ტექნოლოგიები

შერონ სტოუნი და იასამნისფერი ძროხები

21 ივნისი, 2011 • • 3573
შერონ სტოუნი და იასამნისფერი ძროხები

შერონისა და “ენძის” თავგადასავალი

შერონ სტოუნის ჩამოსვლამ საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ჟურნალისტებს პირზე სულ შერონის სახელი ეკერათ და შუბლზეც სულ „მადლობა, ღმერთო, ამას რომ მომასწარი“ ჰქონდათ წაწერილი. შესაბამისად, ჩვენც ჰოლივუდელი მეგავარსკვლავის თითოეული ნაბიჯი – გაღვიძებიდან დაძინებამდე – ზეპირად ვიცოდით (თუ აცალეს ძილი საერთოდ):შერონმა ქალაქში გაისეირნა, შერონმა ხალიჩა მოიწონა, შერონმა ტანსაცმლის ხარისხი შეაქო, შერონი ბავშვებს გაეთამაშა, შერონმა ბალი შეჭამა, ოღონდ გარეცხა, შერონმა ჩურჩხელა დააგემოვნა და ა.შ. ვისმენდით ექსკლუზიურ ინტერვიუებს ადამიანებთან, რომელთაც შერონს შორიდან სურათი გადაუღეს, შერონი დავარცხნეს, შერონს შეეხნენ, შერონი დაინახეს… ამ დროს კი “ენძი” გარსიას მხოლოდ შერონ სტოუნის ჩამოსვლის მიზეზებზე საუბრის დროს ახსენებდნენ. ამხელა პრეზიდენტის როლი მაინც არ ეთამაშა. ეჰ, ენძი, ენძი…

ამ ყველაფრის ფონზე, შერონის შესახებ ბლოგერებს რომ არაფერი დაეწერათ, დიდად გასაკვირი იქნებოდა. ასე მაგალითად, მაიტოს ბლოგზე სტოუნის ექსკურსიებიდან დაწყებული ჩვენი უზომო პატივისცემით დამთავრებული ყველაფერია გაკრიტიკებული. გარდა ამისა, პოსტი „ფილმის პრემიერა?“ შერონ სტოუნისა და მიხეილ სააკაშვილის „მსუბუქეროტიკულ“ წათამაშებასაც ეხება და კომპეტენტური გიდის დეფიციტის საკითხსაც სვამს: „აი, სააკაშვილის როლს კი ვერაფრით ჩავწვდი. რა შუაში იყო ან რა უნდოდა საერთოდ. ნუთუ სათანადო კადრი არ არსებობს, ვინც გიდობას გაუწევდა მსახიობს? იტყვიან, პატივისცემაო. რა დროს ,,ვარსკვლავების“ პატივისცემაა, როცა საკუთარ ხალხს ხელკეტებით დასდევ? სასწაული, თუ გინდა. ხუმრობაც როგორი სცოდნია. აქ თუ დადგები, ჩავარდებიო. მერე კი ძალად წაათრია. მიიღო კიდეც რაც უნდოდა, ნაზად მიტყიპა მსოფლიო ვარსკვლავმა”

ჟურნალისტებს არც რენი ჰარლენი დავიწყებიათ (დაუჩოქა მედიას და რა დაავიწყებდათ). იმანაც ისე შეიფერა პოპულარობა, ხან ცალ ფეხზე იხტუნავა, ხან წითელ ხალიჩაზე იკუნტრუშა და ხანაც ხუმრობების კონვეიერობა ითავა. მოკლედ, “მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარო” გვამცნო, როგორც შეეძლო. რენის არენის შესახებ კი ლაშარელამ დაწერა პოსტში „დიდება რენი“, სადაც ძირითადად ჟურნალისტების (და არაძირითადად, სამთავრობო) ქმედებაა გაშარჟებული: „იმასაც ამბობენ, სახელისუფლებო PR-ის მამებს, ქართულ ენაში ბრუნვის მერვე  პირის – “რენეობითის”, დამატებაც სურდათო, მაგრამ ვერ გადაუწყვეტიათ თურმე  წოდებითის შემდეგ ყოფილიყო თუ სახელობითამდე და თავიც დაუნებებიათ“

ასეა თუ ისე შერონის, “ენძისა” და რენის მოკაშკაშე ვარსკვლავებმა ფილმის სხვა მსახიობები ისე დაჩრდილეს, რომ ჟურნალისტებს მათკენ არათუ მიკროფონი, კამერაც კი არ გაუშვერიათ. ერთი ასეთი მსახიობის უგულვებელყოფის გამო “გულის ღრმა ტკივლის” გამოთქვამს ქამელეონი პოსტში „აგვისტოს 5 დღე“, სადაც ჯონათან შაეხის (იყო თურმე ასეთი მსახიობიც ჩამოსული) “ტვიტერის” ჩანაწერებიცაა  “ამონაწერი”: “შერონ სტოუნი ხვალ თბილისის პრემიერაზე მოდის, წარმოდგენა არ მაქვს რატომ, ის ფილმში არ იღებდა მონაწილეობას”, “შერონ სტოუნს თავიდან ქართველი მსახიობი ვეგონე და მერე მიხვდა მე რომ ვიყავი”. მოგიკვდი შენ, ჯონათან.

მოკლედ, აქაც სტოუნი. აქაც და თბილისის ქუჩებშიც, სადაც ვარსკვლავმა რამდენიმე საათით ისეირნა, სხვების თვალს წყალი დაალევინა, თვითონ კი ამავე წყლით ბალი გარეცხა და უფრო მეტად საკუთარ კუჭზე იზრუნა. შერონისა და გასარეცხი ბლის დამოკიდებულების შესახებ წერს Da-v-id პოსტში „გარეცხილი ბალი და ორი ბორბალი“, სადაც შერონის კულინარიული გამოხტომებია განხილული: „სტოუნმა ბალი ჭამის წინ გარეცხა ხალხოო, წარმოგიდგენიათ? აი თურმე რა გვაკლდა, აი თურმე რატომ არ გვიღებენ ნატოს კარს. ბალს ჭამის წინ გარეცხვა უნდა? არა რაა, რა უცნაური ახირებები აქვთ ამ ვარსკვლავებს… საწყალი ენდი გარსია კი სადღაც დაჩანჩალობდა. არადა არც არავინ დაინტერესებულა სად დადის ეს კაცი, რას შვება, ეგებ გაურეცხავს ჭამს რამეს..”

ამ ამბების ყველაზე დეტალური მიმოხილვა კი კალატოზიშვილის ბლოგზე შეგიძლიათ ნახოთ პოსტში „ჩვენი გუბერნიის ვნებანი“, სადაც ნაყოფიერი სამუშაოებით აღფრთოვანებული კობა ნაყოფიასა და ჩვენი გემოვნების დამანამუსებელი მისი ფრაზის – „ვინც ამ ფილმს გააკრიტიკებს, ის ქვეყნის მტერიაო“ – შესახებაც არის დაწერილი: „წითელ ხალიჩაზე ლიმუზინებიდან გადმოდიოდნენ სახელმწიფო მოხელეები და ჩინოვნიკები, რომლებსაც ჯებირებიდან უმზერდნენ “რიგითი მოქალაქეები” და ნერწყვმოდებულნი გაჰკიოდნენ ენდის და შერონს, ზოგი კი, ინგლისური რომ იცის მხოლოდ ტერმინატორის ალ ბი ბექით, რენი ჰარლინს იხმობდა თავისკენ “ეი, მისტერ, მისტერ…“

ის, რაც შერონს გადაურჩა

ჩვენ სტუმრებისადმი იერარქიული დამოკიდებულებაც გვაქვს. შერონი ჩვენთვის ღმერთია, მაგრამ ქუჩაში ერთი ჩვეულებრივი ფერადკანიანი რომ შევნიშნოთ შესაძლოა დავცინოთ და პროდარვინისეული თეორიის განმტკიცებას შევუდგეთ. ამის სამაგალითოდ ნათიას პოსტი „ხანდახან ჩემი ქართველობის მრცხვენია“ შეგვიძლია ავიღოთ, სადაც ფერადკანიანებისადმი ქართველთა ნაწილის დამოკიდებულების ორი შემთხვევაა აღწერილი: უცბად გაჩერდნენ და უფრო ხმამარალი სიცილი დაიწყეს. რაც ხარხარს, რაყრაყს ან რამე მასეთს უფრო ჰგავდა. ბიჭებმა კიდევ შემოჰხედეს, ამათ “სიცილში” კი, ისმოდა ფრაზე “სულ ამით უნდა ვიმგზავრო”, “რას გვანან”, “მაგრად გავერთეთ”, ვიღაცის ტელეფონმა დარეკა და “ფუუ რა ზარია”, აი ძლივს მოვთოკე თავი, რომ არ დამელანძღა. ამ დროს კიდევ ერთხელ შემრცხვა ჩემი ეროვნების. ბიჭები გაკვირვებულები და თან გაბრაზებულები ჯერ გოგოებს უყურებდნენ და მერე ჩვენ.“

დაპირისპირება საქართველოსთვის უცხო ბოსტნეული არ არის. მამებსა და შვილებს შორის, მაგალითად. მამები შვილებს გაუნათლებელ თაობას უწოდებენ, შვილები – მამებს ინერტულს. მოკლედ, არგუმენტები ორივე მხარეს ბევრი აქვს. მათი ნაწილი კი kathrine Luv-ის პოსტში „მამების თაობა და მამაჩემი VS ჩემი თაობა და მე ! ანუ what to do?“ კარგად არის ჩამოყალიბებული: „მე მგონია რომ იმაზე მეტი ქნეს ამათმა ვიდრე თქვენმა თაობამ, იმიტომ რომ ჩვენ ”კერასინკებზე” გაზრდილი თაობა ვართ, რომელსაც თქვენ უწიგნურებს ეძახით(სანთლის შუქზე რაც წავიკითხეთ და დავითხარეთ თვალები, იმაზეც მადლობა თქვით) და რომლებმაც თქვენი თაობისგან განსხვავებით კრიტიკული აზროვნებით მაინც გამოირჩევა და არ იღებს ყველაფერს ისე როგორც ჩამოსძახებენ ზევიდან“

მსუბუქ თემაზე გადავინაცვლოთ. „ბინდსა“ და მისგან „გონებადაბინდულ“ ადამიანებზე, პატინსონის სისაყვარლესა და „იმ გოგოს“ უცნაურ გარეგნობაზე უკვე ბევრი დაიწერა. თუმცა, სტეფანი მეიერის ეს საგა პოპულარობას დღემდე არ კარგავს. ბევრს უკვირს, ბევრიც აგდებით უყურებს – როგორც „პაპსა-ნაწარმოებს“ და მისი თაყვანისმცემლების გემოვნებაზე ცუდ რაღაცებს ფიქრობს. არადა, ყველაფერში თურმე „იასამნისფერი ძროხა“ ყოფილა დამნაშავე. ძროხის ამ გამორჩეული სახეობის შესახებ კი, ნატალის ბლოგზე პოსტში „ვამპირები და იასამნისფერი ძროხები“ შეგიძლიათ წაიკითხოთ: “სწორედ ამიტომ გახდა ვამპირისა და ადამიანის სიყვარულის ისტორია ასეთი პოპულარული. დიახ, “Twilight” იასამნისფერი ძროხაა. მომხმარებელს (მაყურებელს) მობეზრდა ახალგაზრდული რომანტიული ისტორიები, სადაც მოვლენები ტრადიციულად კოლეჯსა და საერთო საცხოვრებელში ვითარდება. სინამდვილეში აქ საქმე ვამპირში კი არა, სიახლეშია და მგონი, მის ნაცვლად მუმია რომ ყოფილიყო ასეთივე რომანტიული შეფუთვით, ესეც კარგად გაიყიდებოდა”

პ.ს: ხინკალის შეხვევა ასწავლეს იმედია, თორემ ყოველ მონატრებაზე თუ აქ ირბინა ამერიკიდან, ცუდად წავა ჩვენი საქმე…

მასალების გადაბეჭდვის წესი