სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ოპოზიციონერი დააკავეს

7 იანვარი, 2016 • 2140
აზერბაიჯანში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ოპოზიციონერი დააკავეს

აზერბაიჯანში სოფელ ნარდარანის ერთ-ერთი უხუცესი წევრი ნატიგ კერიმოვი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. “კავკაზსკი უზელის” ცნობით,  იგი აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის იზოლატორში იმყოფება. დაკავებულის შვილმა კიამრან კერიმოვმა განახადა, რომ საბაილის რაიონული სასამართლო მას აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებს.

დაკავებულ ნატიგ კერიმოვის შვილი ამბობს, რომ მამამისი 6 იანვარს, 12:30 საათზე #62 სკოლასთან დააკავეს, სადაც შვილიშვილს მიაკითხა. დაკავებულის ადვოკატის თქმით, კერიმოვს ბრალი 274-ე მუხლით წარუდგინეს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნატიგ კერიმოვი ოპოზიციური ეროვნული საბჭოს “დემოკრატიული ძალები აზერბაიჯანისთვის” წევრია. იგი აქტიურად საუბრობდა მედიასთან ნარდარანში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, 26 ნოემბერს ნარდარანში ჩატარებული სპეცოპერაციის  შემდეგ 14 ადამიანი დააკავეს, მათ შორის მოძრაობა “მუსლიმთა ერთიანობის” ლიდერი ტალეჰ ბაგირზაძე. გამოცემის ცნობით, სპეცოპერაციამ არეულობა გამოიწვია, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. შეიარაღებულმა ძალებმა პირველ დეკემბერს სოფელში ჯავშანტექნიკაც ჩააყენეს.  5 იანვარს კი არეულობის გამო დაკავებულ 57 ადამიანს საპატიმრო ვადა დაუმთავრდათ და გათავისუფლდნენ. პატიმრობაში ამ დრომდე რჩება 14 ადამიანი, რომლებიც 15 იანვარს უნდა გათავისუფლდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი