სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთს ელექტროენერგია განრიგით მიეწოდება

25 იანვარი, 2016 • 1482
აფხაზეთს ელექტროენერგია განრიგით მიეწოდება

“ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელობამ 25 იანვრიდან 15 აპრილამდე აფხაზეთში ელექტოენერგიის განრიგით მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას “აფსნიპრესი” ავრცელებს.

“თუ განრიგის სისტემაზე ახლა არ გადავალთ, მარტიდან შესაძლოა ჰიდროელექტროსადგურის ბოლომდე გათიშვის საფრთხის წინაშე დავდგეთ.  იძულებული ვართ ამ ზომას მივმართოთ, რადგან მოცემულ სიტუციაში ეს ერთადერთი ალტერნატივაა”,- განაცხადა “ჩერნომორენერგოს” გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ.

მისივე თქმით, კომპანიის თანამშრომლები შეეცადნენ მაქსიმალურად კომფორტული გრაფიკი შეემუშავებინათ აფხაზეთს ყველა რეგიონისთვის. ელექტროენერგიის მიწოდება 24 საათში 2-ჯერ შეწყდება, დღისით და ღამით, 2 საათის მანძილზე. ბასარიას თქმით, ზომების მიღება ბუნებრივმა პირობებმა განაპირობა:

“ენგურჰესი სეზონური კომპლექსია და ელექტროენერგიის ძირითადი გამომუშავება ზაფხულის პერიოდში ხდება. ზამთარში წყლის დონე ეცემა. 2015 წლის ზაფხულში დასავლეთ საქართველოში გვალვა იყო და ამიტომ ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე რეკორდულად, 17 მეტრით დაეცა”.

ბასარიას განცხადებით, ზამთრის პერიოდში აფხაზეთი 100%-ით იყენებს ენგურჰესის და ვარდნილი ჰესის მიერ გამომუშავებულ ენერგიას. მისი თქმით, ზომების მიღების შემდეგ ელექტროენერგიის მოხმარება ყოველდღიურად 50 მეგავატის სიმძლავრით შემცირდება.

საქართველოს ენერგეტიკის აკედემიის პრეზიდენტის, რევაზ არველაძის თქმით, “ენგურჰესისის” წილი საქართველოს მთელ ენერგობალანსში 40 პროცენტია. ჰესის წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატსაათს აღემატება, აქედან მილიარდზე მეტი კილოვატ აათი (40%) ელექტროენერგია აფხაზებს მიაქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი