სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური არჩევანი, რომელიც არ არსებობს

30 ნოემბერი, 2015 • 2862
აფხაზური არჩევანი, რომელიც არ არსებობს

იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს აფხაზეთი იმყოფება, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ეწოდოს შოკური. თურქეთი, რომელიც პოსტსაბჭოთა წლებში აფხაზებისთვის ახლობელი და მეგობარი ქვეყანა გახდა (იმის მიუხედავად, რომ არ უღიარებია აფხაზეთის დამოუკიდებლობა), ფაქტობრივად, ახალი რკინის ფარდის მიღმა გადადის.

ჯერ კიდევ არ არის შეწყვეტილი საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და თურქეთს შორის, მაგრამ ყველა ამის მოლოდინშია: საუბრებში ჟღერდება სხვადასხვა თარიღი, მაგალითად, ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ თვითმფრინავები სოჭიდან სტამბოლის მიმართულებით 7 დეკემბრიდან აღარ იფრენენ. აფხაზური სარაფანული რადიოს ეს “კორესპონდენტები” კი იშვიათად ცდებიან.

მშვიდობით, თურქეთის სანაპიროვ

უიმედობა – ასეთია ძირითადი ემოცია, რომელიც გამოსჭვივის თითქმის ყველა საუბრიდან ამ თემაზე. ის ფაქტი, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის მოსალოდნელია ურთიერთობის რადიკალური და გრძელვადიანი მოშლა, აფხაზეთს თურქეთისგან სრულ იზოლაციას უქადის. არადა, არჩევანი რეალურად არ არსებობს.

დიახ, ბევრი აფხაზი ხედავს თურქეთში ქვეყანას, რომელიც მართალია, არაფორმალურ დონეზე, მაგრამ მაინც მხარს უჭერდა თვითაღიარებულ რესპუბლიკას – მაგალითად, დსთ-ს ქვეყნების ბლოკადის წლებში. თურქეთში უფრო მეტი ეთნიკურად აფხაზი ცხოვრობს, ვიდრე – თვითონ აფხაზეთში, თანაც რამდენჯერმე მეტი. ბევრმა ოჯახმა აღადგინა რამდენიმე თაობის წინ შეწყვეტილი ურთიერთობა ნათესავებთან. ასევე, თურქული ბიზნესი მეორე ადგილზეა აფხაზეთში, რუსულის შემდეგ, თურქული სეინერები იჭერენ თევზს აფხაზეთის აკვატორიაში.

თუმცა სტრატეგიულ პარტნიორად, რომელმაც აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ითვლება არა თურქეთი, არამედ – რუსეთი. აქ არის რუსული სამხედრო ბაზა. ყველა შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და რესპუბლიკას შორის, მათ შორის, ერთი წლის წინ ხელმოწერილი მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება, არ ტოვებს არავითარ შესაძლებლობას აფხაზეთისთვის, რომ სრულად და უსიტყვოდ არ დადგეს რუსეთის მხარეს ამ კონფლიქტში.

დიდწილად, რაულ ხაჯიმბამ იმის მაქსიმუმი გააკეთა, რისი უფლებაც შეიძლება მისცეს თავს რუსეთზე ასე დამოკიდებული რესპუბლიკის ლიდერმა, როცა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ფედერაციას სუ-24 თვითმფრინავის ჩამოგდების გამო და არ უხსენებია თავის განცხადებაში თურქეთი. ეს სიმბოლურია და მეტი არაფერი.

ოფიციალური პირები და პარლამენტის წევრები ამ თემაზე ძალიან ფრთხილ კომენტარებს აკეთებენ, – მხარს უჭერენ რუსეთს და სჯერათ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დარეგულირდება თურქულ-რუსული კონფლიქტი.

გამორჩეულია მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი თენგიზ აგრბა. მისთვის დამახასიათებელი ღია მანერით მან მოუწოდა აფხაზეთის მოსახლეობას, მჭიდროდ ჩაჭიდოს ხელი იარაღს გეოპოლიტიკური წინააღმდეგობების პირობებში: “აზრები, რომელიც გიჩნდება თურქების მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად, არის ის, რომ არ განმეორდეს მე-19 საუკუნის ისტორია… ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ და არ ვუყუროთ პირში უდიდეს მეზობელს. უცნობია, ეს რით დამთავრდება. ის, ვინც თავის დამოუკიდებლობას თმობს, ადამიანი არ არის და ქვეყანაც არაფრის ღირსია… თვალის ჩინივით გაუფრთხილდით და შეინახეთ იარაღი. ის, ვინც შეეცდება თქვენთვის იარაღის წართმევას, მტერი იქნება”.

თურქი აფხაზებისთვის გზა ნაჩვენებია

რაც ზუსტადაა ცნობილი არის ის, რომ თურქ აფხაზებს წინაპრების სამშობლოში მოხვედრა აღარ შეეძლებათ. 2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთი ოფიციალურად წყვეტს უვიზო რეჟიმს თურქეთთან, თუმცა ფაქტობრივად ის უკვე შეწყვეტილია – თურქეთის მოქალაქეებს არ უშვებენ ქვეყანაში და უკან აბრუნებენ, თურქეთში.

არადა, რამხელა ოპტიმიზმი ჰქონდათ აფხაზებს, როცა 2011 წელს თურქეთსა და რუსეთს შორის დამყარდა უვიზო რეჟიმი. ადრე თურქეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მოსახვედრად ჭირდებოდათ არა რუსეთის მარტივი, არამედ მრავალჯერადი ვიზის მიღება, რადგან აფხაზეთიდან დაბრუნების შემთხვევაში მათ მეორეჯერ უხდებოდათ რუსეთში შესვლა. ეს უკანასკენლი კი ამ ტიპის ვიზებს ნაკლები ენთუზიაზმით გასცემდა, რადგან ეჭვის თვალით უყურებდა აფხაზი მოჰაჯირების შთამომავლების შესვლას ქვეყანაში იმის გამო, რომ, როგორც ჩანს, ეჭვიანი ჩრდილოელი მეზობელი მათ მიიჩნევდა თურქეთის პოლიტიკის გამტარებლად რეგიონში.

ბოლო წლებში აფხაზეთში თურქული საუბრები უფრო შესამჩნევად გახშირდა. განდევნილების შთამომავლებმა ბოლოსდაბოლოს აისრულეს წინაპრების ოცნება, რომ თვალი მაინც შეევლოთ მშობლიური ადგილებისთვის. სხვადასხვა ღონისძიებაზე ჩამოდიოდნენ თურქეთიდან დიდი ჯგუფები და ავსებდნენ მთელ სასტუმროებს. ასეთივე ნაკადები მიაწყდა რუსეთსაც, სადაც მასობრივად ჩასვლა დაიწყეს ჩერქეზი და აბაზი მოჰაჯირების შთამომავლებმა.

ცხადია, თურქი აფხაზების მასობრივად დაბრუნების შესახებ ოცნება ამ წლებში არ ასრულებულა. დაურეგულირებელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, სიღარიბე, ცუდი საინვესტიციო კლიმატი, პლიუს მოჰაჯირების შთამომავლების ფრთხილი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ – ყველაფერმა ამან იმუშავა რეპატრიაციის წინააღმდეგ. ამიერიდან კი ეს თემა შეიძლება საერთოდ დავივიწყოთ.

იზოლაციის შიში

ამასთან, რეპატრიაცია აფხაზური ნაციონალური იდეოლოგიის მთავარი საყრდენია. მოჰაჯირობის ტრაგედია, რომელმაც მოიტანა ის, რომ აფხაზები უმცირესობაში აღმოჩნდნენ აფხაზეთში, წარსულის საშინელ მოგონებად და მთავარ ტკივილად რჩება. აქედან მომდინარეობს აფხაზებისა და აბაზების აღიარება აფხაზეთის “ბუნებრივ” მოქალაქეებად და რეპატრიაციის გადასახადი. აფხაზების დიდი ნაწილი კი სწორედ თურქეთში ცხოვრობს.

ბოლო წლებმა აჩვენა, რომ მსგავს პირობებში მასობრივი რეპატრიაცია შეუძლებელია. თუმცა აფხაზურ ცნობიერებაში მაინც რჩებოდა იმის იმედი, რომ ოდესმე სხვა ვითარება შეიქმნებოდა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მხარდაჭერის განცდაც, რაც არსებითად აუცილებელია პატარა ერისთვის, რომელიც უფრო მსხვილი მოთამაშეებითაა გარშემორტყმული. უცხოელი აფხაზები, აბაზები და ჩერქეზები – სისხლით ძმები არიან და ამიტომაც ნებისმიერი უთანხმოება ან განხეთქილება მათთან სავსებით სამართლიანად აღიქმება შიშით.

რუსეთმა ეს ყველაფერი კარგად იცის და აუცილებლად ისარგებლებს არსებული კრიზისით, რომ კიდევ უფრო მიიბას აფხაზეთი და ჩამოაშოროს მას პოლიტიკა, რომელშიც მინიშნებითაც კი იქნება საუბარია “მრავალვექტორულობაზე”. ამ პროცესების ალტერნატივა კი არ ჩანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი