სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალეს

13 იანვარი, 2016 • 2187
აზერბაიჯანში აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალეს

აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ სიაზანში 13 იანვარს პოლიცია და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დემონსტრანტები ფასებისა და უმუშევრობის ზრდას აპროტესტებდნენ. “კავკაზსკი უზელის” ცნობით, არიან დაკავებულებიც.

დღეს 500-დან 1000 ადამიანამდე შეიკრიბა სიაზანში, აღმასრულებელი ხელისუფლების შენობის წინ მოედანზე და ხელისუფლებისგან ფასების შემცირება მოითხოვა. დაახლოებით 11:00 საათზე პოლიციამ მომიტინგეების დაშლა დაიწყო, თუმცა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.

“კავკაზსკი უზელი” წერს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ქალაქში სწრაფი რეაგირების ძალებიც შეიყვანეს და მოედანი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. გამოცემის ცნობით, პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელახლა შეკრების საშუალებას არ აძლევს, ხოლო 30-40 ადამიანი დაკავებულია.

სიაზანის რაიონულმა პოლიციამ “კავკაზსკი უზელს” განუცხადა, რომ აქცია არ იყო სანქცირებული და სამართალდამცველებმა შესაბამისი ზომები მიიღეს მის აღსაკვეთად. პოლიციის წარმომადგენელმა დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. აღნიშნულთან დაკავშირებით არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც გენერალური პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს.

აქცია ფასების ზრდასთან დაკავშირებით 12 იანვარსაც გაიმართა ქალაქ ლიმანში, სადაც 100-მდე ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებმა ასტარა-ბაქოს ტრასა გადაკეტეს, მაგრამ ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ დაიშალნენ. აქციაში მონაწილეობის გამო პარტია “აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის” ფილიალის ხელმძღვანელი ნაზიმ ჰასანილი და პარტია “მუსავატის” აქტივისტი იმან ალიევა დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი