სამხრეთ კავკასიის ამბები

ვალუტის გატანასთან დაკავშირებული კანონპროექტი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პარლამენტს დაუბრუნა

12 თებერვალი, 2016 • 1322
ვალუტის გატანასთან დაკავშირებული კანონპროექტი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პარლამენტს დაუბრუნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური რეფორმების სამსახურის ცობით, კანონპროექტი აზერბაიჯანიდან ვალუტის გატანის შეზღუდვაზე მეწარმეებისა და ინვესტორების თხოვნით პარლამენტს დაუბრუნდა. ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

2015 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა მანეთი მცურავი კურსის რეჟიმზე გადაიყვანა, მას შემდეგ რაც დოლართან და ევროსთან მიმართებით მისი ღირებულება განახევრდა. აღნიშნულის გამო, აზერბაიჯანში სასურსათო და არასასურსათო პროდუქტზე ფასები გაიზარდა. კომერციულმა ბანკებმა კი დოლარისა და ევროს გაყიდვა შეწყვიტეს.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ელმან რუსტამოვის განცხადებით 19 იანვარს აზერბაიჯანის პარლამენტმა “ვალუტის რეგულაციის” შესახებ კანონში შესწორებების შეტანას მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვითაც, ინვესტიციისთვის, ფასიანი ქაღალდების, უძრავი ქონებისა და მიწის შესაძენად ქვეყნიდან გატანილ ვალუტაზე 20%-იანი გადასახადი დაწესდება. გადასახადი არ ეხება 50 000 დოლარის რაოდენობაზე ნაკლებ თანხას ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში, გადასახადი არ შეეხება არც სწავლის და მკურნალობის გამო ქვეყნიდან გატანილ ვალუტას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს 19 იანვარს დაუბრუნა, თუმცა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ 10 თებერვალს გავრცელდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური რეფორმების სამსახურის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მეწარმეებისა და ინვესტორების მრავალი თხოვნის შემდეგ მიიღო.

აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატის, ჰაზან ფაროღლუს განცხადებით, პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნების გამო კანონპროექტს ხელახლა უნდა გადახედოს. დეპუტატი განმარტავს, რომ კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტმა 83 ხმით (სულ 125 პარლამენტარია) კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უნდა მიიღოს ან კანონპროექტი გააუქმოს.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი