სამხრეთ კავკასიის ამბებიტექნოლოგიები

აზერბაიჯანის მთავრობა ინტერნეტს ავითარებს და ზღუდავს

25 ივნისი, 2014 • • 1569
აზერბაიჯანის მთავრობა ინტერნეტს ავითარებს და ზღუდავს
“აზერბაიჯანში არავინ იდევნება პოლიტიკური შეხედულებების გამო. ინტერნეტი თავისუფალია. არ არსებობს არავითარი შეზღუდვა. მოსახლეობის 70% ინტერნეტს იყენებს,” – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთად ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე მიმდინარე წლის მაისში. სახელმწიფოს მეთაურმა ასე უპასუხა უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების შესახებ აზერბაიჯანში.
სეიმურ კაზიმოვი
სეიმურ კაზიმოვი

 

 

ხალედ აგალიევი, მედიის უფლებების ინსტიტუტის (MRI) იურისტი ირწმუნება, რომ პრეზიდენტ ალიევის განცხადება – “მოსახლეობის 70% იყენებს ინტერნეტს” – საკამათოა: “ინტერნეტ-მომხმარებლების 70%-იანი მაჩვენებელი პირველად დასახელდა 2013 წლის დასაწყისში. მანამდე ოფიციალურად ცნობილი იყო, რომ ეს მონაცემი მერყეობდა 35-45%-ს შორის. ეს ის პერიოდია, როდესაც მკვეთრად გაიზარდა წვდომა მობილური ოპერატორების მიერ შეთავაზებულ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Facebook და Twitter. სწორედ ამის შემდეგ განაცხადეს ოფიციალურმა წყაროებმა, რომ მომხმარებლების რაოდენობა 70%-მდე გაიზარდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელებზე თავისუფლად წვდომა შეიზღუდა, მაგრამ ციფრი – 70% აღარ შეცვლილა”.

 

იურისტი დარწმუნებულია, რომ ეს ციფრი ეხება აბონენტების რაოდენობას და “არ ასახავს რეალობას მომხმარებლების რაოდენობის შესახებ იმ თვალსაზრისით, რა კრიტერიუმებსაც მოიცავს ეს ტერმინი”.

 

აზერბაიჯანის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს ცნობით, ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი 70%-ია, თუმცა, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 54%-ია.

 

“აზერბაიჯანის ინტერნეტ-ფორუმის” პრეზიდენტი ოსმან გუნდუზი აცხადებს, რომ სიმართლეს შეესაბამება 70%-იანი მონაცემი:

 

“აქ საუბარია მხოლოდ ინტერნეტზე წვდომაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს ორი მობილური ტელეფონი ან “ტაბლეტი” და თითოეულზე იყენებდეს ინტერნეტს. თუკი ვისაუბრებთ ხარისხზე, მაგალითად, როდესაც საუბარია სწრაფ ინტერნეტზე, ეს ციფრი 40%-ზე მეტი არ იქნება”.

 

გუნდუზის მონაცემებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფართოზოლოვანი (broadband) ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 350 მილიონი მანათი (დაახლოებით 790 მლნ ლარი, დაახლოებით 440 მილიონი აშშ დოლარი) გამოიყოფა “ნავთობის სახელმწიფო ფონდიდან”:

 

“104 მილიონი მანათი (235 მლნ ლარი) წელს უკვე გამოიყო და პროექტის განხორციელება მალე უნდა დაიწყოს”.

 

ამ პროექტის განხორციელების შედეგად მომხმარებლები, რომელთა რაოდენობამაც, გეგმის მიხედვით, 2017 წელს 85%-ს უნდა მიაღწიოს, 10 მეგაბიტი სიჩქარის ინტერნეტით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

 

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სწრაფი ინტერნეტის უზრუნველყოფა ერთ-ერთი მიზანია აზერბაიჯანის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტისა, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანის პირველი სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი განთავსდა ორბიტაზე. თანამგზავრი “Azerspace 1”, რომელსაც მინიმუმ 15-წლიანი ექსპლოატაციის ვადა აქვს, 2013 წლის 8 თებერვალს გაუშვეს ორბიტაზე და მას შეუძლია სამაუწყებლო და საკომუნიკაციო მომსახურებით უზრუნველყოს როგორც მთელი კავკასიის რეგიონი, ისე ევროპის, აფრიკის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

 

ვუგარ რაჰიმზადე, გაზეთ “Iki sahil”-ის (ორი ნაპირი) მთავარი რედაქტორი, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, სწორედ ამ ტექნოლოგიების განვითარებაში აზერბაიჯანის მთავრობის წვლილზე ამახვილებს ყურადღებას, როდესაც Freedom Houses-ის ანგარიშს აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანში ინტერნეტი მხოლოდ ნაწილობრივ არის თავისუფალი.

 

“ის ფაქტი, რომ 2013 წელი გამოცხადდა ინტერნეტისა და კომუნიკაციების განვითარების (ICT) წლად, ამტკიცებს, რომ ჩვენი სახელმწიფოს ყურადღება და ინტერესი მიმართულია ამ სექტორის განვითარებისკენ. “ICT წლის” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ორბიტაზე აზერბაიჯანის პირველი სეტელეკომუნიკაციო ანტენის განთავსება”, – აცხადებს რაჰიმზადე.

 

თანამგზავრული წარმოება არის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სფერო ბიზნესში. ევროპის თანამგზავრული ოპერატორების ასოციაციის მონაცემებით, ამ სფეროში ჩადებული თითოეული ევრო 47-ჯერ მეტ მოგებას იძლევა. “Azerspace 1”-ის ოპერირებით აზერბაიჯანის მთავრობა 420 მილიონი აშშ დოლარის მოგებას ელოდება.

 

აზერბაიჯანის მთავრობა და მასთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ იმ კომპანიებს, რომლებიც ქვეყანას ინტერნეტს აწვდიან.

 

ოსმან გუნდუზის მონაცემებით, “Delta Telecom” – ქვეყნის მთავარი ინტერნეტ-მომწოდებელი კომპანია აკონტროლებს საერთო ინტერნეტ-ტრაფიკის 90%-ს. ბაზარზე მეორე პროვაიდერი კომპანიის, “Azertelekom”-ის წილი ძალიან მცირეა. მთლიანობაში ინტერნეტსერვისის პროვაიდერების რაოდენობა ქვეყანაში 40-ს აჭარბებს.

 

MRI-ის იურისტ აგალიევის თქმით, იმის მიუხედავად, რომ პროვაიდერების უმრავლესობა დე იურე კერძო კომპანიებია, ფაქტობრივად, მთავრობა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიები და კერძო პირები აკონტროლებენ მათ. რეგიონებში ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია “Azertelecom”:

 

“სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია “Bakinternet” არის მთავარი მიმწოდებელი დედაქალაქში. ეს სფერო დახურულია უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც არის განვითარების მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი”.

 

აზერბაიჯანის მთავრობა სოლიდურ ფინანსებს გამოყოფს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარებაში, თუმცა ამ ბიზნესში, ძირითადად, სწორედ მთავრობა და მათთან დაახლოებული პირები მონაწილეობენ. ამის პარალელურად, აზერბაიჯანის ციხეში არაერთი ადამიანი იხდის სასჯელს სხვადასხვა ბრალდებით, რომლებიც, უფლებადამცველების შეფასებით, ინტერნეტში მათი გამოხატვის თავისუფლების გამო ისჯებიან.

აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ აქციის მონაწილე, ფოტო: EPA, 2011 წ.
აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ აქციის მონაწილე, ფოტო: EPA, 2011 წ.

 

უფლებადამცველ რასულ ჯაფაროვის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის 1 აპრილისთვის აზერბაიჯანში 91 პოლიტპატიმარია და მათ შორის, ძირითადად, არიან ჟურნალისტები, ბლოგერები, უფლებადამცველები, რელიგიური ლიდერები და პოლიტიკური აქტივისტები.

 

იურისტი ხალედ აგალიევი ირწმუნება, რომ ინტერნეტ-აქტივისტები ციხეში სხედან, თუმცა ისინი სხვა ბრალდებებით არიან დაკავებული: “როგორც არ უნდა იყოს, ისინი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც სოციალურ ქსელებში კრიტიკული კონტენტი გაავრცელეს და გამოხატეს პროტესტი ხელისუფლების პოლიტიკისა და ხედვების მიმართ სხვადასხვა სფეროში”.

 

რაშად რამაზანოვი ოფიციალურად ბრალდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან  გასაღებაში. რამაზანოვი რელიგიური მიმდევარია, რომელიც აქტიურად პოსტავდა სოციალურ ქსელებში, კერძოდ, ფეისბუქში, სადაც აკრიტიკებდა მაღალი თანამდებობის პირებს, პრეზიდენტის ჩათვლით. ნარკოტიკების შენახვა, რაშიც ის დაადანაშაულეს, ფართოდ გავრცელებული ბრალდებაა აქტივისტების მიმართ აზერბაიჯანში. დაპატიმრების შემდეგ რამაზანოვი უკანონოდ ჰყავდათ განთავსებული შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებაში 11 დღის განმავლობაში. მხოლოდ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ზარების შემდეგ გადაიყვანეს ის ციხეში. ადვოკატმა ასლან ისმაილოვმა განაცხადა, რომ რამაზანოვი გახდა პატიმრობის დროს წამების და ცემის მსხვერპლი. ისმაილოვმა შესაბამის უწყებებში იჩივლა, თუმცა გამოძიება უშედეგოდ დასრულდა. პირიქით, ისმაილოვი თავად იქნა პოლიციის მიერ დაკავებული და მას მოთხოვეს შეეწყვიტა მსგავსი განცხადებების გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავად დაისჯებოდა. ცოტა ხნის შემდეგ კი ისმაილოვი გარიცხული იქნა ადვოკატთა ასოციაციიდან. რამაზანოვს კი, ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის 13 ნოემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. Amnesty International-მა რამაზანოვი სინდისის პატიმრად აღიარა.

 

აბდულ აბილოვი ოფიციალურად ბრალდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან  გასაღებაში. აბილოვი იყო ფეისბუქის გვერდის “Yaltaqlara Dur Deyək” (“Let’s say no to suck-ups”) ადმინისტრატორი, ასევე, სხვა კრიტიკული გვერდების ადმინი სოციალურ ქსელებში. აბილოვმა შექმნა სხვა გვერდი ფეისბუქზე არჩევნების გაყალბების თაობაზე 2013 წლის 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და მას მართავდა დაპატიმრებამდე. ამ გვერდზე ის ფართოდ ავრცელებდა არჩევნების გაყალბების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალებს. აბილოვი 2013 წლის 22 ნოემბერს დააპატიმრეს. მომდევნო დღეს კი მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. პოლიციამ განაცხადა, რომ აბილოვის სახლში, მის ჟილეტში 4 გრამი ჰეროინი აღმოაჩინეს. პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც პირველად გაჩხრიკეს აბილოვის სახლი, ამოიღეს მისი კუთვნილი კომპიუტერი, რამდენიმე საათში კი აბილოვის გვერდი ფეისბუქზე –  “Yaltaqlara Dur Deyək” გაითიშა. აბილოვის დაპატიმრების დღეს მისი სიძე – რამილ აჰადოვიც წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში აჰადოვს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მას პროფაილი ფეისბუქზე, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს და შემდეგში აღარ დაუკითხავთ. 29 ნოემბერს, სასამართლო პროცესზე აბილოვმა ღიად განაცხადა, რომ ფეისბუქზე თავისი პოსტების გამო დააპატიმრეს. მან თქვა, რომ ქუჩაში დაადეს ხელბორკილები და წაიყვანეს სახლში, სადაც პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. აბილოვის თქმით, პოლიციამ დაინახა, რომ მის სახლში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამის მიუხედავად მათ განაცხადეს, რომ ნარკოტიკები აღმოაჩინეს ჟილეტში, რომელიც ერთ-ერთ ოთახში იყო ჩამოკიდებული. აბილოვმა აღნიშნა, რომ მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, სცემეს პოლიციის განყოფილებაში და აიძულებდნენ ხელი მოეწერა აღიარებით ჩვენებაზე. მისი ოჯახის წევრები, ასევე, ადვოკატი ელჩინ სადიგოვი დარწმუნებული არიან, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და აბილოვი ციხეში შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე იხდის სასჯელს.

 

ანალოგიური ბრალდება, რომელიც უკავშირდება ნარკოდანაშაულს, გამოყენებული იქნა არაერთი აქტივისტის წინააღმდეგ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში.

 

2013 წლის 14 მაისს აზერბაიჯანის პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებში, რომელიც ეხება ცილისწამებას და შეურცხყოფას. ოთხი ტიპის სანქციაა გათვალისწინებული ინტერნეტში ცილისწამებისთვის: 100-500 მანათი ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 240 საათის განმავლობაში, გამასწორებელი სამუშაო 1 წლამდე ვადით ან 6 თვემდე პატიმრობა. იმავდროულად შესწორებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღიდან 3 თვემდე გაიზარდა.

მიმდინარე წლის 1 მაისს ამერიკულმა ორგანიზაციამ “Freedom House”-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში – “პრესის თავისუფლება 2014”, რომელშიც აღნიშნულია, რომ მედიის თავისუფლება, რომელიც ისედაც შეზღუდული იყო აზერბაიჯანში, კიდევ უფრო უარესდება. აზერბაიჯანი “არათავისუფალი ქვეყნების” კატეგორიაშია, სადაც გაიზარდა ჟურნალისტებსა და ბლოგერებზე თვალთვალი, დევნა, კვლავ იზღუდება ინტერნეტში სიტყვის თავისუფლება.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი