სამხრეთ კავკასიის ამბები

ქართულმა მხარემ ჟენევაში სალოცავებსა და საფლავებზე გასვლის საკითხიც დააყენა

11 დეკემბერი, 2015 • 1245
ქართულმა მხარემ ჟენევაში სალოცავებსა და საფლავებზე გასვლის საკითხიც დააყენა

ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ, 34-ე რაუნდზე რამდენიმე საკითხი დააყენა, მათ შორის რელიგიურ დღესასწაულებზე სალოცავებსა და საფლავებზე გასვლის.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ჯგუფის ცენტრალურ თემად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება, რომელშიც გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების მყარი მხარდაჭერა. გარდა ამისა, ჩვენ ამ რაუნდზე რამდენიმე საკითხი დავაყენეთ. შედგა გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების საკითხის ხანგრძლივი განხილვა. საერთაშორისო პარტნიორებმა მყარი მხარდაჭერა გამოხატეს ჩვენი პოზიციის მიმართ, მათ აღნიშნეს, რომ შეეცდებიან, გამონახონ ამ პრობლემის მოგვარების საერთაშორისო ინსტრუმენტი. ასევე, განვიხილეთ ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ქართული სოფლების მოსახლოებისთვის მიწებზე წვდომის პრობლემა. თანათავმჯდომარეებმა ამ საკითხშიც მხარდაჭერა გამოხატეს. ერთ-ერთ მთავარ თემად დავაყენეთ რელიგიურ დღესასწაულებზე სალოცავებსა და საფლავებზე გასვლის და ზოგადად, გადაადგილების თავისუფლების საკითხი“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დისკუსიებზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო – 35-ე რაუნდი 2016 წლის 22-23 მარტს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი