სამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხს უბრუნდება

29 დეკემბერი, 2015 • 1164
თიბილოვი რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხს უბრუნდება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაავალა სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი შეიმუშაოს.

“რეფერენდუმი ჩასატარებელია, თუმცა მისი ჩატარების ვადები ჯერ არ არის განსაზღვრული. მე უკვე დადავალე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ საკითხის შემუშავება. კონკრეტულად კი, რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, სადაც ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთს შეუძლია შევიდეს კავშირში სხვა სახელმწიფოებთან ერთად და თავისი უფლებამოსილებების ნაწილი კავშირის ორგანოებს გადასცეს”, – განაცხადა თიბილოვმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, რეფერედუმი ჩატარდება 2017 წლის აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბევრად ადრე.

რეფერენდუმის ჩატარებაზე პირველი განცხადება ლეონიდ თიბილოვმა რამდენიმე თვის წინ გააკეთა. მაშინ ამ განცხადებას კრემლიც გამოეხმაურა, თუმცა თიბილოვის ინიციატივას გაემიჯნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი