სამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისმა სოხუმს შესაძლოა ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვა კვლავ მოსთხოვოს

25 იანვარი, 2016 • 1216
თბილისმა სოხუმს შესაძლოა ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვა კვლავ მოსთხოვოს

საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ხელმძღანელი და მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე ამბობს, რომ აფხაზეთს ენერგომიწოდება  შესაძლოა კიდევ უფრო შეეზღუდოს. თუმცა ხაზს უსვამს, რომ ნაკლები ნალექის გამო წარმოქმნილი წყლის დონის ნაკლებობა “ენგურჰესში” დანარჩენ საქართველოს  ელექტრომომარაგებას საფრთხეს არ შეუქმნის.

“წელს, სხვა წლებთან შედარებით, მართლაც ნაკლები იყო ნალექი დასავლეთ საქართველოში და, შესაბამისად, ენგურში შემოდინება უფრო დაბალია, ვიდრე საშუალოდ ხდება ხოლმე. ასეთი წლები ყოფლა ადრეც, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია არ არის, მიუხედავად იმისა, რომ წყლის დონე შედარებით უფრო დაბალია, ვიდრე საშუალოდ ამ პერიოდში. ეს ელექტროენერგიის მოწოდებას საფრთხეს არ უქმნის”,-ამბობს ზუმბურიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

25 იანვრიდან 15 აპრილამდე აფხაზეთის რაიონებს ელექტოენერგია განრიგით მიეწოდება. ელექტროენერგიის მიწოდება 24 საათში 2-ჯერ შეწყდება, დღისით და ღამით, 2 საათის მანძილზე.

სულხან ზუმბურიძის თქმით, აფხაზეთში ბოლო თვეების მანძილზე ელექტოენერგიის მოხმარება მძიმე ზამთრის გამო ძალიან გაიზარდა, ეს კი ნაკლები ნალექის პირობებში უფრო მეტ ტვირთად დააწვა “ენგურჰესს”. შესაბამისად, ქართულმა მხარემ დააყენა მოთხოვნა, აფხაზეთმა მოიხმაროს იმდენი ენერგია, რამდენსაც აქამდე მოიხმარდა:

“მხარეები შევთანხმდით, რომ ეს შეზღუდვები აუცილებელია, რათა მათი მოხმარება დაკმაყოფილდეს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც აქამდე ვიყავით შეთანხმებული. დავაკვირდებით სიტუაციას და შეიძლება უფრო მეტი შეზღუდვაც მოვთხოვოთ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს მხარეს ელექტროენერგიის მიწოდებაში არავითარი შეზღუდვა არ ექნეს და ეს არც მოხდება. ეს არის ზუსტად ერთ-ერთი მიზეზი და ჩვენ წინასწარ პრევენციის სახით აღნიშნული საკითხი დავაყენეთ აფხაზურ მხარესთან”

დღეისათვის ყოველდღიურად აფხაზეთი  7.8 მილიონ კილოვატსაათ ელექტროეენერგიას მოიხმარს, ეს რაოდენობა კი 50 მეგავატის სიმძლარით შემცირდება (1.2 მილიონ კილოვატსაათით). სულხან ზუმბურიძის თქმით, ეს 50 მეგავატი არის იგივე მოცულობა, რა მოცულობითაც არის გაზრდილი მოხმარება. სულხან ზუმბურიძის განცხადებით, აფხაზურ მხარეს შეზღუდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესში უკმაყოფილება არ გამოუხატავს:

“ადეკვატურად აღიქვეს ის ინფორმაცია, რაც მივაწოდეთ – რომ ეს არის დონე და ეს არის თქვენი მოხმარება და იმისთვის, რომ გრძელვადიანად ჩვენ ყველამ შევასრულოთ ის ვალდებულებები, რაც გვაქვს, საჭიროა მოსახლეობის შეზღუდვა. ეს მტკივნეული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამ ეტაპზე საჭიროა.  ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რომ ენგურის დონე შევინარჩუნოთ იმ ნიშნულზე, რაც უსაფრთხოა მისი ექსპლოატაციისთვის”,-ამბობს ზუმბურიძე.

ზუმბურიძე არ გამორიცხავს, რომ აფხაზურ მხარესთან უფრო მეტი ელექტროენერგიის მოხმარების საკითხიც დააყენონ:

“ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, იქნება თუ არა არსებული შეზღუდვა საკმარისი. აპრილამდე ამ რეჟიმში ვართ, მაგრამ შესაძლოა თებერვალში კიდევ მოხდეს ამ საკითხის დაყენება ან მოხსნა, იმ შემთხვევაში, თუ  თებერვალი თბილი იქნება  და უხვი ნალექი გვექნება, მააგრამ თუ-ზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, წინასწარ ზომები მივიღეთ”.

მიხედავად “ენგურჰესში” წყლის დონის ნაკლებობისა, საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქართულ მხარეს ენერგომიწოდების პრობლემა არ ექნება, რადგან ელექტომომარაგების წყაროები მეტადაა დივერსიფიცირებული:

“ენგური აფხაზებისთვისაა ერთადერთი წყარო, ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტი წყაროები- როგორც შიდა, ისე გარე წყაროები. ენგური ჩვენთვის მნიშვნელოვანი სადგურია, მაგრამ იმ კუთხით, რომ რაიმე ტიპის მოხმარების შეზღუდვა გამოიწვიოს, კრიტიკული არაა”,- ამბობს სულხან ზუმბურიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი