სამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში ლგბტ თემის წარმომადგენლები სცემეს

20 თებერვალი, 2016 • 1682
ერევანში ლგბტ თემის წარმომადგენლები სცემეს

15 თებერვალს ერევნის ცენტრში სამი ახალგაზრდა იმის გამო სცემეს, რომ ისინი ლგბტ თემს წარმოადგენდნენ. ინცინდენტისას ყველაზე მეტად ტრანგენდერი კარაბინა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კარაბინამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ მას ხუთი კაცი მიუახლოვდა, რომლებმაც ჯერ შეაგინეს და შემდეგ ცემა დაუწყეს. კარაბინასთან ერთად მყოფმა ორმა მეგობარმა მისი დახმარება სცადა, თუმცა ზემოთაღნიშნულმა პირებმა ისინიც სცემეს.

კარაბინა სექს მუშაკია, როგორც თავად ამბობს თავდასხმის მიზეზი არ იცის, თუმცა მიაჩნია, რომ ეს ინცინდენტი ლგბტ თემის მიმართ სიძულვილს უკავშირდება.

მისი თქმით, სახლში დაბრუნებისას თავი ცუდად იგრძნო, რის შემდეგაც საავადმყოფოს მიმართა, თუმცა როგორც თავად ამბობს, სამედიცინო დაწესებულებაშიც დისკრიმინაციულად მოექცნენ. კარაბინას განცხადებით, ექიმებმა თავის გამოკვლევა შესთავაზეს, რაც მისთვის ძვირადღირებული სერვისი იყო, ამიტომ უარი განაცხადა, მოგვიანებით კი შენიშნა, რომ ექიმები და ექთნები დასცინოდნენ.

„ერთი ექიმი მოვიდა და პირდაპირ მითხრა, თუ თავის გამოკვლევისთის საკმარისი თანხა არ გაქვთ, სისხლის გამოკვლევა უფასოა, ვნახოთ თუ რამე გადახრაა და გამოვასწოროთ“,- ამბობს კარაბინა.

მოგვიანებით კარაბინამ და მისმა მეეგობრებმა მომხდართან დაკავშირებით პოლიციას მიმართეს. მისი თქმით პოლიციისთვის მიმართვას დიდი გამბედაობა სჭირდება, რადგან პოლიციელებს გამოკვეთილად დისკრიმინაციული დამოკიდებულება აქვთ ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ.

„სანამ პოლიციის განყოფილების ოთახში ვიჯექი გამომძიებლები და სხვა თანამშრომლები ჩემს სანახავად მოდიოდნენ. თავს ისე ვგრძნობდი თითქოს გამოფენაზე ვიყავი სადაც ყველა გიყურებს და დაგცინის“,- ყვება კარაბინა.

ლგბტ ადამიანების უფლებების დამცცველი არასამთავრობო ორგანიზაციის „ვარდისფერი სომხეთის“ პრეზიდენტი მამიკონ ოვსეპიანი ამბობს, რომ სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაული ლგბტ ადამიანების მიმართ სომხეთში მუდმივად ხდება. მისი შეფასებით ამის მთავარი მიზეზი სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობაა;

„არ არსებობს სამართლებრივი რეგულაცია სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ. მსგავსი ძალადობრივი შემთხვევები აქამდეც ბევრი იყო, მაგრამ მათზე პასუხისმგბლობა არავის დაკისრებია. ლგბტ ადამიანების უმეტესობა პოლიციას არც მიმართავს, რადგან იქ ორმაგ დისკრიმინაციას აწყდება. მეორე მიზეზი კი რუსული დღის წესრიგია, რომლის რეალობაში გადმოტანას ჩვენი ხელისუფლება ცდილობს. ისინი იმავეს გაკეთებას ცდილობენ სომხეთში. რუსეთი სერიოზულ პროპაგანდის მანქანას იყენებს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სიძულვილის ენა გავრცელდეს“,- განუცხადა „ნეტგაზეთს“ მამიკონ ოვსეპიანმა.

კარაბინა ამბობს, რომ პოლიციას არ ენდობა და თავად იბრძოლებს ძალადობის წინააღმდეგ.

„გადავწყვიტე თავდაცვის საშუალებები ვატარო. ვინც არ უნდა ცდილობდეს ჩემზე ძალადობას, მათ აუცილებლად ვუპასუხებ“,- ამბობს კარაბინა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი