ტექნოლოგიები

პოპულარული ქუბები და ქუბერები საქართველოდან

9 აგვისტო, 2016 • 5311
პოპულარული ქუბები და ქუბერები საქართველოდან

რამდენიმე წელია ქართულ ინტერნეტსივრცეში დიდი მოწონებით სარგებლობს Coub.com. ეს არის GIF-ების განახლებული ვარიანტი, რომელიც გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლევა. საქართველოში ამ საიტს ძირითადად გასართობად იყენებენ, მთავარი დასაქუბი თემებია: პოლიტიკა, სერიალები, ფილმები და სხვა მიმდინარე პროცესები.

COUB-ის შესახებ

ქუბი (Coub) არის 10 წამამდე მოჭრილი ვიდეო, რომელიც ავტომატურად მეორდება. საიტი შესაძლებლობას იძლევა, მოკლე ხანგრძლივობის მომენტებით შექმნათ მოძრავი კადრების ილუზია. პერსონალური კომპიუტერით მუშაობის გარდა, ქუბი ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე. შესაბამისად, ე.წ. ლუპ ვიდეოები შეგიძლიათ მობილურითაც გააკეთოთ.

საიტზე თქვენ შეგიძლიათ გააცოცხლოთ გმირები და შექმნათ დაუსრულებელი ისტორიები. შეაგროვოთ თქვენი საყვარელი ფილმიდან/სერიალიდან ციტატები ან ნაწყვეტები სიმღერებიდან, ტელეშოუებიდან და ვიდეო–პორტალებზე ატვირთული ვიდეოებიდან. ვიდეოს დაამატოთ სრულმეტრაჟიანი აუდიოჩანაწერები, შექმნათ ათწამიანი მუსიკალური კლიპი ან მოჭრათ მისი ორიგინალის ნაწილი. შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთ მომენტები, რომლის ყურებაც დაუსრულებლად გსურთ. გარდა ამისა, საიტზე შესაძლებელია ნებისმიერი ნამუშევრის ყველა კუთხიდან წარმოჩენა.

COUB-ს ძმები ანტონი და იგორ გლადკობოროდოვები ხელმძღვანელობენ, რომლებსაც მოსკოვში მედიაპროექტების შექმნისა და გაყიდვის დიდხნიანი ისტორია აქვთ. საიტი 2012 წელს ჩაიტვირთა, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში ამ საიტით სარგებელი ვერ ნახეს. დღესდღეობით coub.com ყოველთვიურად რამდენიმე მილიონ აშშ დოლარის შემოსავალს იძლევა. საიტზე უმეტესად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შედიან. მიუხედავად იმისა, რომ coub საქართველოში უკვე საკმაოდ პოპულარულია, მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით, ხუთეულში მაინც სხვა ქვეყნები შედიან.

ქუბერები საქართველოდან

გასართობი ე.წ. ლუპ ვიდეოების გარდა, საიტზე შესაძლებელია საინტერესო პროექტების განხორციელებაც. შარშან გიორგი ხატიაშვილმა და ლევან ლორთქიფანიძემ გააკეთეს პროექტი “ქართული პოლიტიკის 50 ქუბი”, რომელიც ორმოცდაათ 10 წამამდე განმეორებად ვიდეოს აერთიანებს. ვიდეოები გამოთქმებსა და ქმედებებს მოიცავს, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა დროს აქტუალური ხდებოდა 1989 წლიდან დღემდე. გიორგი ხატიაშვილი ამბობს, რომ პროექტი ერთჯერადი იყო და მისი გაგრძელება აღარ იგეგმება. გიორგი და ლევანი დღმედე აგრძელებენ მოკლე ვიდეოების კეთებას, თუმცა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

საქართველოში coub.com-ს იშვიათად, მაგრამ მაინც იყენებენ სხვადასხვა პროდუქციისა და ღონისძიებების პოპულარიზაციისთვისაც. მაგალითად, ამიერკავკასიაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ფესტივალის, Tbilisi Open Air Alter/Vision–ის ორგანიზატორები ღონისძიების დაწყებამდე coub.com-ზე ათავსებდნენ მოკლე ანონსებს; საქართველოდან ყველაზე მეტი ქუბი “ჩემი ცოლის დაქალების” გვერდს აქვს. შესაბამისად, საქართველოში დღემდე ყველაზე მეტი ნახვა და გამომწერთა რაოდენობა ქართლი სერიალის ანგარიშზეა.

მარი გელაშვილი ორ წელზე მეტია ქუბერობს. ინტერნეტსივრცეში ის მარი სანფონის სახელით გაიცნო ხალხმა. პირველი ქუბი 2014 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა. მის ანგარიშზე დღეს 200–ზე მეტი ქუბია, რომლებსაც, ჯამში, 200 ათასამდე ნახვა აქვს.

“ქუბების გაკეთება ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, როდესაც ინტერნეტი არ იყო პოპულარული და ტელევიზორის ყურებით ვიქცევდი თავს. ხშირად მქონია სურვილი, კონკრეტული გადაცემიდან, კლიპიდან ან ვიდეოდან ამომეჭრა რაღაც ნაწილი, რომელიც სასაცილოდ ან ნიშანდობლივად მომჩვენებია და სხვებისთვისაც გამეზიარებინა. მოგვიანებით რამდენიმე ასეთი ვიდეო გავაკეთე და ჩემს კომპიუტერში ვინახავდი. რამდენიმე წლის შემდეგ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე coub.com facebook-ზე გაზიარებული ლინკიდან და მივხვდი, რომ ეს ის იყო, ვისაც ამდენი ხანი ველოდი,” – ამბობს მარი სანფონი.

მისი თქმით, Coub.com-ის მთავარი ნიშა იუმორი და მრავალფეროვნებაა. როგორც მარი ამბობს, არასდროს გბეზრდება ახალი ქუბების ყურება. იმის მიზეზი, თუ რატომ COUB და არა სხვა რომელიმე ვიდეო–პორტალი, მარისთვის არის ის, რომ ამ საიტს შეუძლია 10 წამში გაგახალისოს. მარის თქმით, სხვა საიტებისგან განსხვავებით coub.com შემოქმედებით უნარებს გიღვიძებს, სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ვერ გააკეთებ კარგ ქუბს:

“ვიდეოები, რომელსაც ქუბზე ათავსებ, შეგიძლია დადო ნებისმიერ ვიდეო-პორტალზე, მაგრამ საყურებლად უფრო მოსახერხებელია coub.com. Youtube.com-ზე დამიდია რამდენიმე ვიდეო მხოლოდ იმიტომ, რომ 10 წამი არ იყო საკმარისი კონკრეტულ შემთხვევაში და ბევრად მეტი დრო იყო საჭირო ვიდეოს სრულად აღსაქმელად. მაგრამ ქუბი მაინც სულ სხვაა. ქუბის დადებითი მხარე ისაა, რომ ძალიან მარტივად შეგიძლია ექაუნთის და შედგომ ქუბების შექმნა. ამას გარდა, ეს საიტი იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებას დაანახო კონკრეტული ადამიანების კომიკურობა. შეიძლება ეს უკანასკნელები ძალიან სერიოზული სახით ხალხს არწმუნებდნენ სისულელეებში, მაგრამ, როგორც კი მათ ქუბერის მაუსი შეეხებათ, მთელი ინტერნეტსამყარო იგებს, ვისთან გვაქვს საქმე. თუ მოინდომებ, შეიძლება სისტემის მექუბოვეც კი გახდე, კარგ ქუბერს ჯადოსნური ჯოხი აქვს. თუმცა უარყოფითი მხარეებიც აქვს ამ საიტს. მაგალითად, სამსახურში ყოფნისას უცებ თუ გიგზავნიან ცინცხალ ვიდეოს, რომელიც დასაქუბი მასალითაა სავსე. ურთულესია, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ დროს ჭეშმარიტმა ქუბერმა თავისი ექაუნთი არ გაააქტიუროს.”

ქუბერების უმეტესობა წინასწარ არ ფიქრობს, თუ რომელ საკითხებზე გააკეთოს ქუბი, თუმცა, როგორც სანფონი ამბობს, მისი ქუბების დიდი ნაწილი აქტუალურ თემებს ეხება:

“როგორც წესი, ხალხსაც მოსწონს ეს. ძალიან პოპულარია Game Of Thrones-თან და ქართულ თოქ-შოუებთან დაკავშირებული ქუბები. ამას გარდა, არსებობენ ისეთი ცნობილი ადამიანები, რომელთა ყველა სიტყვა უკვე ქუბია და გვერდს ვერ აუვლი მათ. მაგალითად, რეზო ამაშუკელი, ლევან ვასაძე, თეოდორე გიგნაძე. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ლევან ვასაძეზე ცუდი ქუბი გამოგივიდეს.”

საიტს მხოლოდ გაზიარებისა და მოწონების ფუნქცია აქვს. გამომწერები და თქვენს ქუბზე შემთხვევით მოხვედრილი სტუმრები კომენტარის დაწერის უფლებით ვერ სარგებლობენ, როგორც ტრადიციულ ვიდეო–პორტალებზე. ქუბერების ნაწილს ეს მოსწონს, თუმცა სანფონი ამბობს, რომ coub.com კომენტარის დაწერისა და პირადში მიმოწერის ფუნქციასაც რომ ითავსებდეს, არ იქნებოდა ურიგო.

“პირადად ჩემთვის ბევრს მოუწერია ფეისბუკის საშუალებით, რომ ძალიან მოსწონთ ჩემი ქუბები და ეს დიალოგი შეიძლებოდა coub.com-ზე შემდგარიყო. ყველა ქოუბი, რომელიც ჩვენთან პოპულარული ხდება, როგორც წესი, ფეისბუკზე გაზიარებებით ვრცელდება. მე ვაკვირდები ხოლმე იმ გამოხმაურებებს, რომლებიც მოყვება ჩემს გაკეთებულ ვიდეოებს და, სხვათა შორის, ზოგჯერ შენიშვნაც კი მოუციათ იმასთან დაკავშირებით, რომ ჯობდა სხვანაირად დამემონტაჟებინა კონკრეტული მომენტი ან დაულინკავთ დასაქუბი მასალა და მეც არ დამიყოვნებია. ნეგატიური გამოხმაურება, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს და მქონია მსგავსი შემთხვევებიც. ძირითადად ამ დროს გსაყვედურობენ იმის გამო, რომ ვიღაცისთვის მიუღებელია იმ თემაზე ხუმრობა, რომელ თემასაც ქუბი ეხება, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მაინც მხიარულად და გაზიარებებით ხვდებიან ახალ ქუბებს. დადებითი გამოხმაურება რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად არ მექნებოდა იმის მოტივაცია, რომ 213 ქუბი გამეკეთებინა,” – ამბობს მარი სანფონი.

როგორც ბლოგერების უმეტესობა, ქართველი ქუბერებიც თანხმდებიან, რომ არ არსებობს თემა, რომელზე ხუმრობაც არ შეიძლება.

“მესმის, რომ ზოგჯერ ადამიანისთვის მტკივნეულ თემას თუ შეეხები, მასში ეს აგრესიას გამოიწვევს. ზოგადად, ძალიან რთულია იუმორის ჩარჩოებში მოქცევა, თუმცა იუმორითაც შეიძლება ადამიანებს ზიანი მიაყენო,” – ამბობს მარი.

სანფონი ამ საიტის პოპულარობის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. პირველი არის ის, რომ საქართველოში იუმორი უყვართ და ამ საიტზე განთავსებული ვიდეოების უმრავლესობაც სწორედ ამ ხასიათისაა. მეორეა ის, რომ ქართული რეალობა ყოველდღიურად იძლევა დასაქუბ მასალას:

“ზოგჯერ მგონია, რომ coub.com-ის ადმინისტრაცია შემოსავლიდან რაღაც ნაწილს ქართველ პოლიტიკოსებს, მსახიობებს და ზოგიერთ ცნობილ ადამიანს უნდა უხდიდეს. კიდევ ერთი მიზეზი პოპულარობისა არის ის, რომ თითოეული ქუბის ხანგრძლივობა მხოლოდ და მხოლოდ 10 წამია, რაც კიდევ უფრო ზრდის იმის შანსს, რომ ის ბევრმა ადამიანმა ნახოს. 15-წუთიანი ძალიან სასაცილო ვიდეო, რომელიც ფეისბუკის მომხმარებელს აქვს გაზიარებული, შეიძლება არც არავინ გახსნას იმიტომ, რომ 15-წუთიანია, ქუბი კი თქვენგან მხოლოდ 10 წამს მოითხოვს. ჩემი კარიერის გარიჟრაჟზე რამდენიმე ქუბერი მახსენდება, მაგალითად, Tom OBOBA. მომწონს ასევე ნათელ გამყრელის ქუბებიც. თუმცა ქუბერების უმრავლესობა არ გამოირჩევა სტაბილურობით. ამ ბოლოს დროს coub.com-ზე საუკეთესოდ ლიბერს დავასახელებდი, მილიონზე მეტი ნახვით და 1182 მიმდევრით.”

სანფონის მსგავსად, დათო აბულაძემაც 2014 წელს დაიწყო ქუბერობა. გასართობ ვიდეოებს COUB-ამდე იუთუბზე, ვაინზე და ფეისბუკზე ტვირთავდა. მიზეზი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების იმდროინდელი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას გამონათქვამებია: “ნოემბერში ქეცბაიამ ხოცები დადო მინაშვილთან და გადავწყვიტე დამექუბა.”

კითხვაზე, რა არის coub.com-ის მთავარი ნიშა და რით განსხვავდება ის სხვა ვიდეო–პორტალებისგან და საიტებისგან, აბულაძე ამბობს, რომ ქუბი გავს შაირს, რომელიც მოკლედ ითქმის.

დათო ამ საიტის უარყოფით მხარედ ასახელებს იმას, რომ ედიტორი ხმის დამუშავების საშუალებას არ იძლევა და ამის გამო წვალება უწევს: “ორი სხვადასხვა ხმის გადაბმაზე და ე.წ. ლუპ–ების გაკეთებაზე. 10 წამში ჩატევა დადებითი მხარე მგონია, ცალკე გამოწვევაა ხუმრობის ხალხამდე მაქსიმალურად მოკლედ მიტანა.”

კითხვაზე, თუ როგორი ქუბები მოსწონთ დღეს ქართულ ინტერნეტსივრცეში, აბულაძე პასუხობს, რომ ძირითადად ქართული თემატიკის:

“ქეცბაია, გრიშა ონიანი, ცხელი ძაღლი, ერმალო მაღრაძის შემოქმედება, რაზეც მე თვითონ მეცინება. კი ბატონოზეც გავაკეთე რამდენიმე ქუბი, მაგრამ კი ბატონოზე არ მეცინება, ღმერთმა დამიფაროს. ყველაზე მეტად “სიმონე ძაძას” ქუბი მოეწონათ, თუმცა ჩემი აზრით “გრიშა ონიანის ტოპ 4 გინება” ყველაზე კარგია.”

ის, რომ საიტზე არავის შეუძლია კომენტირება, მარი სანფონისგან განსხვავებით, დათო აბულაძეს მოსწონს: “ეს ქუბს ფაქტობრივად ფეისბუკის ნაწილად აქცევს, ვინაიდან თვითონ ქუბის საიტზე არ ხდება კომენტირება, გინება, პლაგიატის მხილება და ა.შ. ყველაფერი ერთ ადგილას რომ არის და სოციალური ქსელიდან გასვლა არ მიწევს, მოსახერხებელია.”

როგორც დათო ამბობს, მის ქუბებს ნეგატიური გამოხმაურება იშვიათად აქვს, რაც დიდად არ ხვდება გულზე. მისი თქმით, თუ თავად მოსწონს რომელიმე ქუბი, ნეგატიური გამოხმაურებების გამო გამორიცხულია წაშალოს, ხოლო თუ არ მოსწონს, რამდენიმე ათასნახვიანებიც წაუშლია. როგორც აბულაძე ამბობს, ხუმრობა ყველაფერზე შეიძლება – მთავარია, კარგად იხუმრო და სწორი აუდიენცია შეარჩიო.

მისთვის საუკეთესო ქუბერი ჩვილია, რომელიც, ლიბერის მსგავსად, ანონიმურად ამჯობინებს ინტერნეტსივრცეში მოღვაწეობას. მიზეზი, თუ რატომ გახდა ეს საიტი საქართველოში პოპულარული, აბულაძის თქმით, ის არის, რომ საქართველოში სოციალურ მედიას ნაკლებად იყენებენ, ხოლო coub პირდაპირ ფეისბუკშია ინტეგრირებული, რაც მარტივად აღიქმება. როგორც დათო ამბობს, ვაინების პირდაპირ დადება რომ შეიძლებოდეს, ისიც ძალიან პოპულარული გახდებოდა.

ნათელ გამყრელი ასევე 2014 წლიდან ქუბერობს. იმ ფუნქციების გარდა, რომელსაც coub.com სთავაზობს მომხმარებლებს, ხარისხიანი ქუბების გასაკეთებლად სხვადასხვა სამონტაჟო პროგრამებსაც იყენებს.

მისთვის ეს საიტი მოსახერხებელია იმიტომ, რომ ხუმრობებს არავინ წაგიშლის საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით, როგორც იუთუბზე და ფეისბუკზე. ნათელ გამყრელი, სანფონისგან და აბულაძისგან განსხვავებით, საიტის უარყოფით მხარედ 10-წამიან “ლუპ”–ს ასახელებს. ნათელ გამყრელისთვისაც ყველაფერზე შეიძლება ხუმრობა.

“ყველა ვარიანტში ვერთობი. არის თემები, რომელიც შინაარსით არ მართობს, პირიქით, ვფიქრობ დამაზიანებელია ქვეყნისთვის – ფსევდოქართულტრადიციული სიგიჟეები, რასაც ვაწყდები ტელევიზიებსა თუ სოციალურ ქსელებში. ვცდილობ, ეს თემები გავაშარჟო, ან უბრალოდ ჩემი დამოკიდებულება გადმოვცე რამე ფორმით. ჩემი ყველაზე ნახვადი ქუბია ტირიონის და ბიძინას ხის შეხვედრა. ეჭვი მაქვს, ქართველ აუდიტორიას გასცდა და პოსტსაბჭოთაზე გადავიდა,” – ამბობს ნათელ გამყრელი.

როგორც ნათელ გამყრელი ამბობს, ინტერნეტმომხმარებლების აქცენტი ძირითადად ვიდეოს შინაარსზე კეთდება და არა მქუბავზე. მისი თქმით, ბევრი ძალიან ნიჭიერია, რომლებიც 10 წამში მთელ დრამას ტევენ:

“თუმცა ასევე არის ქუბერების საინტერესო კატეგორია, რომელიც “საკუბოვე” მასალას უბრალოდ ჭრის და დებს საიტზე (ჯიგრები). მერე სხვა “მეკუბოვოები” შევესევით და ჩვენ ჭკუაზე ვკერავთ.”

ქართველი ქუბერები პლაგიატორებზე საუბრობენ. როგორც ისინი აცხადებენ, ხშირია შემთხვევები, როდესაც კარგ ხუმრობებს იწერენ მათი coub-ის ანგარიშებიდან და ფეისბუკის გვერდებზე ან იუთუბზე ტვირთავენ. მაგალითად, ლიბერის ქუბს “Tom and Jerry – ძვირფასო მარიამ” საიტზე 37 ათასამდე მნახველი ჰყავს, მაშინ, როდესაც პლაგიატორ ფეისბუკის გვერდებს, ჯამში, ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა მოუგროვდათ. ავტორის საჩვარის შემდეგ იუთუბიც და ფეისბუკიც შლის ვიდეოებს, თუმცა პლაგიატი ქუბერებისთვის მაინც დიდ პრობლემად რჩება.

ნეტგაზეთი გთავაზობთ გამოკითხვას – რომელი ქუბერი მოგწონთ საქართველოში ყველაზე მეტად? გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, თუმცა ერთი IP მისამართიდან ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ ჩამონათვალთაგან 3 ქუბერს მისცეთ ხმა, ან თვითონ დაამატოთ პასუხებში ის, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს. ამასთან, კომენტარებში შეგიძლიათ გააზიაროთ ის ქუბები, რომლებიც ყველაზე ძალიან მოგწონთ.


მასალების გადაბეჭდვის წესი