სამხრეთ კავკასიის ამბები

“მუსლიმთა ერთიანობის” დაკავებული ლიდერის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აწამებენ

8 იანვარი, 2016 • 2092
“მუსლიმთა ერთიანობის” დაკავებული ლიდერის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აწამებენ

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, “მუსლიმთა ერთიანობის” დაკავებული ლიდერის ტალეჰ ბაგირზაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აწამებენ. მისივე თქით, ბაგირზაძეს სასურველი ჩვენების მისაღებად და სხვა პირების ცილისწამების მიზნით აწამებდნენ, თუმცა ბაგირზაძე ამას არ დათანხმდა.

შიიტი ღვთისმეტყველი ტალეჰ ბაგირზაძე მოძრაობა “მუსლიმთა ერთიანობის” სხვა აქტივისტებთან ერთად 26 ნოემბერს ნარდარანში დააკავეს. მათ დაკავებას პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 პოლიციელიც.

ბაგირზაძის ადვოკატმა ჯავად ჯავადოვმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების დარღვევის შესახებ პირველად 18 დეკემბერს განაცხადა. მან გენერალურ პროკურორსაც მიმართა და მიმართვის ტექსტი მედიით გაავრცელა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში ჰყავთ და არა ციხეში. იგი ასევე ამბობდა, რომ ბაგირზაძესთან ადვოკატს არ უშვებდნენ.

მიმართვის შემდეგ, ადვოკატი მოკლე დროით ტალეჰ ბაგირზაძეს შეახვედრეს. ჯავად ჯავადოვის თქმით, ბაგირზაძეს წამებისას ცხვირი გაუტეხეს და აღიარებით ჩვენებასა და სხვა პირების დასახელებას სთხოვდნენ.

“იგი ასევე ვერ სარგებლობს უფლებით, კვირაში ერთხელ ესაუბროს ოჯახის წევრებს და ვერც ოჯახიდან გამოგზავნილ ამანათებს იღებს, მათ შორის ტანსაცმელსაც”, – ამბობს ადვოკატი “კავკაზსკი უზელთან” საუბრისას.

დაკავებულის ადვოკატმა ბაგირზაძის უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. სასამართლო სხდომა 6 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ 15 იანვრისთვის გადაიდო. ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლო სხდომაზე წამების დასამტკიცებლად სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.

ბაგირზაძის წამებასთან დაკავშირებით “კავკაზსკი უზელთან” კომენტარზე უარი განაცხადა როგორც პოლიციამ, ისე გენერალურმა პროკურატურამ.

ტალეჰ ბაგირზაძეს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული. მას ბრალად ედება, მკვლელობა, ტერორიზმი, მასობრივი არეულობის ორგანიზება, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა/ტარება, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ქმედებების ორგანიზება, უკანონო შეიარაღებული ჯგუფების ფორმირება, რეალიგიური სიძულვილის წახალისება, ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა.

ტალეჰ ბაგირზაძე აზერბაიჯანელმა უფლებადამცველებმა პოლიტპატიმრად აღიარეს. იგი 2013 წლის ნოემბერშიც დააკავეს 2 წლით ნარკოტიკების შენახვისა და გასაღების ბრალდებით. ბაგირზაძე ბრალდებას მაშინაც უარყოფდა, იგი 2015 წლის ივლისში გათავისუფლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი