სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებენ

29 თებერვალი, 2016 • 1555
აზერბაიჯანს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებენ

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, აზერბაიჯანის “სამოქალაქო საზოგადოების პლატფრმა” განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი რაც შეიძლება მალე უნდა მოეწეროს.

აღნიშნული განცხადებით “სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმამ” 27 თებერვალს აზერბაიჯანელ ხალხს და მთავრობას მიმართა. მიმართვა ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების 20 წლისთავს და ბაქოში ევროკომისიის წარმომადგენლების დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება.

“20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმება კანონის უზენაესობისადმი, დემოკრატიისადმი და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემას ითვალისიწნებს. შეთანხმება ასევე საბაზრო რეფორმებს, თავისუფალ ვაჭრობასა და სხვა საკითხებზე თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს შენების იმედს აჩენს. სწორედ ესაა ის ფუნდამენტი, საიდანაც 1918 წელს დამფუძნებელმა მამებმა აზერბაიჯანის დემოკრტიული სახელმწიფო შეიქმნეს “,- ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვის ავტორები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს, რაც  ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე თავშეკავებაში გამოიხატება, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამის ფარგლებშია გათვალისწინებული.

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, საზოგადოებრივი გაერთიანება “სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა”,  რომელშიც ადვოკატები, ჟურნალისტები, ეკონომიკური ექსპერტები არიან გაერთიანებული, 10 თებერვალს შეიქმნა. მისი მიზანი ქვეყანაში აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი