზეთში დისკუსიის დონეზეც კი არ არსებობს.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი