სამხრეთ კავკასიის ამბები

“სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის” წევრები ხადიჯა ისმაილოვასთან არ შეუშვეს

8 მარტი, 2016 • 1296
“სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის” წევრები ხადიჯა ისმაილოვასთან არ შეუშვეს

აზერბაიჯანის “სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის” წარმომადგენლების განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ ისინი ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვასთან შესახვედრად ციხეში არ შეუშვა და არც საჩუქრები და ყვავილების თაიგული მიიღო მისთვის გადასაცემად. აღნიშნულ ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 7 მარტს კოლონიასთან საზოგადოებრივი გაერთიანების “სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა” წევრები შეიკრიბნენ, სულ- 10 აქტივისტი და ჟურნალისტი.

“ჩვენ ხადიჯასთან მოვედით, გვსურდა მისთვის და მისი მეგობრებისთვის კოლონიაში საჩუქრები და ყვავილები გადაგვეცა და მიგველოცა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრად ადრე მივმართეთ სასჯელაღსრულების სამსახურს და ციხის ხელმძღვანელობას და მათგან უარი არ მიგვიღია, დღეს მაინც არ მოგვცეს მისი ნახვის უფლება. უფრო მეტიც, კოლონიის ხელმძღვანელობამ არც ყვავილები და საჩუქრები მიიღო. ყვავილები კოლონიასთან დავტოვეთ და წამოვედით”, –  ამბობს პლატფორმის წევრი და საზოგადოებრივი ალიანსის “აზერბაიჯანი პოლიტპატიმრების გარეშე” ხელმძღვანელი ოქტაი გულალიევი.

ხადიჯა ისმაილოვასთან შეხვედრის აკრძალვა მისი უფლებების დარღვევად შეაფასა გამომძიბელმა ჟურნალისტმა შაჰველედ ჩობანოღლუმ:

“ქალთა დღის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე ხადიჯას უფლებები კვლავ ირღვევა. სიმბოლურია ისიც, რომ ზუსტად 4 წლის წინ ხადიჯამ მუქარის შეტყობინება მიიღო, რათა გაჩუმებლიყო, მაგრამ იგი არ შეშინდა და საგამოძიებო საქმიანობა გააგრძელა. ამიტომაც არის დღეს პატიმრობაში. აქ მოსვლით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ საზოგადოება არ დუმს, ჩვენ ხადიჯასადმი მხარდაჭერას გამოვხატავთ”, – აცხადებს ჟურნალისტი.

თავად ხადიჯას დედა ელმირა ისმაილოვა ამბობს, რომ თავისი შვილით ამაყობს:

“აზერბაიჯანელ ქალებს ვუსურვებ, რომ არ შეეშინდეთ, იბრძოლონ თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთის. ვამაყობ, რომ ჩემი ხადიჯა ამას ციხეშიც აკეთებს. მინდა ჯანმრთელობა და სიძლიერე ვუსურვო, დანარჩენი თავადაც იცის”.

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, როგორც სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენლებმა, ისე თავად კოლონიის ხელმძღვანელობამ მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ბაქოს სასამართლომ  2015 წლის 1 სექტემბერს რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, ხადიჯა ისმაილოვას  7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისმაილოვა დამნაშავედ ცნეს უკანონო მეწარმეობის, გადასახადებისგან თავის არიდების, მსხვილი თანხების მითვისება და გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით. ამავე დროს, ჟურნალისტი უდანაშაულოდ ცნეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლში.  ხადიჯა ისმაილოვა, რომელიც მთავრობის მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა, უკვე წელიწადზე მეტია ციხეში იმყოფება. იგი ბრალდებებს არ აღიარებს და ამბობს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული.

ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა” 9 ქალი ჟურნალისტის სია გამოაქვეყნა, რომლებიც მათი საქმიანობის გამო ციხეში არიან, მათ შორისაა ხადიჯა ისმაილოვა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი