სამხრეთ კავკასიის ამბები

ე.წ. პროპუსკის არქონის გამო, გარდაცვლილი ახალშობილის დედა ახალგორში არ შეუშვეს

12 თებერვალი, 2016 • 1432
ე.წ. პროპუსკის არქონის გამო, გარდაცვლილი ახალშობილის დედა ახალგორში არ შეუშვეს

გარდაცვლილი ახალშობილის დედა, რომელსაც შვილი თბილისიდან ახალგორის რაიონში უნდა გადაესვენებინა, ე.წ. პროპუსკის არქონის გამო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრზე არ გაატარეს. ახალგორში მხოლოდ გარდაცვლილი ბავშვის გადასვენება მოხერხდა. 10 თებერვალს დედა შვილის დაკრძალვას ვერ დაესწრო.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ახალგორიდან დევნილი ოჯახი წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. თუმცა, გარდაცვლილი ახალშობილის დაკრძალვა ოჯახმა გადაწყვიტა ახალგორში, სადაც დღემდე ცხოვრობენ მისი დარჩენილი ოჯახის წევრები.

აღნიშნული ინფორმაცია ნეტგაზეთს, ახალგორის რაიონში მცხოვრებმა თამარ მეარაყიშვილმა მიაწოდა. მისივე განმარტებით, ახალგორში ტრადიციის თანახმად, ახალდაბადებულ გარდაცვლილ ბავშვს მოხუცი ნათესავის საფლავზე მარხავენ. სწორედ ამიტომ გადაწყვეტა ოჯახმა დაღუპული ბავშვი ახალგორის რაიონში დაეკრძალა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რეგულაციით, საშვის გარეშე გადაადგილება ადმინიტრაციულ საზღვარზე იკრძალება. თუმცა, აქამდე გადაადგილება შესაძლებელი იყო მათთვის, ვინც დაკრძალვაზე, სპეციალური თანხმობის მიღების შემდეგ გადადიოდა. სპეციალური თანხმობა დაკრძალვის დღეს 10 ადამიანზე გაიცემოდა. აღნიშნული დაუწერელი რეგულაცია რამდენიმე კვირის წინ გაუქმდა.

Capturelk,

მასალების გადაბეჭდვის წესი