სამხრეთ კავკასიის ამბები

სასამართლომ ლეილა და არიფ იუნუსებს აზერბაიჯანის დატოვების ნებართვა არ მისცა

12 თებერვალი, 2016 • 1223
სასამართლომ ლეილა და არიფ იუნუსებს აზერბაიჯანის დატოვების ნებართვა არ მისცა

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, ბაქოს სასამართლომ ცოლ-ქმარს ლეილა და არიფ იუნუსებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასვლის ნებართვაზე უარი უთხრა.

ადვოკატის ელჩინ სადიგოვის განცხადებით, ცოლ-ქმარს ხარისხიანი მკურნალობა სჭირდება, რომელიც მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ კლინიკებშია ხელმისაწვდომი.

“პირებს, რომლებსაც თავისუფლება აღკვეთილი აქვთ, აზერბაიჯანის კანონმდებლობის მიხედვით ქვეყნის დატოვება არ შეუძლიათ, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია მათთვის ამ უფლების მინიჭება გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც საქმე ჯანმრთელობას უკავშირდება”,- ამბობს ადვოკატი “კავკაზსკი უზელთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ლეილა იუნუსს C ჰეპატიტი. არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი აქვს. ამას გარდა, შინაგანი ორგანოების პრობლემები აწუხებს და მხედველობა მკვეთრად გაუუარესდა.

“მას აუცილებლად ესაჭიროება რამდენიმე რთული ოპერაცია. არიფ იუნუსი კი მესამე სტადიის სიცოცხლისთვის საშიში არტერიული ჰიპერტენზიით იტანჯება, სისხლის წნევა რეგულარულად 240/120-ზეა”

ადვოკატის თქმითვე, იუნუსების მიმართვა ქვეყნიდან გასვლის ნებართვაზე 11 თებერვალს იასამალის რაიონულმა სასამართლომ განიხილა, თუმცა არ დააკმაყოფილა. ადვოკატის განცხადებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

2015 წლის 13 აგვისტოს ბაქოს სასამართლომ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს 8,5 და მის ქმარს, არიფ იუნუსს 7 წელი თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა. სასამართლომ არიფ იუნუსი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. იუნუსებისა და სხვა უფლებადამცველების დაკავების გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოება აკრიტიკებდა და მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავდა.

9 დეკემბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს აღკვეთის ღონისძიება პირობითი სასჯელით შეუცვალა. შესაბამისად, ლეილა იუნუსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. არიფ იუნუსს 12 ნოემბერს ბაქოს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის ფორმა, ასევე, შიდა პატიმრობით შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი