რაულ ხაჯიმბა: ჟენევის დისკუსიის ფორმატში გამართული შეხვედრები სასარგებლოა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მხარეს პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვა აქვს, ჟენევის დისკუსიის ფორმატში გამართული შეხვედრები სასარგებლოა.  sputnik abkhazia-ს ცნობით, ეს განცხადება ხაჯიმბამ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელ ანტი ტურუნენთან შეხვედრისას განაცხადა

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი პოზიცია არსებულ მოედნებზე გავიტანოთ და ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობა ჩვენ ამ შესაძლებლობას გვაძლევს. მაგრამ საკითხს მეორე მხარეც აქვს – რამდენიც არ უნდა იძახო ხალვა, პირში ტკბილი გემო არ გექნება. ჩვენ ყოველთვის გვესმის, რომ მზაობა საუბრის გასაგრძელებლად არსებობს, მაგრამ არსებული ვითარება სიტუაციის გაუმჯობესებაზე არ მიანიშნებს”- აცხადებს ხაჯიმბა.

გამოცემის ცნობით, ხაჯიმბამ მოუგვარებელ საკითხებს შორის აფხაზეთის მოსახლეობის ევროპაში გადაადგილების პრობლემა და აფხაზეთის რესპუბლიკის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აღიარების საკითხი დაასახელა. მისივე თქმით, ჟენევის დისკუსიების შედეგები უფრო საგრძნობი უნდა იყოს. ხაჯიმბას თქმით, საკითხი, რომელიც საქართველოს მხრიდან თავდაუსხმელობის შეთანხმებას ეხება, ჯერ კვლავ მოუგვარებელია.

“მოხარული ვარ აფხაზეთში ყოფნით, 2016 წელს ეს ჩემი პირველი ვიზიტია. იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება. ჩვენ გავეცანით ბოლო განცხადებებს  იმასთან დაკავშირებით, თუ რა სარგებელი მოაქვს ჟენევის დისკუსიებს. ჩვენ ასევე ვაკვირდებით ნიშნებს, რომ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში გარკვეული პრობლემები არსებობს და არსებული საკითხების გადასაწყვეტად ახალი მიდგომებია საჭირო”,- ანტი ტურუნენის განცხადებას sputnik abkhazia ავრცეელებს

რაულ ხაჯიმბასა და ანტი ტურუნენს შორის შეხვედრა აფხაზეთში 4 თებერვალს გაიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com