სამხრეთ კავკასიის ამბები

გალში შესაძლოა IPRM-ის შეხვედრები აღდგეს

5 მარტი, 2016 • 1852
გალში შესაძლოა IPRM-ის შეხვედრები აღდგეს

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სოხუმში შეხვედრის დროს იმ საკითხებს შეეხნენ, რომლებზეც შესაძლოა უკვე მოლაპარაკებათა მომავალ რაუნდზე ისაუბრონ.

შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ მხარეებმა რამდენიმე თემაზე, მათ შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებაზე, საარქივო დოკუმენტაციის აფხაზური მხარისთვის გადაცემაზე, სოფლის მეურნეობის საკითხებზე და გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] განახლების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე ვიაჩესლავ ჩირიკბამ, აფხაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, იმედი გამოთქვა, რომ დისკუსიის მონაწილეები შეძლებენ შეთანხმებას გალის რაიონში IPRM-ის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც “გახდება მნიშვნელოვანი ფაქტორი და მხარეებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს, ასევე, მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ნდობის ამაღლებას ხელს შეუწყობს”.

ჩირიკბამ უპასუხა ასევე შეკითხვას, რა უშლის ხელს გალში მექანიზმის ხელახლა ამოქმედებას:

“ჩვენ 2009 წელს მივიღეთ დოკუმენტი და იქ განსაზღვრულია მისი მონაწილეები და მათი რაოდენობა. თუ ჩვენ ამ დოკუმენტს დავეყრდნობით, მაშინ ძალიან მალე აღვადგენთ მას. ერთადერთი პრობლემა არის პოლიტიზაცია, არასაჭირო პოლიტიზაცია. თუ ჩვენ ამისგან გავთავისუფლდებით, მაშინ ჩვენ ძალიან სწრაფად დავინახავთ გალში მექანიზმის აღდგენას”.

“ვიმედოვნებ, რომ საერთო ფორმულას შევიმუშავებთ, რათა ეს მექანიზმი აღვადგინოთ”, – განაცხადა ჰებერტ ზალბერმა, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან, IPRM-ის აღდგენასთან დაკავშირებით.

IPRM -ის შეხვედრები, ერგნეთის მსგავსად, 2009 წლიდან გალშიც იმართებოდა, თუმცა 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა. აფხაზურმა მხარემ მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირიდან საქართველოში, ანჯეი ტიკშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე “არასასურველ პირად” გამოაცხადა.

სოხუმში გამართულ შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ წარმოადგინა ასევე ერთობლივი განცხადების პროექტი გადაადგილების უფლებისა და საზღვარგარეთ აფხაზური დოკუმენტების აღიარების შესახებ.

“ჩვენ წინაშე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, სუპერამოცანა – ამ რეგიონში მშვიდობა დავამყაროთ. ეს არის საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ამ საკითხზე ბევრი წელია ვმუშაობთ. მისი გადაჭრა ყველას პოლიტიკური ნებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერების შედეგად არის შესაძლებელი. ომი არ უნდა განმეორდეს ამ რეგიონში, მით უმეტეს, მეზობელ ქვეყნებს შორის”, – განაცხადა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.

ჟენევაში მორიგი რაუნდი 22-23 მარტს გაიმართება.

bioli

მასალების გადაბეჭდვის წესი