სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმს ითხოვენ

3 მარტი, 2016 • 1765
აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმს ითხოვენ

საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ნაწილია გაერთიანებული, აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმს ითხოვს.საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის ჩატარების განცხადებით უკვე მიმართა.

აფხაზური კანონმდებლობით, რეფერენდუმი იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუკი საინციატივო ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მინიმუმ 10 ათას ხელმოწერას შეაგროვებს.

აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდე ჩატარებაზე რეფერენდუმის გამართვის საკითხზე ოპოზიციურმა გაერთიანებამ ბრიფინგიც გამართა. მათი განცხადებით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა აფხაზეთში პოლიტიკური და ეკონომიკური კრისიზით არის გამოწვეული.

ოპოზიციური ძალების მოთხოვნას, აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდეს, პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც ხაჯიმბა წერს განცხადებაში, აფხაზეთის ირგვლივ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რთული ფინანსურ-ეკონომიკური და გეოპოლიტიკური სიტუაციაა და კრიზისული მოვლენები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკაში, ასევე წინა წლების არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა, პირდაპირი გავლენას ახდენს აფხაზების ცხოვრების ხარისხზე.

“ობიექტური სირთულეების მიუხედავად, ჩვენ უფრო მჭირდო და ნაყოფიერ ურთიერთობებს ვამყარებთ რუსეთთან, კერძოდ, უკვე მნიშვნელოვად გაიზარდა ხელფასები და პენსიები. აფხაზეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრის პროცესში აფხაზეთის მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით კონკრეტულ შედეგებს მივაღწიეთ. ამასთან, პრეზიდენტისთვის მთავარ ამოცანად რჩება ქვეყნის შიდა რესურსების ამოქმედება. 2015-მა წელმა გვაჩვენა, რომ ასეთი შესაძლებლობები გვაქვს. ყველა ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ ეკონომიკა განვავითაროთ, რეფორმები ბოლომდე მივიყვანოთ და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი ავამაღლოთ რუბლის ზონაში ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ამისთვის საჭიროა გავაერთიანოთ ჩვენი ხალხის ძალისხმევა”, – ნათქვამია მის განცხადებაში.

ხაჯიმბა ამბობს, რომ პირადი შეხვედრების დროს საჯაროდ არაერთხელ შესთავაზა ოპოზიციის წარმომადგენლებს კონფრონტაციიდან ღია, კონსტრუქციულ დიალოგზე გადასვლა.

“პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში პრეზიდენტის მიერ შექმნილია პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც მოწვეული არიან ოპოზუციური ორგანზაციების წარმომადგენლებიც. ამ ორგანოს ფარგლებში მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ძალებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ხელისუფლებასთან ერთად გამოემუშავებინათ პოლიტიკა და პირდაპირი გავლენა ჰქონოდათ აფხაზეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე. თუმცა ამის ნაცვლად ჩვენ გვთავაზობენ კონსტიტუციის თვალსაზრისით საეჭვო პოლიტიზებულ აქციებს, როლებიც ქვეყანში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. ოპოზიციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად უარს ამბობენ დიალოგზე”.

ხაჯიმბას თქმით, დარწმუნებულია, ოპოზიციის “უპასუხისმგებლო პოლიტიკა სათანადო შეფასებას მიიღებს მოქალაქეების მხრიდან”.

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთში პრეზიდენტად 2014 წელს აირჩიეს. აფხაზეთის კანონმდებლობის შესაბამისად, აფხაზეთში პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.

bioli

მასალების გადაბეჭდვის წესი