სამხრეთ კავკასიის ამბები

სუბარი აფხაზურ მხარეს ერევანში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე შეხვდა

9 დეკემბერი, 2015 • 1416
სუბარი აფხაზურ მხარეს ერევანში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე შეხვდა

აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზური მხარის მთავრობის წარმომადგენლებს ერევანში შეხვდნენ.

მხარეებს შორის მოლაპარაკება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარეობს.

მინისტრს აღნიშნულ შეხვედრაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ქართულ–აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია არსებობს, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები რეგულარულად იმართება. გარდა ამისა, შექმნილია ერთობლივი ქვეჯგუფი, სადაც ექსპერტები შედიან. ამ შემთხვევაში, ქართულ მხარეს სამხარაულის ბიუროს ექსპერტები წარმოადგენენ.

საკოორდინაციო მექანიზმი 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ პირთა ბედ-იღბლის გასარკვევად შეიქმნა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი გამოვიდა ინიციატივით, შეესრულებინა თავმჯდომარის როლი ამ პროცესში, საჭირო ტექნიკური მხარდაჭერის ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი