ტექნოლოგიები

TI: საქართველოს მოსახლეობის ნახევარს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს

14 მაისი, 2014 • • 2180
TI: საქართველოს მოსახლეობის ნახევარს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს

2013 წლის ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის მცხოვრებთა დაახლოებით 30% და სოფლების მაცხოვრებელთა 65% ინტერნეტის გარეშე რჩება, ხოლო სოფლად მცხოვრებ ხანშიშესულთა (56+) 12% ამბობს, რომ არ იცის რა არის ინტერნეტი.

 

ინტერნეტის მოხმარების კუთხით თბილისი ლიდერობს. დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარი ინტერნეტის ყოველდღიური მომხმარებელია. ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის, ამ მხრივ, კარდინალური განხვავებაა. სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების თითქმის ნახევარს არასოდეს უსარგებლია ინტერნეტით, ხოლო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ერთი მეოთხედი ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს. შედარებისათვის, თბილისის ახალგაზრდობის (18-35 წლის) 80% და საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების 60% ყოველდღე სარგებლობს ინტერნეტით.

 

საქართველოს მოსახლეობის მიერ ინტერნეტის გამოყენების სიხშირე
საქართველოს მოსახლეობის მიერ ინტერნეტის გამოყენების სიხშირე

საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევა ამბობს, რომ 18-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ნახევარზე მეტი ყოველდღე სარგებლობს ინტერნეტით, თუმცა ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ადამიანების მეხუთედზე მეტი ინტერნეტს საერთოდ არ იყენებს. უფროსი თაობის წარმომადგენლები ინტერნეტით ნაკლებად სარგებლობენ. 36-55 წლის ასაკის მაცხოვრებელთა ნახევარს და 56 წელზე უფროსი ასაკის გამოკითხულთა 75%-ს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.

 

კვლევის მიხედვით, დასაქმებული ადამიანები უფრო აქტიურად სარგებლობენ ინტერნეტით, ვიდრე უმუშევრები და არააქტიური შრომითი რესურსი (სტუდენტები, პენსიონერები, დიასახლისები). თუმცა შედეგები იმასაც აჩვენებს, რომ დასაქმებულთა ერთი მესამედი ინტერნეტს საერთოდ არ იყენებს.

 

თბილისის მაცვორებლების მიერ ინტერნეტის გამოყენების სიხშირე
თბილისის მაცვორებლების მიერ ინტერნეტის გამოყენების სიხშირე

აღნიშნული კვლევის მიხედვით, ტელევიზიის შემდეგ, ინტერნეტი ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის მიღების მეორე ძირითად წყაროდ რჩება. საქართველოს მოქალაქეთა 20% (ძირითადად, ქალაქის მაცხოვრებლები, ახალგაზრდები, დასაქმებულები და უმაღლესი განათლების მქონენი) ინტერნეტს ინფორმაციის ძირითად წყაროთა შორის ასახელებს. თუმცა უფროსი ასაკის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა (90%), ისევე, როგორც სოფლის მაცხოვრებლები და უმუშევრები, ინტერნეტს ინფორმაციის მთავარ წყაროდ არ იყენებენ, რაც, სავარაუდოდ, ამ ჯგუფებში ინტერნეტის მოხმარების დაბალი მაჩვენებლით უნდა იყოს განპირობებული.

 

გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე პოპულარულ სოცალურ ქსელად Facebook-ს ასახელებს. საქართველოს მცხოვრებთა დაახლოებით ერთი მეოთხედი კვირაში ერთხელ მაინც იყენებს Facebook-ს, დაახლოებით 18% Odnoklassniki-ის მომხმარებელია, ხოლო Twitter-ს მხოლოდ 3% იყენებს კვირაში ერთხელ მაინც.

 

ინტერნტს ყველაზე ხშირად გასართობად მოიხმარენ
ინტერნტს ყველაზე ხშირად გასართობად მოიხმარენ

Facebook-ის პოპულარულობა, Odnoklassniki-თან შედარებით, გაცილებით მაღალია დასაქმებულ ადამიანებს შორის, ამბობს კვლევა. ინტერნეტით მოსარგებლე დასაქმებულთა 85% Facebook-ის მომხმარებელია, Odnoklassniki-ს კი საგრძნობლად ნაკლები დასაქმებული იყენებს. უმუშევარი მოქალაქეები და ასევე ისინი, ვინც არააქტიურ შრომით რესურსს წარმოადგენენ, ერთნაირად სარგებლობენ ამ ორი სოციალური ქსელით.

 

რაც შეეხება განათლების კატეგორიას, არასრული ან სრული უმაღლესი განათლების მქონე პირთა 85%  Facebook-ით სარგებლობს, მაშინ, როცა Odnoklassniki-ს ამ კატეგორიის წარმომადგენელთა შორის ორჯერ ნაკლები მომხმარებელი ჰყავს. უმაღლესი განათლების არმქონე მომხმარებლები არც ერთ სოციალურ ქსელს გამოკვეთილ უპირატესობას არ ანიჭებენ.

 

კვლევა 2013 წლის ბოლოს ჩატარდა. გამოიკითხა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 1918 სრულწლოვანი მოქალაქე. 

Facebook - ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი საქართველოში
Facebook – ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი