turkeyball vs georgiaball, netgazeti.ge

დიდგორი ფეისბუკში – მიმების ომი საქართველოსა და თურქეთს შორის

ფეისბუკში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე წელია პოპულარულობით სარგებლობს “მიმების ომი”, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს საქართველოც. ინტერნეტმომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან ძირითადად პოლიტიკურ, გეოგრაფიულ, ისტორიულ და კულტურულ ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებენ სახუმარო ქარდებს, რითაც საკუთარი ქვეყნის უპირატესობის წარმოჩენასა და სხვა ერების დაკნინებას ცდილობენ.

ფეისბუკ გვერდების სიმბოლოს ამა თუ იმ ქვეყნის დროშის ფერებში გაკეთებული მებრძოლი ბურთები წარმოადგენენ. შესაბამისად, გვერდებსაც ამა თუ იმ ქვეყნის სახელის შემდეგ “Ball” უწერია; მაგალითად, Georgiaball, CANADABALL, RUSSIABALLPOLANDBALL და ა.შ. გვერდების გარდა, ყველა ქვეყანას აქვს დახურული ფეისბუკ ჯგუფი, სადაც თავს უყრიან მოწინააღმდეგე ქვეყნის დასაკნინებელ სახუმარო მასალებს, ასევე, განიხილავენ მის ძლიერ ან საკუთარ სუსტ მხარეებს.

ინტერნეტმომხმარებლები, რომლებმაც ქარდების, ქუბებისა და სხვადასხვა სატირული მასალების კეთებით გაითქვეს სახელი, თანხმდებიან, რომ ყველაფერზე შესაძლებელია ხუმრობა. “მიმების ომშიც” სხვადასხვა ნაციების შესახებ მათთვის სენსიტიურ თემებზე ბევრი მტკივნეული ხუმრობა ქვეყნდება, ხოლო შავ იუმორს საზოგადოების ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს. შედეგად, კრეატიული და ინტელექტუალური ქარდებით ბრძოლა, უბრალოდ, ერთმანეთის ლანძღვა–გინებით სრულდება.

დიდგორი ფეისბუკში

ქართული ონლაინ–არმია ძირითადად მეზობლების დასაკნინებელი ქარდების კეთებით გამოირჩევა და შესაძლოა ეს არც არის გასაკვირი. მიმდინარე წლის ზაფხულში მრავალათასიანმა ქართულმა ფეისბუკის გვერდებმა თურქეთს ოფიციალურად გამოუცხადეს “მიმების ომი”, საპასუხოდ კი არაერთი მტკივნეული ქარდი მიიღეს საქართველოზე. ინტერნეტმომხმარებლის ნაწილს მხოლოდ ის უკვირდა, რომ პირველი მოწინააღმდეგე თურქეთი იყო და არა მოქმედი აგრესორი ქვეყანა რუსეთის სახით.

თურქეთთან “ომი” უკვე დასრულდა. ორივე მხარე თავს გამარჯვებულად ასახელებს, ხოლო ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ხუმრობას გასცდა და ქვეყნებს შორის ისედაც არასასიამოვნო განწყობები კიდევ უფრო გააღვივა.

ქარდების უმეტესობა იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, რომ “ომის” დასრულების შემდეგ, როგორც სხვა ქვეყნების “მიმების ომის” შემთხვევებში ხდება ხოლმე, ერთმანეთთან შერიგება არავინ ისურვა. თურქული გვერდის ადმინისტრატორები მიზეზად ქართველ სპამერებს ასახელებენ, რომლებიც ახლაც ვირუსულად სპამავენ Turkeyball-ს.

ნეტგაზეთი მიმების ყველაზე ცნობილ თურქული ფეისბუკ გვერდის წარმომადგენელს ესაუბრა, რომელიც ადმინისტრატორების საერთო პოზიციას აფიქსირებდა საქართველოსთან “მიმების ომის” შესახებ.

“თავდაპირველად გავაკეთეთ ერთი ქარდი ქართველების მიერ ჩვენი გვერდის სპამინგზე საპასუხოდ, რის შემდეგაც Georgiaball-მა “ომი” ოფიციალურად გამოგვიცხადა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი გართობა, არამედ ეს იყო არასასიამოვნო ჩვენთვის – ორივე მხარემ გამოაქვეყნა შეურაცხმყოფელი რაღაცები, მაგალითად, გარდაცვლილი ჯარისკაცების შესახებ ხუმრობა და ასე შემდეგ. თუ შევხედავთ ამერიკელებისა და კანადელებისას “მიმების ომებს”, ის გაცილებით მეგობრული და მხიარული იყო. ეს დაპირისპირება კი მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ ქართველები გვსპამავდნენ,” – ამბობენ Turkeyball-ის ადმინისტრატორი.

რაც შეეხება “მიმების ომის” დასრულების შემდეგ თურქულ გვერდზევე გამოქვეყნებულ ქარდს, სადაც საქართველო ძაღლთან ასოცირდება, Turkeyball–ის ადმინისტრატორი ამბობს, რომ ეს ხუმრობა პირადად მას არ გაუკეთებია: “შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ მოხარული ვარ ამ “ომის” დასრულებით.”

 

სიმართლენარევი იუმორი თუ სიძულვილი

ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ქართული მიმების გვერდის Softly fried Georgian memes on spit–ის ადმინისტრატორი, დაჩი დანელიშვილი ამბობს, რომ თავად მიმები დასავლური კულტურის პროდუქტია და ის პირველ რიგში კულტურის ჭრილში უნდა განვიხილოთ.

“კონკრეტული შემთხვევის მსგავსი ფაქტები უცხო არასდროს ყოფილა დასავლეთში და ის ყოველთვის დახვეწილი ხუმრობის ხასიათს ატარებდა. გარკვეულწილად, მიმები ადამიანების დაფარულ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებზე საუბრის მცდელობაც არის. უმეტეს წილად მიიჩნევა, რომ კონსერვატორები და მემარჯვენედ მოაზროვნეები ყველაზე კარგად იყენებენ ამ პლატრფორმას, მაგრამ ჩვენმა კონკრეტულმა შემთხვევამ სულ სხვა სახე მიიღო. ეს არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ამით ვინმემ რამე სარგებლის მიღება სცადა. უბრალოდ, ფართო მასებთან წვდომის შემდეგ ამ “ომმა” სიძულვილის გავრცელების ფუნქცია უფრო შეითავსა, ვიდრე სიმარლენარევი ჯანსაღი ხუმრობების,” – ამბობს დანელიშვილი.

როგორც ბევრი ცნობილი მიმის ავტორი ამბობს, საქმე იმაშია, რომ.საქართველოშიც და თურქეთშიც საზოგადოების ძირითადმა ნაწილმა არ იცის, რას ნიშნავს “მიმი” და რა ხასიათს ატარებს ეს პლატფორმა: “ამიტომ ადამიანებმა ეს პირდაპირ შეურაცხყოფად აღიქვეს.”

როგორც დანელიშვილი ამბობს, ქართველმა და თურქმა ახალგაზრდებმა, რომლებმაც კარგად იცის, რა არის მიმი, ამით დიდი სიამოვნება მიიღეს, ხოლო იმ ადამიანებმა, ვისაც წამოდგენა არ აქვს სინამდვილეში ეს ყველაფერი რას ნიშნავს, ვერ მოახერხეს ამ მოვლენის ჯანსაღად აღქმა.

“ასე რომ, ჩვენს საერთო სივრცეში, ყელაფერი, რაც ჩვენს კულტურაში არ არის ცნობილი ან განმარტებას საჭიროებს, სჯობს საერთოდ არ გავაკეთო. ყველა ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს.დაუდგა მხარში, დასავლური იყო და თან ნაწილობროვ სიმართლეც იდო ამ მხარდაჭერაში. დასავლეთში კონსერვატორები კონსტანტინოპოლის სტამბოლად გადაქცევას ვერ ყლაპავენ და იკბინებიან,” – ამბობს დაჩი.

Softly fried Georgian memes on spit–ს ორი ადმინისტრატორი მართავს. როგორც დაჩი ამბობს, მას სურვილი არ ჰქონდა თურქეთის წინააღმდეგ “მიმების ომში” ჩართვის, თუმცა მისმა მეგობარმა ერთი ქარდი მაინც გააკეთა საქართველოს სასარგებლოდ.

გართობა პოლიტიკურ კონტექსტში

თურქეთთან გამოცხადებულმა “მიმების ომმა” სოციალურ ქსელში თითქმის ყველას ყურადღება მიიპყრო, მათ შორის იყო პოლიტოლოგი გიორგი ცხადაიაც. მისი შეფასებით, არავისთვისაა გასაკვირია, თუ რატომ დაუჭირა აზერბაიჯანმა თურქეთს მხარი. ის ასევე განმარტავს, თუ რამ გამოიწვია საქართველოს მხრიდან ასეთი მასშტაბის მობილიზება.

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, საქართველოში საჯარო დისკურსში ანტითურქული განწყობები გამწვავდა იმ ფონზე, როდესაც ბოლო ათწლეულის მანძილზე გაიზარდა თურქული ინვესტიციების და ტურისტების რიცხვი, რასაც ზოგ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აღიქვამს რელიგიურ და ეთნიკურ ექსპანსიად. მისი დაკვირვებით, ამ აღქმას ამწვავებენ ულტრანაციონალისტური ჯგუფები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზებით აწყობთ თურქეთის წინააღმდეგ მობილიზება.

“ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ რუსეთის ინტერესში შედის საქართველოში საზოგადოებრივი განწყობების ისე კონსტრუირება, რომ მთელი აგრესია მისი მოწინააღმდეგის და ნატოს წევრის – თურქეთის წინააღმდეგ გადამისამართდეს, თავად კი გამოჩნდეს, როგორც მართლმადიდებელი რელიგიის და ადგილობრივი ეთნოსების მხსნელი და ერთადერთი პოლიტიკური არჩევანი რეგიონში. ცხადია ყველა ულტრანაციონალისტური ჯგუფი რუსული დღის წესრიგის მიხედვით არ მოქმედებს. ეს ჯგუფები საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ნაწილს აქვთ კავშირები იმათთან, ვინც რუსულ დღის წესრიგს ატარებს. ნაწილობრივ ამითი აიხსნება ქართველი ახალგაზრდების ასეთი აქტიურობა. მეორე მხრივ, ცხადია, რომ ბევრი მხოლოდ გასართობად ჩაერთო ამ ომში და შეიძლება სერიოზული უარყოფითი განწყობაც თურქეთის მიმართ არც ჰქონდეს. ბოლოსდაბოლოს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს თამაშია და ზედმეტი პოლიტიკური ელფერი არ უნდა მივცეთ,” – ამბობს ცხადაია.

პოლიტოლოგს არ ჰგონია, რომ ამ ერთმა ეპიზოდმა რამე გავლენა მოახდინოს, მაგრამ თუ სისტემატური ხასიათი მიიღო ინტერნეტში ქართველი და თურქი თინეიჯერების დაპირისპირებამ, მისი შეფასებით, შეიძლება რაღაც გავლენა ამან რეალურ პოლიტიკაზეც იმოქმედოს მომავალში, თუმცა ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში:

“რეალურ პოლიტიკაში ასეთი (ჯერჯერობით) ზედაპირული განწყობები რომ გადაითარგმნოს, ამას გარკვეული დრო და რესურსები სჭირდება. ასევე, განწყობებიც უნდა იყოს მკვეთრად ჩამოყალიბებული. ერთი “მიმების ომით” ვერ ვიმსჯელებთ ამაზე.”

თურქეთთან დაპირისპირება ბოლოს იმ ფაზაში მივიდა, რომ ძირითადად უკვე გამოყენებული ქარდების გადაკეთებით იყვნენ დაკავებულები; ხუმრობების უდიდესი ნაწილი ქსენოფობიური, რასისტული და ჰომოფობიური იყო, ხოლო ინტელექტუალურული ქარდები, სიმართლენარევი პოლიტიკური და კულტურული კონტექსტით, იშვიათად ქვეყნდებოდა.

“ზოგადად, რატომ არის ხუმრობების დიდი ნაწილი ქსენოფობიური და რასისტული? ხშირად, ასეთი ინტერნეტ “ომები” სამწუხაროდ სულ ქსენოფობიური და რასისტული ხასიათის არის ხოლმე . ეს ცალკე კვლევას საჭიროებს, რატომ არის ესე და ამაზე პასუხი არ მაქვს. ეს ახალგაზრდებიც ამ ინტერნეტ კულტურას პასუხობენ, როდესაც გამოხატვის ფორმებს ირჩევენ,” – ამბობს ცხადაია.

Turkeyball–ის ადმინისტრატორები მიიჩნევენ, რომ სწორად მოაზროვნე ადამიანები სატირის წინააღმდეგნი არ არიან და ამას რეალურ ცხოვრებაზე გავლენა არ ექნება, თუმცა ასე არ ფიქრობს Georgiaball-ის წარმომადგენელი. ის ვარაუდობს, რომ ეს “ომი” საქართველოში ანტითურქულ, ხოლო თურქეთში ანტიქართულ განწყობებს გააღვივებს.  მიუხედავად ამისა, Georgiaball-ის წევრი მიიჩნევს, რომ  ფეისბუკ გვერდების ადმინისტრატორები არავითარ ზღვარს გასცდენილან და ხალხმა უბრალოდ სერიოზულად მიიღო ეს ხუმრობები.

ქართველი ინტერნეტმომხმარებელი, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ "მიმების ომში" მონაწილეობდა, ბიძაშვილმა წაშალა. როგორც თავად წერს, მის ბიძაშვილს თურქი ქმარი ჰყავს.

ქართველი ინტერნეტმომხმარებელი, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ “მიმების ომში” მონაწილეობდა, ბიძაშვილმა ფეისბუკის მეგობრებიდან წაშალა. როგორც თავად წერს, მის ბიძაშვილს თურქი ქმარი ჰყავს.

საქართველოს მხარდასაჭერად შექმნილ ანტიმუსლიმურ ჯგუფში მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი მოითხოვს, რომ უახლოეს მომავალში “ომი” აზერბაიჯანთან გამოცხადდეს, თუმცა Georgiaball-ის ადმინისტრატორის სამიზნე ამჯერად რუსეთია, რადგან დღეს საქართველოს აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.

განახლება: ნეტგაზეთის სტატიას “მიმების ომში” ჩართული ქართველი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ნეგატიურად გამოეხმაურა და გამოცემა არაობიექტურობაში დაადანაშაულა. განვმარტავთ, რომ ჩვენ ერთნაირი კითხვებით მიმართა როგორც თურქულ, ასევე ქართულ გვერდებს; Trukeyball-მა ვრცლად და დეტალურად გასცა ჩვენს ყველა კითხვას პასუხი, რასაც ვერ ვიტყვით Georgiaball-ზე.

ქართულმა გვერდმა საერთოდ არ უპასუხა შეკითხვას, რომელიც “ომის” დაწყების და განვითარებული მოვლენების შეფასებას ეხებოდა, ხოლო თურქულმა გვერდმა ვრცლად აღწერა მთელი ეს პროცესი. ამის გამო, ჩვენ მივმართეთ ქართული “მიმების” ერთ–ერთ ყველაზე პოპულარული გვერდის ადმინისტრატორს, რომელსაც სტატიის დასაბალანსებლად ვთხოვეთ პროცესების შეფასება, თუმცა “მიმების ომში” ჩართული ქართველი ახალგაზრდების ნაწილისთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

მოგვიანებით, Georgiaball ვრცლად გამოეხმაურა იმ საკითხს, რაზეც ჩვენ ვთხოვდით სტატიის გამოქვეყნებამდე პოზიციის დაფიქსირებას. გამოქვეყნებულ პოსტში, ასევე, ნეგატიურად იყო მოხსენიებული ნეტგაზეთზე გამოქვეყნებული სტატია. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ამ გვერდის მთავარ ადმინისტრატორთან, რომელიც, აღმოჩნდა, რომ საქმის კურსში არ იყო, თუ რა პასუხებს გვცემდა მისი გვერდის მეორე ადმინისტრატორი.

როგორც მან განმარტა, თურქი სპამრების რეპორტების გამო ჩამომრთმეული აქვს გვერდის მართვის უფლება, ხოლო ის პასუხები, რომელიც Georgiaball-ის მეორე ადმინისტრატორისგან მივიღეთ, სამწუხაროდ, არ იყო მასთან შეთანხმებული. მან ჩვენთა მიმოწერის დროს დეტალურად მიმოიხილა თურქეთთან “ომი” და მისი შედეგები.

გამარჯობა. Georgiaball-ის მთავარი ადმინი გწერ. ფეისბუკის ექაუნთზე ერთ თვიანი ბანი მაქვს რიგი მიზეზების გამო და გვერდს ვერ ვკაონტროლებდი. თქვენი სტატია ზუსტად გუშინ, გვიან ღამით შევამჩნიე. თავიდან ვიფიქრე ის ნაწილი, რომელიც ჩვენ მოსაზრებას ეხებოდა, თქვენი ფანტაზიის ნაწილი იყო. პასუხებს ახლად დანიშნული ედიტორი გწერდა, რომლის მოსაზრებას თქვენი კითხვების მიმართ არ ვიზიარებ. შეეძლო უფრო ვრცელი პასუხები მოეწერა ან ჩემთვის ეკითხა. გული დამწყდა, რომ მისი პასუხებით ააწყვეთ ამხელა სტატია, რომელშიც ძალიან ნეგატიურად წარმოვჩნდით.”

Georgiaball-ის ავტორი ამბობს, რომ ომი თურქულმა გვერდმა წამოიყო საქართველოსთან, ხოლო გარდაცვლილ ჯარისკაცებზეც ხუმრობა სწორედ თურქულ მხარეს ეკუთვნის, რის გამოც მსოფლიოს არაერთი გვერდის კრიტიკა მიიღეს საპასუხოდ. ის, ასევე, გვიგზავნის თურქი ინტერნეტმომხმარებლებისგან მიღებულ სქრინებს, სადაც ხუმრობების საპსახოდ ზოგიერთი მათგანი მოკვლითაც ემუქრება.

ქართული გვერდის ადმინისტრატორი აღნიშნავს, რომ ხუმრობა ყველაფერზე შესაძლებელია, თუმცა როგორც თურქი, ასევე ქართველი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ამ ყველაფერს ადეკვატურად ვერ იღებს. როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე წელია ინტერნეტში სახუმარო ქარდებს აკეთებს და ქართული მიმ–კულტურის გაუმჯობესებას ცდილობს, ხოლო ამ ყველაფერს ქსენოფობიასთან, ფაშიზმთან, რასიზმთან და ჰომოფობიასთან კავშირი არ აქვს. მისი განმარტებით, პირიქით – ყოველივე მსგავსი რადიკალური გამოვლიენბის მოწინააღმდეგეა.

განახლება II: თურქი სპამერებისა რეპორტების შედეგად, ქართული გვერდი Georgiaball ფეისბუკმა წაშალა. ამის შესახებ ინფორამცია ქართული მიმების გვერდის ადმინისტრატორმა მოგვაწოდა, ხოლო რამდენიმე წუთში Turkeyball-მა გამოაქვეყნა სქრინი – დარეპორტების პროცესში თურქული გვერდიც იღებდა მონაწილეობას.

Georgiaball-ის ადმინისტრატორის თქმით, სავარაუდოდ, თავად თურქული გვერდის ადმინისტრატორები არაპორტებდნენ ქართულ მიმების გვერდებს, რის გამოც ჯერ “ისტორიული მიმები” წაიშალა, ხოლო ახლა მისი გვერდიც. ჯერ–ჯერობით არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა ამ გვერდების აღდგენა. როგორც Georgiaball–ის ადმინისტრატორი ამბობს, მსგავსი რამ თვითონ არასდროს გაუკეთებია “მიმების ომის” მიმდინარეობისას და არც მომხმარებლისთვის მოუწოდებია მოწინააღმდეგე გვერდის დარეპორტებისთვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.