სამხრეთ კავკასიის ამბები

რეფერენდუმი შედგა, მაგრამ მის წინააღმდეგ უვადო საპროტესტო აქციები ერევანში გრძელდება

8 დეკემბერი, 2015 • 2274
რეფერენდუმი შედგა, მაგრამ მის წინააღმდეგ უვადო საპროტესტო აქციები ერევანში გრძელდება

სომხეთში საკონსტიტიციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მიხედვით, ქვეყანაში მმართველობის მოდელი უნდა შეიცვალოს, თუმცა ოპოზიცია ხელისუფლებას რეფერენდუმის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს, უვადო საპროტესტო აქციებს მართავს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს.

საარჩევნო უბანი ერევანში, 6.12.2015. ფოტო: აშოტ გაზაზიანი/ნეტგაზეთი

საარჩევნო უბანი ერევანში, 6.12.2015. ფოტო: აშოტ გაზაზიანი/ნეტგაზეთი

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული და პარლამენტისგან დამტკიცებული საკონსტიტუციო რეფერენდუმი სომხეთში 6 დეკემბერს ჩატარდა. 7 დეკემბერს, დილით კი, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. 1997-ივე საარჩევნო უბნიდან მიღებული ბიულეტენების დათვლის შედეგად გაირკვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩეველთა 63.35%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო 32.35%-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთი ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის მოდელიდან საპარლამენტო მმართველობაზე უნდა გადავიდეს.

რეფერენდუმში მონაწილეობის აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო და 50.51% შეადგინა, რაც 9.5%-ით ნაკლებია, მაგალითად, ბოლო, საპრეზიდენტო არჩევნებში დაფიქსირებულ აქტივობასთან შედარებით.

თქვი დიახ - წარწერა ბანერზე რეფერენდუმის შეკითხვის მხარდასაჭერად, ფოტო: აშოტ გაზაზიანი/ნეტგაზეთი

თქვი დიახ – წარწერა ბანერზე რეფერენდუმის შეკითხვის მხარდასაჭერად, ფოტო: აშოტ გაზაზიანი/ნეტგაზეთი

მსხვილ ქალაქებში, მათ შორის ერევანსა და გიუმრიში, ამომრჩეველთა უმრავლესობამ რეფერენდუმის იგნორირება მოახდინა: სომხეთის დედაქალაქში ხმა მისცა ამომრჩეველთა დაახლოებით 46%-მა. ყველაზე დაბალი აქტივობა გამოავლინა სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქის – გიუმრის მოსახლეობამ, სადაც საარჩევნო უბნებზე მივიდა ამომრჩევლების დაახლოებით 33%. თითქმის იგივე სურათია ვანაძორში.

სომხეთის სოციოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა გევორგ პოღოსიანმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მოსახლეობა არ იყო კარგად ინფორმირებული კონსტიტუციის რეფორმის დეტალებზე, რადგან არავითარი სპეციალური კამპანია არ ჩატარებულა. მისი აზრით, რეფერენდუმი ჩატარდა დოკუმენტზე, რომელზეც არავის ჰქონდა წარმოდგენა და მასზე ჯერ კიდევ კამათობდნენ სპეციალისტები.

მოგვიანებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიამ თავის წინასწარ დასკვნაში განაცხადა, რომ ამომრჩეველთა მონაწილეობის დაბალი დონე ასახავს იმ ფაქტს, რომ სომხეთში რეფერენდუმი პოლიტიკური ინტერესებითაა განპირობებული.

ამასთან, რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდა, ხმის მიცემის დასრულებისთანავე დაიწყო ნდობით აღჭურვილი პირების, დამკვირვებლების და ჟურნალისტების მონაცემების გამოქვეყნება, რომლებიც მუშაობდნენ საარჩევნო უბნებზე. მათი მონაცემებით, კონსტიტუციის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი. ოპოზიციისა და სომხეთის მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, რეფერენდუმი ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, მათ შორის, იყო განმეორებით ხმის მიცემა, ბიულეტენების ჩაყრა, მოქრთამვა, ზეწოლა ნდობით აღჭურვილ პირებსა და ჟურნალისტებზე.

რეფორმის მოწინააღმდეგეების სააგიტაციო მასალა ერევანში. ფოტო: აშოტ გაზაზიანი/ნეტგაზეთი

რეფორმის მოწინააღმდეგეების სააგიტაციო მასალა ერევანში. ფოტო: აშოტ გაზაზიანი/ნეტგაზეთი

სომხეთის ეროვნული კონგრესის ერთ-ერთმა ლიდერმა, მოძრაობა “არა”-ს შტაბის ხელმძღვანელმა ლევონ ზურაბიანმა განაცხადა, რომ 7 დეკემბერს, ღამით, ხელისუფლებამ, რომელმაც რეფერენდუმის ინიცირება მოახდინა, გამანდგურებელი მარცხი განიცადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა სრული არსენალი რეფერენდუმის გაყალბებისთვის, დარღვევებს ჰქონდა “სისტემური ხასიათი”. მათი წარმომადგენლები ადგილებზე აღნიშნავდნენ, რომ არსებითი უმრავლესობა მოქალაქეებისა რეფერენდუმზე ამბობდა “არას”. სახალხო ხსნის ფრონტის, “ახალი სომხეთის” პოლიტსაბჭოს წევრი, პოლიტოლოგი ამაიაკ ოვანნისიანი ამბობს, რომ მთავრობამ ხალხის ნებას ორგანიზებულად შეუტია და რეალურად განახორციელა სახელმწიფო გადატრიალება.

1 დეკემბრიდან ერევანში რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული უვადო საპროტესტო აქციები იმართება საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ, ისმის მოწოდებები არა მხოლოდ სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ, არამედ მოთხოვნები, რომ დაუყოვნებლივ გადადგეს პრეზიდენტი და მთავრობა, ასევე, ჩატარდეს ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. თუმცა აღსანიშნავია, რომ თავისუფლების მოედანზე მიტინგები სულ უფრო მცირერიცხოვანი ხდება. პოლიტიკოსები, მათ შორისაა სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზია საზოგადოების აპათია – ხალხს უკვე აღარაფრის სჯერა.
ოპოზიციის მიტინგი საკონსტიტუციო რეფერენდუმის წინააღმდეგ, 7.12.2015, ფოტო: აშოტ გაზაზიანი/ნეტგაზეთი
საკონსტიტუციო რეფორმის პროექტი, რომელიც რეფერენდუმზე გამოიტანეს 6 დეკემბერს, ითვალისწინებს ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლას. პროექტის ავტორების აზრით, ამით უზრუნევლყოფილი იქნება მეტი დემოკრატია, თავისუფლება, კანონიერება და უსაფრთხოება. თუმცა საზოგადოებაში ხელისუფლების ეს ინიციატივა აღიქვეს არაერთგვაროვნად. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის გადახედვა ხდება ამჟამინდელი მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივებისთვის.ხალხი განსაკუთრებით აღაშფოთა რეფორმის იმ ნაწილმა, რომელიც არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მეთაურის – პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, მას აირჩევს ამომრჩეველთა ჯგუფი პარლამენტის დეპუტატებიდან, რომლებიც, რეფორმის მოწინააღმდეგეების აზრით, აირჩევიან ხელისუფლებისთვის საჭირო ადამიანებს შორის, რამდენადაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რეფორმის მიხედვით, უნდა იყოს სტაბილური უმრავლესობა. ხოლო თუკი ის არ მიიღწევა, არჩევნების მეორე ტური იმართება.

რეფორმის მიხედვით, პრეზიდენტს, რომელიც ამჟამად პოლიტიკაში დომინანტია, ჩამოერთმევა ბევრი უფლებამოსილება და ფაქტობრივი ხელისუფლება გადავა პრემიერ-მინისტრის ხელში, რომელსაც ნიშნავს მმართველი პარტია, ვისაც ჰყავს უმრავლესობა პარლამენტში. მნიშვნელოვან უფლებამოსილებას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარეც. პრეზიდენტს არ შეეძლება რომელიმე პარტიაში ყოფნა და შეასრულებს მხოლოდ სიმბოლური ხასიათის ფუნქციებს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი გახდება ამჟამად მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, რომელიც, მათი აზრით, უკვე ემზადება ახალ ამპლუაში ქვეყნის მართვისთვის.

თუკი ქვეყანაში რაიმე ექსტრაორდინარული არ მოხდება, მაშინ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2017 წელს უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა უკვე განაცხადა, რომ აუცილებელია თავდაუზოგავი მუშაობა საარჩევნო კოდექსის რეფორმისთვის, რათა ამ არჩევნებმა არავის დატოვოს ეჭვები და აამაღლოს ხალხის ნდობა.

სომხეთის ცესკოს შენობა, ფოტო: აშოტ გაზაზიანი/ნეტგაზეთი

სომხეთის ცესკოს შენობა, ფოტო: აშოტ გაზაზიანი/ნეტგაზეთი

გევორგ პოღოსიანის აზრით, თუკი ოპოზიცია თანმიმდევრულობასა და აქტიურობას გამოამჟღავნებს, გაგრძელდება სერიოზული წინააღმდეგობა რეფერენდუმის შედეგების მიმართ და არ შეწყდება მასობრივი საპროტესტო აქციები, რეფერენდუმმა შესალოა ლეგიტიმაცია დაკარგოს. ამისთვის მუშაობენ დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთან, მრავალრიცხოვანი დარღვევების ფაქტებს ახლა იკვლევს პროკურატურა, პოლიცია, ცესკო, საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა საზოგადოებაში ნაკლებად სჯერათ იმის, რომ, მაგალითად, ხმების ხელახალი დათვლა ზოგ უბანზე შეცვლის სიტუაციას.

ჯერჯერობით ოპოზიცია შეუპოვრობას იჩენს და იმის მიუხედავად, რომ მას არ ჰყავს ძლიერი და ქარიზმატული ლიდერი, რაც სერიოზულად აისახება მის ქმედებებზე, ოპოზიციას სჯერა, რომ შეძლებს მიზნის მიღწევას. უვადო საპროტესტო აქციები ერევანში გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი