ხუთი გამოგონება, რომელიც უსახლკარო ადამიანებს ცხოვრებას უმსუბუქებს

Cardborigami

არქიტექტორი თინა ჰოვსეპიანი ორი წლის წინათ  ნიუ იორკის ფემინისტური  და არა მარტო ფემინისტური მოდუსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე – „ქალი მსოფლიოში“ გავიცანი. „ტოიოტას” მიერ მხარდაჭერილი პროექტი სახელწოდებით  – „ინოვაციის დედა” ამ ყოველწლიური, სამდღიანი კონფერენციის ერთ–ერთი საინტერესო პრეზენტაციაა, რომელიც ხშირად, ასე ვთქვათ, მეცნიერი და არამეცნიერი ქალების გამოგონებებს წარადგენს. როგორც წესი, ამ ინოვაციებს პრაქტიკული გამოყენება უნდა ჰქონდეს არა მარტო აშშ–ში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

თინა ჰოვსეპიანის გამოგონება უსახლკარო, ქუჩაში მცხოვრებ და ბუნებრივი კატაკლიზმების გამო თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ადამიანებს ეხმარება. ავტორი ამბობს, რომ „ყველას აქვს თავშესაფრის უფლება, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების მთავარი შემადგენელია.“ ამერიკისა და არა მარტო ამ ქვეყნის ქუჩებში მცხოვრები ათასობით ადამიანისთვის, რომლებისთვისაც დროებითი კომფორტის შექმნა სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობაა, თინას გამოგონება – „კარბორიგამი“,  ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახდა.

ფოტო: thewomenseye.com

ფოტო: thewomenseye.com

„კარბორიგამი“ სპეციალური, წყალგაუმტარი მუყაოსგან შექმნილი კარავია, რომელიც იკეცება, კომპაქტურია და მოხმარებისას მარტივია. მისი გამოყენება არაერთგზის შეიძლება, ხოლო გაშლისას „გარმონის“ პრინციპით იშლება და საიმედო საშუალებაა, როგორც სიცხისგან, ასევე სიცივისგან თავდასაცავად. ასევე  მისი შეხამება (ფერი, ზომა, დიზაიანი) ლოკალურ გარემოსთან სიტუაციის მიხედვითაა შესაძლებელი და, ამავე დროს, მოდიფიცირების სიმარტივით გამოირჩევა.

არსებობს ასევე ქსოვილის სპეცკარავი WeatherHYDE, რომელიც გამოიყენება სტიქიური უბედურებებისა და ქუჩაში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად, თუმცა, „კარბორიგამისგან“ განსხვავებით, მრავალნაჭრიანია და გაშლისას უფრო მეტ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს.

Lava Mae

სან – ფრანცისკოელი დონის სანდოვალის მიერ 2014 წელს დაარსებული არაკომერციული ორგანიზაცია Lava Mae (ესპანური სიტყვების თამაშით „დამბანეს” ნიშნავს) აწარმოებს საშხაპეებს ბორბლებზე, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს ელემენტარული ჰიგიენური წესების დაცვაში ეხმარება. სანდოვალმა რამდენიმე ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძინა და ასე დაიწყო კალიფორნიაში უსახლკარო ადამიანების ჰიგინური პრობლემების მოგვარება. რეცესიამ და ბინის ქირის გაძვირებამ არაერთი ადამიანი აიძულა, საცხოვრებლად ქუჩაში ანდა საკუთარ ავტომანქანაში გადაბარგებულიყო. სან – ფრანცისკო ნიუ იორკთან ერთად უსახლკაროთა რაოდენობით მეწინავე ქალაქების სიაშია. ასე რომ, ბუნებრივია, ამგვარი საშხაპეები არანაკლებად მნიშვნელოვანია. როგორც ამ ორგანიზაციის დაამარსებელი ამბობს, Lava Mae  ავტობუსების მიზანია არა მარტო სისუფთავე, ადამიანების ღირსების დაცვა, არამედ „რადიკალური სტუმართმოყვარობაც“. ორგანიზაცია იღებს შემოწირულობებს პირადი ჰიგიენის საგნების, საცვლების, წინდებისა და ტანსაცმლის სახით. ორგანიზაციის ვებგვერდზე მოხალისედ დარეგისტრირებაცაა შესაძლებელი.

Lava-mae-17-inline

ფოტო: wired.com

Lava Mae-ს წევრები აცხადებენ, რომ მათი მობილური საშხაპეები ღიაა ყველა კანის ფერის, რასის, სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისთვის. სპეციალური კაბინები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვისაა ადაპტირებული. წყალი და სანიტარია ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების შემადგენელია, ხოლო გაეროს მიერ დაწესებული ტუალეტების საერთაშორისო დღე (19 ნოემბერი) იმას შეგვახსენებს, რომ დღეს მსოფლიოში ორ მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ტუალეტებსა და საშხაპეებზე წვდომა არა აქვთ და ისინი სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ. სუფთა ტუალეტების/ საშხაპეების არსებობა გამართული ეკონომიკისა და ჯანდაცვის საფუძველია. ის ათასწლეულის მდგრადი განვითარების მიზნებს შორისაა და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ პრობლემის სრულად აღმოფხვრას 2030 წლისთვის გეგმავს.

Helping Heart

ჰოლანდიურმა მედიაკომპანიამ N = 5 გამოიგონა ახალი, მაღალტექნოლოგიური საშუალება – „დამხმარე გული“ (Helping Heart)  იმ ადამიანებისთვის, ვინც ქუჩაში ცხოვრობს და ფულს ითხოვს. ეს არის  ზედა მოსაცმელის (ჟაკეტი, კურტკა, ლაბადა) წინა ჯიბის საშუალებით უსადენო გადახდების წარმოების ანუ ციფრული საფულის გამოყენების ტექნოლოგია. ის ტრანზაქციებს ტანსაცმლის წინა ჯიბეში ჩამონტაჟებული სმარტსაკრედიტო ბარათის საშუალებით აწარმოებს.

ფოტო: kerinmarketing.com

ფოტო: kerinmarketing.com

ხშირად გამვლელებს არა აქვთ ნაღდი ფული იმისთვის, რომ მთხოვნელს მისცენ. სპეციალისტები ამას დადებით მომენტად აფასებენ, რადგანაც ნაღდი ფული უსახლკაროთა ჯიბეში კიდევ უფრო ზრდის ე.წ. სოციალური დაავადებების რიცხვს. „დამხმარე გული“ კი ოფიციალური ლიცენზიის მქონე თავშესაფრის გავლით შემოწირულობის უსახლკარო ადამიანის ანგარიშზე დადების საშუალებას იძლევა. ამ სისტემის დადებითი მხარე ისაა, რომ ამგვარ „საბანკო ანგარიშზე“ დარიცხული ფულის გამოყენება შეიძლება მხოლოდ საკვების, საშხაპისა და დასაძინებელი ადგილის საფასურის ასანაზღაურებლად, თუმცა საკმარისი თანხის შეგროვებისას შესაძლებელია ასევე პროფესიული გადამზადების ტრენინგების თუ კურსების საფასურიც დაიფაროს.

PSINet

ქუჩაში მცხოვრები ახალგაზრდები არაუსაფრთხო სექსისა და ნარკოტიკების ზემოქმედების გამო აივ/ინფექციით (შიდსი) დაავადების მაღალ რიკსჯგუფს განეკუთვნებიან. სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ აშშ-ში უსახლკარო ადამიანების თერთმეტი პროცენტი აივ ინფექციის  მატარებელია, ხოლო ქუჩაში მცხოვრებთა შორის შიდსის გავრცელება ათჯერ უფრო მეტი სიჩქარით მიმდინარეობს, ვიდრე სხვა ჯგუფებში.

ფოტო: Health Nut News

ფოტო: Health Nut News

სამხრეთ კალიფორნიის სოცმუშაკებმა და მეცნიერებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც უსახლკარო მოზარდებში შიდსის გავრცელების პრევენციულ ზომებზე ინფორმაციის სწრაფ გავრცელებას უზრუნველყოფს. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ალგორითმი სახელად PSINet  მმართველ ორგანიზაციას ეხმარება არა მარტო ქუჩაში მცხოვრები ახალგაზრდების იდენტიფიცირებაში, არამედ მათ შორს სანდო ადამიანის აღმოჩენასა და შერჩევაში, რომელსაც ასევე შეუძლია სხვა ადგილებში განლაგებულ უსახლკაროებთან კავშირის დამყარება. აღმოჩნდა, რომ ამგვარი ადამიანების მოკავშირეებად გახდომა უფრო ოპერატიული და ეფექტურია, ვიდრე შიდსის პრევენციაზე ოფიციალურად დასაქმებული ადამიანების კარდაკარ სიარული, აგიტაცია და ბუკლეტების დარიგება. PSINet აივ/შიდსის პრევენციაზე მომუშავეთა ეფექტურობას სამოცი პროცენტით ზრდის.

DoNotPay

სტენფორდის უნივერსიტეტის ოცი წლის სტუდენტის, ჯოშუა ბრაუდერის გამოგონება „ჩატბოტი“ DoNotPay (არ გადაიხადო) ერთგვარი ინტერნეტპლატფორმაა, სადაც მომხმარებელს სპეციალურ კითხვებს უსვამენ იმისთვის, რომ გაირკვეს და გამოვლინდეს მისი დახმარების საუკეთესო გზა. „ჩატბოტი“ კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც ინტერნეტში საუბრის იმიტაციას ქმნის და აგებულია კითხვა-პასუხის გაცვლის სქემაზე.

მსოფლიოში პირველი რობოტი-ადვოკატი, რომელსაც ფასიანი ადვოკატირების კონკურენტადაც აღიქვამენ,  ამ ინფორმაციას ამუშავებს იმისთვის, რომ შესაბამის უწყებაში საპრეტენზიო წერილი, საჩივარი ან მიმართვა მომზადდეს, რითაც ადამიანები იურისტის მომსახურებას, რომელიც რამდენიმე ასეული დოლარი ღირს, თავიდან აიცილებენ.

ფოტო: CBS News

ფოტო: CBS News

ჯოშუამ ეს სისტემა ჯერ იმისთვის შექმნა, რომ ადამიანებს პარკირებისას უსამართლოდ გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრების საშუალება უფასოდ ჰქონოდათ და ასევე შესაძლებელი ყოფილიყო საემიგრაციო ფორმების უფასოდ შევსება და გაგზავნა. მან ასევე კონსულტაციები გაიარა, თუ რა ტენდენციები არსებობს უსახლკაროთა თავშესაფრით დაკმაყოფილების სფეროში და რატომ ხვდებიან განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანები (მაგალითად, ფსიქიკურად დაავადებულები) ქუჩაში.

DoNotPay პლატფორმა ასევე იღებს შეტყობინებებს იმის თაობაზე, თუ სად, როდის ასახლებს ბანკი ადამიანებს სახლიდან და როდის ხდებიან ისინი უსახლკაროები. „დუნოტფეი“ აგროვებს ინფორმაციას იმაზეც, არიან თუ არა ადამიანები ოფიციალურად უსახლკაროები და ადგენს იმ მიზეზებსაც, რის გამოც ისინი იძულებული არიან ქუჩაში იცხოვრონ, ჯოშუას გამოგონებას უკვე ემსახურება ათასზე მეტი ადვოკატი-რობოტი, რომელიც სხვადასხვა სფეროშია სპეციალიზიბული, მათ შორის, მიუსაფართა უფლებებზეც.

_____________________________________

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

http://anagi.ge/

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი