სამხრეთ კავკასიის ამბები

კომპრომისი რუსეთიდან აფხაზეთის დაფინანსების სანაცვლოდ

17 დეკემბერი, 2015 • 1911
კომპრომისი რუსეთიდან აფხაზეთის დაფინანსების სანაცვლოდ

2015 წელი აფხაზეთისთვის იოლი არ ყოფილა. რესპუბლიკამ რუსეთიდან დაპირებული 5 მილიარდი რუბლის მხოლოდ 10%, 450 მილიონი რუბლი მიიღო. ამის გამო ბიუჯეტი ორჯერ შემცირდა, რასაც ემატება ისიც, რომ რუბლის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ ორჯერ დაეცა.

ცხადია, ამ ფონზე ხელისუფლებას უწევს ბევრი საუბარი მიღწეულ წარმატებებზე: მაგალითად, იმაზე, რომ რუსული დაფინანსების არქონის პირობებში ხელისუფლებამ შეძლო საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლების ხელფასების ანაზღაურება; ან იმაზე, რომ გაიზარდა ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები. თუმცა ეკონომიკური სიტუაცია აშკარად უარესდება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია რუსეთში კრიზისით და შეუძლებელია, ეს არ აისახოს ხელისუფლების რეიტინგზე.

აფხაზურ ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთ-თურქეთის კონფლიქტმა. “სტრატეგიულ პარტნიორთან” მეგობრობის გამო ამ კვირაში რესპუბლიკას არცთუ ისე სიმბოლური საფასურის გადახდა მოუწია. ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთმა თურქულ გემებს თავის აკვატორიაში თევზჭერა აუკრძალა. სოფლის მეურნეობის მინისტრ თემურ ეშბას არ დაუმალავს ამის მიზეზი და პირდაპირ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ “რუსეთსა და თურქეთს შორის განვითარებული მოვლენების” გამო. თევზჭერის სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, რუსულ სეინერებს კი არ შეუძლიათ თურქულის ჩანაცვლება. შედეგად, რესპუბლიკა იმ შემოსავლის გარეშე დარჩება, რამაც გასულ წელს ბიუჯეტში 150 მილიონი რუბლი შეადგინა.

რაულ ხაჯიმბას გუნდს თანხა ჭირდება, რადგან ფინანსების გარეშე კიდევ ერთი წელიწადი შეიძლება სოციალურ აფეთქებად შემოუბრუნდეთ. ამის გამო, როგორც ჩანს, გარდაუვალი იქნება რუსეთთან დათმობებზე წასვლა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში სოხუმს მოულოდნელად ეწვია რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი რაშიდ ნურგალიევი, რათა სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების დამატებითი ხელშეკრულებების მიღების პროცესის ინსპექტირება განეხორციელებინა. ამ ხელშეკრულებებზე ხელმოწერები სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, ანუ უკვე ყველანაირი ვადა ამოწურულია.

დახურული მოლაპარაკებების შედეგებზე სამშაბათს პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ყველა უთანხმოება მოხსნილია და ამ დოკუმენტებს ხელი მალე მოეწერება, რის შემდეგაც რატიფიცირებისთვის აფხაზეთის პარლამენტსა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გაიგზავნება.

მთავარი უთანხმოების თაობაზე სტატია “ნეტგაზეთისთვის” ივნისში დავწერე – “აფხაზების უარი კრემლის ახალ შეთავაზებაზე”. შეგახსენებთ, რომ მაშინ აფხაზეთის პარლამენტმა არ მიიღო ხელშეკრულების რუსული ვარიანტი შინაგან საქმეთა ორგანოების რუსულ-აფხაზური საინფორმციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ. მოსკოვის წინადადება იყო, რომ შექმნილიყო სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანდებოდა რუსეთიდან დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე 400 თანამშრომელი, ანუ მათ ვერ დაეკისრებოდათ ვერანაირი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან, რუს ძალოვნებს შეეძლოთ აფხაზეთში ეწარმოებინათ დაკავება, პირადი ჩხრეკა, გამოეყენებინათ იარაღი, სპეცსაშუალებები, განეხორციელებინათ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა (დახურულად ან გამჭვირვალედ). პროექტში გაწრილი იყო სატელეფონო საუბრების მოსმენა, საფოსტო გზავნილების კონტროლი, ოპერატიული თვალთვალი და ა.შ. უფრო მეტიც, რუს ძალოვნებს სურდათ მიეღოთ უფლება, რომ უპრობლემოდ შესულიყვნენ აფხაზეთის ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებებში.

მას შემდეგ, რაც აფხაზეთის პარლამენტში ჩავარდა შეთანხმების პროექტი, მისი განხილვა “სტრატეგიულ პარტნიორთან” მთლიანად დახურულ რეჟიმში გადავიდა. სამშაბათს კი, დახურული მოლაპარაკებების შემდეგ, აფხაზეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა მუჰამედ კილბამ, ბოლოს და ბოლოს, ისაუბრა მოლაპარაკებების პროცესის შესახებ: “კამათი – რბილად ნათქვამია. იყო ამა თუ იმ პოზიციის ან მუხლის კატეგორიული მიუღებლობა… მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო რუსულ მხარეს: ისევე როგორც შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა ერთი წლის წინ, ასევე ყველა სხვა დანარჩენი შეთანხმებები, საბაზისო მაკეტები ჩვენი უწყებების მიერ იქნა შემუშავებული. ვფიქრობ, ჩვენ ვიპოვეთ კომპრომისი, რომელიც მისაღებია ორივე მხარისთვის…”

სამწუხაროდ, მუჰამედ კილბამ მხოლოდ ერთი კონკრეტული დათმობის შესახებ ისაუბრა, რაზეც მოსკოვი დათანხმდა. აფხაზეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის პირადი შემადგენლობა 400-დან 20 თანამშრომლამდე შემცირდა: “აქ იყო არსებითი დათმობა, ასეთი მომენტები ბევრია,” – თქვა კილბამ.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს თავის მოკატუნებას. ასეთია პოლიტიკური ვაჭრობის წესი: გინდა 20? – მოითხოვე 400, რომ მერე 20-ზე შეთანხმდე! დიპლომატიური სტატუსის მქონე 20 რუსი ძალოვანის შემოყვანა აფხაზეთში არ შეიძლება იყოს რაიმე კომპრომისი, ეს არის კრახი, რომლის ლამაზი ფრაზებით შეფუთვა უწევს აფხაზეთის მთავრობას.

კიდევ რამდენი ასეთი კრახი იმალება დამატებით ხელშეკრულებებში, რომელთა შეთანხმება დასრულებულია? – ამას ალბათ უახლოეს მომავალში შევიტყობთ, როცა ეს დოკუმენტები რატიფიცირებისთვის აფხაზეთის პარლამენტში შევა. ეს არის ერთადერთი სახელისუფლებო ორგანო აფხაზეთში, რომელსაც შეუძლია კლანჭები გამოაჩინოს მოსკოვის მორიგი სურვილის საპასუხოდ, რომ სრული კონტროლი მოიპოვოს რესპუბლიკაზე. აღმასრულებელი ხელისუფლება დროს მთელი წელი ჭიმავდა, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა დიდ შეთანხმებას რუსეთთან, მაგრამ მისი რესურსი კრემლთან სავაჭროდ, ცხადია, რომ უკვე ამოწურულია.

თუმცა, როგორც ჩანს, აფხაზეთი მიიღებს თანხას რაულ ხაჯიმბას გუნდის მიერ რუსეთთან ვაჭრობის შედეგად. ყველა დამატებითი ხელშეკრულების ხელმოწერის საპასუხოდ კრემლი ფინანსურ ონკანს, ალბათ, გახსნის. ბოლოს და ბოლოს, მწარეს რაღაც ტკბილი უნდა მოყვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი