სამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთში მიწის გაყიდვაზე საუბარი უნდა დასრულდეს

7 თებერვალი, 2016 • 1564
ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთში მიწის გაყიდვაზე საუბარი უნდა დასრულდეს

 

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით,  აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ მსჯელობისას ხშირად ერთმანეთში ურევენ ცნებებს ზოგადად უძრავი ქონების გაყიდვისა და საცხოვრებელი სახლის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის შესახებ.

“ჩვენ დიდი ხანია ვყიდით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და ეს ადამიანების უკმაყოფილებას იწვევს”,- განაცხადა ხაჯიმბამ 2 თებერვალს აფხაზეთის მედიის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.

მისივე თქით, ამგვარი გადაწყვეტილებები მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო იქნა მიღებული:

“ზოგიერთი ობიექტი, რომელიც საკურორტო ზონას წარმოადგენს, უკვე გაყიდულია. ამიტომ მიწის გაყიდვაზე საუბარი აღარ უნდა ხდებოდეს. კონსტიტუციის თანახმად, ეს საკითხი რეფერენდუმზეც კი არ შეიძლება იქნას გატანილი. რაც შეეხება უცხოელი მოქალაქეებისათვის საცხოვრებელი სახლების მიყიდვას, ამ საკითხზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, ვფიქრობ, სწორი მიდგომებით აღნიშნული საკითხის გადჭრა ყველასთვის მისაღები ფორმით სავსებით შესაძლებელია”,- განაცხადა ხაჯიმბამ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი სახლების მიყიდვის საკითხს მოწესრიგება სჭირდება, რადგან ამ მიმართულებით სიტუაცია უკონტროლოა:

“პატრიოტული რიტორიკის გამოყენება ამ საკითხზე მსჯელობისას უადგილოა. ჩვენ ყველა პატრიოტები ვართ და ადამიანებით მანიპულირება საჭირო არ არის. ვიცნობ სხვა პოლიტიკური ძალების დამოკიდებულებას, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქონების მიყიდვის საკითხის დასარეგულირებლად სპეციალური კომისიის შექმნის იდეით გამოდიან. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით საერთო ენას და ეს საკითხი ჩვენი მოქალაქეებისთვის სასარგებლოდ გადაწყდება”,- განაცხადა ხაჯიმბამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი