სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ცნობით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის ჯარისკაცი დაიღუპა

8 თებერვალი, 2016 • 1681
აზერბაიჯანის ცნობით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის ჯარისკაცი დაიღუპა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 6 თებერვალს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია, რის შედეგადაც აზერბაიჯანის მხარემ საპასუხო დარტყმა განახორციელა, რამაც მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა გაანადგურა და ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. “კავკაზსკი უზელის” ცნობით, უწყებამ მომხდარის შესახებ ვიდეომასლაც გაავრცელა, რომელიც დამონტაჟებულია.

გამოცემის ცნობით, გავრცელებული ვიდეოს პირველივე წამებიდან ჩანს, რომ სამხედრო ტექნიკის გვერდით ადამიანები არიან, თუმცა ვიდეო წყდება. ამის შემდეგ კი იგივე ტერიტორია ჩანს ცეცხლის გახსნის შემდეგ, თუმცა ტერიტორიაზე ადამიანის კვალი აღარაა.

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის მხარეებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი