სამხრეთ კავკასიის ამბები

წინა ხელისუფლების ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა: როგორი იქნება გაგრძელება?

15 დეკემბერი, 2015 • 2494
წინა ხელისუფლების ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა: როგორი იქნება გაგრძელება?

1990-იანები საქართველოში ძალიან სპეციფიკური დამოკიდებულებების ათწლეული იყო. ამ დამოკიდებულებებში ჩეჩნების მიმართ ადვილად ასახსნელი აგრესიაც შედიოდა. მაგრამ როდესაც ამ ხალხის ტანჯვამ რაღაც ნიშნულს მიაღწია, 1992-93 წლებიდან შემორჩენილი განცდა ბევრს დაგვავიწყდა.

2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში და შემდგომ, ინტერნეტში გატარებულმა საათებმა ბევრ ჩვენგანს გაუფართოვა ვირტუალური ნაცნობობის არეალი. სწორედ მაშინ ერთ-ერთ ფორუმზე გავიცანი რუსტამ ა. – ლენინგრადში დაბადებული და საფრანგეთში მცხოვრები ჩეჩენი. რუსტამს ყველანაირ ქართველთან სიამოვნებდა ურთიერთობა. მითხრა, მამაჩემს იმ შეგონებით ვყავარ გაზრდილი, რომ ორიენტაცია ყოველთვის საქართველოზე მქონდესო, თუმცა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გაგონება არ უნდოდა. ამ ანტიპათიას ბევრი მიზეზი ჰქონდა. თუ სწორად მახსოვს, მისგან გავიგე, როგორ გადმოსვეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მატარებლიდან ჩეჩენი უფლებადამცველი ნატალია ესტემიროვა და ქვეყენაში არ შემოუშვეს.

Human Rights Watch-ის ერთ-ერთი ანგარიშით, ხსენებულ დათბობის წლებში წინა ხელისუფლებას საქართველოში მცხოვრები 80 ჩეჩენი ჰყავდა გადაცემული რუსული მხარისთვის. ეს რუსეთის მაამებლობის ის პერიოდი იყო, რომლის გახსენებაც ახლა ბევრს აღარ უნდა. გარდატეხა, რასაკვირველია, 2008 წელს მოხდა, როცა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ მოკავშირეების ძიება სამეზობლოში დაიწყო. რეჟიმთან შეურიგებელმა ჩეჩნებმა ბევრი რამ გვაპატიეს საპასუხოდ.

მახსოვს ჩერქეზი ჟურნალისტის და ყოფილი აქტივისტის ფატიმა ტლისოვას (“რადიო თავისუფლება“) ანტიქართული, პროაფხაზური სტატიები. ერთში რაღაც ისეთს წერდა, რასაც სიმართლესთან არაფერი ჰქონდა საერთო და ფეისბუკზე, როგორც ჩემს “ფრენდს“, მივწერე, რომ ზოგიერთი მისი მოსაზრება რეალობისგან შორს იყო. მგონი, პასუხი არ მიმიღია.

ფატიმა ტლისოვა მალე რეალურ ცხოვრებაში ვნახე. 2010 წელს თბილისში ჩატარებულ კონფერენციაზე – „მიჩქმალული ერები – ჩერქეზები და ჩრდილოკავკასიელი ხალხები წარსულსა და მომავალს შორის“ – მარია ბენინგსენი, ჩრდილოეთ კავკასიის ისტორიის ცნობილი მკვლევარი თითქმის ატირებული ახალგაზრდა ქალის დამშვიდებას ცდილობდა . ეს სცენა თავიდან ვერ ამოვიგდე და დღის ბოლოს მარია ბენინგსენს ვკითხე, რაში იყო საქმე. ჩერქეზებს, რომლებიც აფხაზეთის ომიდან მოყოლებული ქართველებისადმი მტრულ პოზიციას ინარჩუნებდნენ, ყოველ შემთხევაში, მათ ერთ ნაწილს, თბილისში ჩამოსვლისათვის და მათი აზრით, ამ საეჭვო კონფერენციაში მონაწილეობისთვის ფატიმა მოღალატედ გამოეცხადებინათ. 2010 წლის მარტში თბილისის ამ კონფერენციაზე მიღებული საგანგებო მიმართვის შედეგად რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების წინააღმდეგ წარმოებული ასწლიანი ომის შედეგები ( ჩერქეზთა საერთო ოდენობის მხოლოდ 5% დარჩა მათი სახლობის ისტორიულ არეალში) მსოფლიოში პირველად აღიარეს გენოციდად და მერე ბევრი რამ შეიცვალა. ფატიმა ტლისოვა, როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი, ჩერქეზების დიდი ნაწილისათვის თითქმის გმირად იქცა. რამდენიმე წლის შემდეგ მე, უცნობ ადამიანს, ფეისბუკზე კომენტირებისას მოულოდნელად მადლობა მითხრა, როგორც ქართველს: “რაც საქართველომ ჩვენთვის გააკეთა, არასოდეს დაგვავიწყდება“.

ჩერქეზების ნაწილთან ერთად, დაახლოებით ასეთივე მეტამორფოზა განიცადა იბრაჰიმ იაგანოვმა, აფხაზეთის ომის გმირმა, რომელსაც აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა და, როგორც განსაკუთრებული ღირსებების კაცს, აფხაზებიც მოწიწებით იხსენიებდნენ, ზოგი – დღემდეც კი. თბილისში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ იაგანოვმა აფხაზებს შეახსენა, რამდენი წელიწადია ომის შემდეგ გასული და რუსულ-გერმანული ურთიერთობის მაგალითით მიუთითა, რომ ურთიერთობის “დალაგების“ დრო დადგა. ფატიმა ტლისოვას მსგავსად, მონათესავე აფხაზების დიდმა ნაწილმა იაგანოვი მოიძულა. თუმცა, სამართლიანობისთვის, უნდა ითქვას, რომ დამამცირებელი ფორმით ამის გაკეთება არავის უცდია.

ამავე კონფერენციაზე განსახილველად გამოტანილი იყო ჩეჩნებისა და ინგუშების 1944 წლის მასობრივი დეპორტაციის გენოციდად ცნობის საკითხი. ამ გენოციდის აღიარება ქართველ ორგანიზატორებს საჭიროდ არ ჩაუთვლიათ, მიუხედავად იმისა, რომ ა) ინგუშები და ჩეჩნები სულ სხვა ემოციით იყვნენ საქართველოში ჩამოსულები, ვიდრე ჩერქეზები, რომლებიც ორგანიზატორებისგან და არაჩერქეზი მონაწილეებისგან თავს შორს იჭერდნენ; ბ) კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელმაც მონაწილეების დიდი ნაწილი შეარჩია და დაუკავშირდა, საფრანგეთში მომუშავე ჩეჩენი ისტორიკოსი მაირბეკ ვაჩაგაევი იყო. ინგუშები, თუ სწორად მახსოვს, საერთოდაც არ ყოფილან კონფერენციაზე. მათი ბედი, დღევანდელი პრობლემები, ქართულ სახელმწიფოსთან ნებისმიერი ურთიერთობის წყურვილი (მგონი, მათი ამ სურვილის ინტენსივობის აღსაწერად შესაფერისი სიტყვა იქნება) და ჩვენი ძალისხმევის მნიშვნელობა ამ ხალხისათვის იქვე მიივიწყეს და დღემდე არავის ახსენდება. ჩეჩნებში ამ იმედგაცრუებას ზოგი ცხარედ განიხილავდა, მაგრამ საბოლოოდ ქართულ პოზიციას თითქოს გაგებით მოეკიდნენ და მთლიანობაში, ჩრდილოეთ კავკასიისადმი წინა ხელისუფლების ამ მცირე ძალისხმევამაც ბევრი გულშემატკივარი შესძინა მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას.

გაღიზიანება იმის გამო, რომ 2010 წელს კონფერენციის ჩეჩენი მონაწილეები, პრაქტიკულად, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა (ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი დევნილი, რაც, რიგ შემთხვევებში, გამოსაძიებელ საქმეებს უკავშირდება და ამიტომ ამაზე წერას თავს ავარიდებ) საქართველოს ხელისუფლებამ, რჩება ჩეჩნების ერთ, შესაძლოა, მცირე ნაწილში, მაგრამ ეს ადამიანებიც კი მიიჩნევენ, რომ დადებითი და მათთვის სასარგებლოც ბევრი მოხდა ამ წლებში. ჩემი მეგობარი რუსტამი ახლა სააკაშვილის დიდი მხარდამჭერია. ამას წინათ ყოფილი პრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას ზოგმა ჩრდილოეთ კავკასიელმა წვრილმანი და უსამართლო ნაბიჯი უწოდა.

ახალი ხელისუფლების პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ, შეიძლება ითქვას, არ არსებობს. რუსეთის ფედერაციასთან დათბობის პოლიტიკას შეეწირა ის, რაც დაიწყო და რასაც ბევრი ჩრდილოეთ კავკასიელი “საქართველოს საკუთარი ისტორიული მისიის მიმართ გამოღვიძებას“ უწოდებდა, ხოლო დასრულებით კი იმ სურათით დასრულდა, როცა არათუ ჩეჩენი ეროვნების პირებს, არამედ ქისტებს, საქართველოს მოქალაქეებსაც კი ქვეყნის საზღვრის ყოველი გადაკვეთისას დამამცირებელი და მტრული დამოკიდებულებით ურთულდება მოგზაურობა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ სამაგიეროდ ეს პოლიტიკა თუ უპოლიტიკობა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ უფრო პატიოსანია. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დაუჯერებელი შეპირებები, რუსეთის ხელისუფლების გამოწვევა ამ ახალი პოლიტიკით არც ჩრდილოკავკასიელებს უთხოვიათ. კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა წინა ხელისუფლების ქმედებებში ხსენებული პოლიტიკის ნიშნები იკვეთებოდა. მაგალითად, ტელეარხ “პიკის“ გახსნის პირველი დღეები. მახსოვს, რას ამბობდნენ ჩრდილოკავკასიელები: იმედია, საქართველოს ხელისუფლებას გონიერება ეყოფა და არხს პროპაგანდის, ანტირუსული განწყობების გასაღრმავებლად კი არ გამოიყენებს (მეტად გაღრმავება არც ესაჭიროებოდა), არამედ საერთო პერსპექტივის, კულტურული ერთიანობის განცდას გააღვიძებსო.

დაღესტანელებს კონფერენციისგან სათავისო მოლოდინი არ ჰქონიათ და, შესაბამისად, ნეიტრალური დამკვირვებლის როლში მხოლოდ ზემოხსენებული ძალისხმევა დაამახსოვრდათ, როგორც საქართველოს ძველი და მივიწყებული ფუნქციის განახლების მცდელობა. “ჩვენი მდგომარეობა თითქმის უიმედოა“, მომწერა ერთხელ ამ ადამიანმა, “მაგრამ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობა, თვით ფაქტი, ის, რომ ასეთი წარმატებები აქვს, უკვე შუქურასავითაა ჩვენთვის, თან მცირე იმედსაც იძლევა. ვინ იცის, ოდესმე იქნებ ჩვენც “გამოვძვრეთ“.

მთლიანობაში, წინა ხელისუფლების რამდენიმე გადაწყვეტილება, მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის დაწესება, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა რუსეთის ფედერაციიდან მომავალი აღშფოთებული კომენტარების ფონზე მათგან აღქმული იყო, როგორც განსაკუთრებული ჟესტი, რომელიც მათ დიდი მადლიერებით მიიღეს.

2010 წლის კონფერენციის ჩატარების ჩანაფიქრი აფხაზეთის თემას უკავშირდება, განზრახვა – აფხაზებსა და მათ ერთადერთ სანდო მოკავშირე ხალხს შორის ბზარის გაჩენა იყო, რაც, ზოგი სხვა ამოცანის მსგავსად, წინა ხელისუფლებამ თითქმის ბრწყინვალედ შეასრულა. ამ სიტყვას ირონიით არ ვხმარობ, რადგან დასახულ პარამეტრებს შედეგი სრულად წვდებოდა. რამდენიმე წელია, ინტერნეტში აფხაზებისა და ჩერქეზების ერთი ნაწილის შეჯახებებს ვადევნებ თვალს. ბზარი თუ ნაპრალი აშკარაა და ის შეძლება ჯერ ვერაფერმა ამოავსოს, თუ არა ქართული სახელმწიფოს მორიგმა, თუმცა კი ნაკლებ სავარაუდო, პრაქტიკულად შეუძლებელმა აგრესიამ.

პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს: საქართველოში თითქმის არ არსებობს გრძელვადიანი ხედვა იმისა, რაც კავკასიის რეგიონიდან შეიძლება გამოვიდეს – უფრო ვრცელი ჩარჩო, რომელიც საკუთარის, სამშობლოს, პასუხისმგებლობის ცნებას არეალს უფართოვებს და ქვეყნიდან რეგიონის საზღვრებამდე ფართოვდება. რეგიონში მცხოვრები ერთი ხალხისგან მეორისა და მესამის ერთმანეთისთვის წაკიდება ამ ფეთქებადსაშიშ რეგიონში დანაშაულია, და პირიქით – ყველაზე დიდმა მსხვერპლმა, როგორიც, მაგალითად, აფხაზეთის (და მხოლოდ მისი) აღიარებაა, მხოლოდ ამ მასშტაბსა და განზომილებაში შეიძლება შეიძინოს აზრი საქართველოს მოქალაქისთვის.

2010 წლის კონფერენციამ რაღაც თვალსაზრისით ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენ თვალწინ დაიგეგმა და მიღწეულ იქნა ერთი კონკრეტული ამოცანა, ჩერქეზი ხალხის საქართველოსკენ შემობრუნება. ამის შედეგს თითქმის ყოველდღე ვხედავ ფეისბუკზე, მაგალითად, ჩერქეზი მეგობრების კეთილგანწყობასა და პატივისცემაში. მაგრამ ეს ჩემთვის გეგმის მხოლოდ შესავალი ნაწილია. გეგმა დიდია და შესაძლოა ერთი ხელისუფლების ან თაობის თვალსაწიერი არ ეყოს. ამ გეგმას შეუძლია ერთი სულისკვეთების არეალად აქციოს ის ტერიტორია, რომელზეც ქართველები, ჩერქეზები და აფხაზები ცხოვრობენ. ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა. გასაზიარებელია შენიშვნა, რომ რუსეთის ფედერაციისათვის პრინციპულად მიუღებელი გეგმების “დაწყობისას“ საკუთარი უსაფრთხოების საკითხებიცაა გასათვალისწინებელი. ამასთან, სრულიად დაუშვებელია, პოლიტიკური თამაში ისეთ ავანტიურად იქცეს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ცალკეულ ადამიანებს საფრთხე დაემუქროს, მაგრამ ამ ერთობის შეკვრა ინტენსიური კულტურული და საზოგადოებრივი გაცვლა-გამოცვლით უნდა დაიწყოს.

კავკასიის ეს ჩრდილო-დასავლეთი არეალი რუსეთის იმპერიის მიერ მასობრივად განდევნილი ხალხის ტერიტორიებია. დიასპორაში ცხოვრობს რამდენიმე ასეული ათასი აფხაზი და (სხვადსხვა მონაცემებით) 7-10 მილიონი ჩერქეზი. ოდესმე მათი ნაწილის გონივრული რეპატრიაცია, თუნდაც ერთი მზაობით გაერთიანება კავკასიის რეგიონს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის იმისთვის, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ძლიერ რეგიონალურ მოთამაშედ აღმოცენდეს. კიდევ ორი მომენტის გამოყოფაა აუცილებელი: ამგვარი დიასპორები ჩრდილოეთ კავკასიის თითქმის ყველა ხალხს ჰყავს. მათი ნაწილი დასავლეთის ქვეყნებში ცხოვრობს, ნაწილი – თურქეთსა და წინა აზიის ქვეყნებში. ეს უმეტესად საშუალო ფენის მოქალაქეები არიან, გაცილებით უფრო სეკულარული განწყობის ხალხი, ვიდრე საკუთარ ტეროტორიებზე დარჩენილი მათი თანამემამულეები. შესაბამისად, მათი შემოსვლა რეგიონში არათუ გააჩენს ისლამიზმის საფრთხეს, არამედ გააზავებს და გაანეიტრალებს მას. ქართველი დევნილების მეტ-ნაკლებად საგრძნობი ოდენობის დაბრუნება აფხაზეთში (ეს ცალკე დიდი საკითხია, სადაც გარკვეული დიფერენციაციებია გასაკეთებელი და ერთი ცალკეული სტატიის თემაა) მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახდეს შესაძლებელი, რაც ცხადი გახდება, რომ ქართული სახელმწიფო აფხაზეთში ქართული ელემენტის გაძლიერებას, ანუ მხოლოდ ეთნიკური ქართველების “დაბინავებას“ კი არ ცდილობს, არამედ აფხაზი და ჩერქეზი ეთნოსების მიმართაც ემხრობა ისტორიული სამართლიანობის აღდგენას.

მასალების გადაბეჭდვის წესი