სამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ ათანხმებენ კრემლთან საარჩევნო კანდიდატებს სამხრეთ ოსეთში

14 მაისი, 2019 • 1915
როგორ ათანხმებენ კრემლთან საარჩევნო კანდიდატებს სამხრეთ ოსეთში

ავტორი: ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი


საპარლამენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში 9 ივნისისთვის დაინიშნა.  არჩევნები პირველად გაიმართება შერეული ანუ პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით. 34-დან 17 დეპუტატი პარტიული სიით [ერთიანი საარჩევნო ოლქით], 17 კი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან მოხვდება.

აქამდე არჩევნებში მონაწილეობისთვის პოტენციურ კანდიდატებს ევალებოდათ პარტიებში გაწევრიანება ან პარტიის შექმნა, შემდეგ  – კანდიდატთა სიებში მოხვედრა.

ახლა კი კანდიდატად წარდგენისთვის საკმარისია საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 10%-ის ხელმოწერის შეგროვება [150-200 ხელმოწერა] [სხვა საქმეა, კანდიდატად დარეგისტრირების სირთულე]. ეს სიახლე, ერთი მხრივ, საგრძნობლად ამარტივებს აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანების ცხოვრებას. მეორე მხრივ კი, ახალი სისტემა თავგზას ურევს მათ, ვინც არჩევნებზე პოლიტიკური ძალების გადანაწილებას აკვირდება.

ერთია, როდესაც მაჟორიტარი გადის არჩევნებზე პარტიის მხარდაჭერით და მისი არჩევნებში მონაწილეობა პარტიულ კონფერენციაზეა შეთანხმებული, მეორე კი, როდესაც ის დამოუკიდებლად იყრის კენჭს. არავინ იცის, ვინ დგას მის უკან, ხელისუფლება თუ ოპოზიცია.

ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მზადება ყოველ საარჩევნო კამპანიაში უცვლელი რჩება და ერთი სტრატეგიული ამოცანის გადაჭრას უკავშირდება: კონკურენციის შემცირების გზით ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამარჯვება. ამ ამოცანის განსახორციელებლად, შიდა ბალანსის ან ხელმძღვანელის ქარიზმის გათვალისწინებით, მხოლოდ ტაქტიკური ინსტრუმენტები იცვლებოდა. მაგალითად, საკუთარ თავში დარწმუნებულმა კოკოითიმ 2009 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციური “სახალხო პარტია” უბრალოდ დაარბია.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, როლანდ ქელეხსაევი სცემეს, რის შემდეგაც იძულებული გახდა, სამხრეთ ოსეთი დაეტოვებინა. მეორე ლიდერი, ფატიმა მარგიევა წელიწადზე მეტი ხნით დააპატიმრეს “ანტისახელმწიფოებრივი ბროშურების” გავრცელებისთვის.

ამის მიუხედავად, “სახალხო პარტიამ” მაინც მიიღო მონაწილეობა მაშინდელ საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა მის სიებში უკვე ედუარდ კოკოითის ხალხი ირიცხებოდა, რომელთაც არანაირი რეალური კავშირი ამ პარტიასთან არ ჰქონიათ. მაგრამ არც ამას შეუშლია მათთვის ხელი, პარტიული ყრილობა ჩაეტარებინათ და ახალი ლიდერები აერჩიათ. სხვათა შორის, ამ შემადგენლობით “სახალხო პარტიამ” ორჯერ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და კვლავაც იყრის კენჭს 2019 წლის ივნისში დაგეგმილ არჩევნებში.

მოგვიანებით, როდესაც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი გახდა, ადმინისტრაციული რესურსი უფრო დელიკატურად გამოიყენებოდა.

იმ პერიოდში, უშუალოდ საარჩევნო კამპანიის დროს, საარჩევნო კომიტეტმა რაღაც გამოგონილი საბაბით არ დაუშვა არჩევნებამდე რამდენიმე “ზედმეტი” პარტია. პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებულმა უზენაესმა სასამართლომ კი საარჩევნო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძვლიანობა ცნო. ამომრჩეველი უკიდურესად გააღიზიანა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებამ და, შესაბამისად, “წინააღმდეგ” მისცა ხმა.

შედეგად, თითქმის ხმათა 80%  პარლამენტში ოპოზიციურმა პარტიებმა, “სახალხო პარტიამ” და “ერთიანმა ოსეთმა” მიიღეს. აქედან “ერთიანმა ოსეთმა” 34-დან 21 ხმა მიიღო.

ანუ ხელისუფლებამ საპირისპირო ეფექტი მიიღო. ეს არის სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების გამოცანა – ყველამ გადასარევად იცის ამომრჩევლის რეაქცია და მაინც მსგავსი საქციელისგან თავის შეკავება უჭირთ.

დღევანდელმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და მისმა პარტიამ “ერთიანი ოსეთი”, სავარაუდოდ, წარსულიდან დასკვნები გამოიტანეს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ბევრად ადრე, ელექტორატის წინაასარჩევნო აღგზნებამდე დაიწყეს. ჯერ კიდევ 2017 წელს, ხალხზე მზრუნველობის საბაბით, პარტიების რაოდენობის შემცირება დაიწყეს, თითქოსდა ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია რესპუბლიკის ორმოცდაათიათასიანი მოსახლეობისთვის ზედმეტია.

ამ პერიოდში დაიხურა ექვსი პარტია, რასაც პრინციპში არ გამოუწვევია საზოგადოების შეშფოთება, ვინაიდან “ამისთვის კანონიერი საფუძველი არსებობდა”. პარტიებისთვის, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ბოლო ორ ჩატარებულ არჩევნებში, მათი, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის, ავტომატურად ლიკვიდაციას ნიშნავს.

ამავე დროს, აღნიშნულ პერიოდში ხელისუფლებამ დარეგისტრირების უფლება არ მისცა არცერთ ახალ პარტიას. მათ შორის იყვნენ პარტია “სამხრეთ ოსეთის კომუნისტები”, რომელიც ედუარდ კოკოითის პოლიტიკური რესურსია [პარტია “რუსეთის კომუნისტების” კლონი], და ალან გაგლოევის “ალანიური კავშირი”.

ყველა აღნიშნული შემთხვევა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უარს უკავშირდებოდა, სასამართლოში გასაჩივრდა, მაგრამ მომჩივნებს არ ჰქონდათ არანაირი შანსი, რადგანაც იუსტიციის მინისტრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარტია “ედინაია ოსეტიას” [ერთიანი ოსეთის] წევრები არიან.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული უარი რეგისტრაციაზე მომგებიანი იყო არამხოლოდ პრეზიდენტისთვის და მისი გუნდისთვის. ისინი, ამავე დროს, კრემლის ამოცანებსაც სავსებით აკმაყოფილებდა.

2011 წლიდან არცერთ პოლიტიკურ ძალას, არცერთ კანდიდატს არ აქვს უფლება, კენჭი იყაროს საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებზე კრემლის კურატორის თანხმობის გარეშე.

2013 წლის ბოლოდან პოლიტიკურ პროცესებს სამხრეთ ოსეთში ალექსეი ფილატოვი კურირებდა – რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი მრჩეველი დსთ-ის ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებზე [წინა წლიდან ამ სტრუქტურას სასაზღვრო თანამშრომლობის საკითხებში კრემლის სამმართველო ეწოდა]. 2018 წლის ნოემბერში ფილატოვი დააწინაურეს [სამმართველოს უფროსად].

პოლიტიკურ ცხოვრებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ახლა ვლადიმერ ვლადიმიროვი კურირებს. სოციალურ-ეკონომიკურ ბლოკს კი სხვა კურატორები აკონტროლებენ – კრემლის სამმართველოდან ფილატოვის მოადგილე დენის ტრავინი და რუსეთის მთავრობიდან ვიტალი მუტკო, მშენებლობისა და რეგიონული განვითარების საკითხებში მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე.

პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური ამბიციები კურატორებს არ შეუთანხმეს, “არაკონტროლირებადებად” და, შესაბამისად, საშიშებად მიიჩნევიან.

იმ პოლიტიკურ მიმომხილველთა აზრით, რომლებიც რეგიონში სიტუაციას აკვირდებიან, რუსი კურატორების მხრიდან მსგავსი კონტროლი გადამეტებული ჩარევაა, რადგანაც ყველა მონაწილე, ვინც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძვის, პრორუსული ირიენტაციისაა.

სრულიად აშკარაა, რომ კურატორთა მსგავსი საქმიანობა და კონტროლი არაოფიციალურ ხასიათს ატარებს. არადამჯერთა მიმართ ზომები მიიღება, მათ კი არასოდეს ეუბნებიან რეალურ მიზეზებს.

2011 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში კურატორებთან შეუთანხმებელმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, სამხრეთ ოსეთის უზენასემა სასამართლომ შედეგები მრავალრიცხოვანი დარღვევების საბაბით სასწრაფო წესით გააუქმა.

ალა ჯიოევა არ დანებდა არც ვერდიქტს და არც კურატორების მოთხოვნას ამბიციების მოთოკვის შესახებ და მალევე საავადმყოფოში მოხვდა საშუალო სიმძიმის ჰიპერტონული კრიზის დიაგნოზით. ოფიციალური ვერსიით,  “პროკურატურის თანამშრომლებს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია”.

2011 წლის შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა კრემლმა ედუარდ კოკოითისაც აუკრძალა და მას შემდეგ ნებისმიერი მისი მცდელობა, დაბრუნდეს პოლიტიკაში, როგორც მოსკოვის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებთან იკვეთება.

მიზეზი იგივეა – ის გავიდა კონტროლიდან, როდესაც 2011 წელს უარი თქვა ოპერაციაზე, სახელწოდებით «მემკვიდრე», რომელიც გულისხმობდა ძალაუფლების ანატოლი ბიბილოვისთვის გადაცემას. ამ ფაქტმა, ფაქტიურად, საპრეზიდენტო არჩევნები ჩაშალა.

გარდა ამისა, 2010-2011 წლებში კოკოითიმ გაასაჩივრა სამხრეთ ოსეთში რუსული ტრანსფერების ათვისებასთან დაკავშირებით მოსკოველი ჩინოვნიკების კონტროლის ფაქტი. ამ ბრძოლას თან ახლდა ხმამაღალი მხილებები ქურდობაში. სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ მაშინ 70-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო რუსი ჩინოვნიკებისა და კონტრაქტორების  წინააღმდეგ. მოსკოვმა კოკოითის არ აპატია ეს თვითნებური საქციელი.

ამიტომაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსკოველი კურატორების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მომავალ არჩევნებზე კოკოითის შეჩერება, რომლის პოპულარობის ზრდაც ზოგიერთში მღელვარებას იწვევს.

შესაბამისად, ნებისმიერი პარტია ან მაჟორიტარი, რომელიც რაიმე სახით დაკავშირებულია კოკოითისთან,  არჩევნებამდე ნებისმიერი შესაძლო საბაბით არ დაიშვება.

ამ პირობებში კოკოითის ამოცანაა საკუთარი რესურსების დამალვა გარკვეულ მომენტამდე. მისი ოპონენტების ამოცანა კი მათი გამოვლენაა.

ისიც საყურადღებოა, რომ ივნისის არჩევნებამდე დაშვებულია ორი პარტია, რომელთა შექმნაში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული ედუარდ კოკოითის და რომლის წევრებიც ბოლო დრომდე მის აქტივში ირიცხებოდნენ.

ერთ-ერთი მათგანი საპარლამენტო “სახალხო პარტიაა” [4 ხმა აქვს პარლამენტში]. 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ედუარდ კოკოითის მითითებით, მისმა წევრებმა მხარი ანატოლი ბიბილოვს დაუჭირეს.

თუმცა, უკვე ედუარდ კოკოთისთან კამათის შემდეგ, ანატოლი ბიბილოვმა “სახალხო პარტიის” წევრები დაიახლოვა და თანამდებობებიც გაუყო. მაშინ ცხინვალში ამბობდნენ, რომ ბიბილოვმა ისინი “თავიდან იყიდა”.

მეორე პარტიას “ერთიანობა” ედუარდ კოკოითის ნათესავი, ზურაბ კოკოევი ხელმძღვანელობს. ოდესღაც ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლევამოსილი პარტია [კოკოითის პრეზიდენტობის დროს] ახლა ყველაზე უსუსურ სანახაობად იქცა –  წინა არჩევნებზე 7%-იანი ბარიერიც ვერ გადალახა. მოახლოებულ არჩევნებზე კი მისი კანდიდატების სია უფრო შემთხვევითი სახელების ნაკრებს ჰგავს.  ერთმანდატიან ოლქებში პარტიას საერთოდ არ წარუდგენია კანდიდატები.

არჩევნებში პარტიის მონაწილეობა უფრო მეტად მოტივირებულია მისი შენარჩუნებით [კანონის მოთხოვნის შესრულება, რომელიც პარტიას არჩევნებში მონაწილეობას ავალდებულებს].

კიდევ ერთი, რუს კურატორებთან შეუთანხმებელი პრეტენდენტი, რომელიც არჩევნებიდან მოხსნეს – ალან გაგლოევია.

2017 წლის არჩევნებზე ის კრემლთან შეთანხმებული ტექნიკური კანდიდატის რანგში მონაწილეობდა. ასეთი კანდიდატი რუსეთისთვის საჭიროა იმისთვის, რომ ორი შეთანხმებული კანდიდატიდან ერთ-ერთს, ბიბლოვის ან თიბილოვს, რამე გაუთვალისწინებელი თუ შეემთხვა, არჩევნები არ უნდა ჩაიშალოს. დისციპლინირებული და პოლიტიკურ ამბიციებს მოკლებული 36 წლის КГБ-ს ოფიცერი ალან გაგლოევი ასეთ ტექნიკური კანდიდატის როლზე იდეალურად ერგებოდა.

თუმცა, როგორც ჩანს, გაგლოევმა გარდამეტხ მომენტში საკუთარ თავში ძალა იგრძნო და რეალური საარჩევნო კამპანია დაიწყო. ახალბედა პოლიტიკოსისთვის საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენა  – ხმების 10%-ზე მეტი შეაგროვა. კრემლში გაგლოევის ეს შეუთანხმებელი აქტიურობა კონტროლიდან გასვლად აღიქვეს.

მისი პარტიისთვის “ალანიის კავშირი” რეგისტრაციაზე უარი იუსტიციის სამინისტრომ იმით დაასაბუთა, რომ 1000 წევრიდან 9 “ორეული” აღმოჩნდა – თითქოს ისინი სხვა პარტიებშიც ირიცხებოდნენ, რაც კანონით აკრძალულია. თავად გაგლოევმა იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სასაცილო უწოდა, რადგან კანონის შესაბამისად, რეგისტრაციისთვის 500 წევრიც საკმარისია. საბოლოო ჯამში, უზენაესმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება მაინც ძალაში დატოვა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო არ წარუდგენს პარტიებს “ორეულების” სიას პერსონალური მონაცემების საბაბით და პარტიებს სთავაზობს, თავად გამოავლინონ კანონდამრღვევები. პარტიას კი არ აქვს ამის რეალური შესაძლებლობები – არ აქვს გამოძიების ჩატარების უფლება, არ აქვს მონაცემთა ბაზებზე წვდომა და ა.შ. შესაბამისად, მას არ შეუძლია იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესრულება, რაც, თავის მხრივ, შეიძლება პარტიის ლიკვიდაციის მიზეზიც გახდეს. 

როგორც იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები მიყვებოდნენ,  “ორეულების” პრობლემა ყველას პარტიაშია – პატარა რესპუბლიკაში ეს გარდაუვალია. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი პარტია შეუძლიათ გააუქმონ, თუკი “ზემოდან” ასეთი მითითება იქნება.

საარჩევნო პლაკატები ცხინვალში; 2017 ; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

მას შემდეგ, რაც ალან გაგლოევს საკუთარი პარტიის რეგისტრაციის შესაძლებლობა არ მიეცა, გადაწყვიტა გაეერთიანებინა საკუთარი რესურსები სხვა ახალგაზრდა პოლიტიკოსებთან  – პარტია “ნიხასის” [4 ხმა პარლამენტში] 43 წლის ლიდერთან, ალან ალბოროვთან და  არასაპარლამენტო პარტიის, “ახალი ოსეთის” 42 წლის თავმჯდომარესთან, დავით სანაკოევთან. მალევე იუსტიციის სამინისტრომ “ორეულები” ამ პარტიაშიც აღმოაჩინა.

სანაკოევი აღარ დაელოდა სანქციებს, თავად მოახდინა პარტიის ლიკვიდაცია და პარტია “ნიხასის” რიგებში ჩაეწერა. ამ უკანასკნელი პარტიის დახურვა ბევრად რთულია, რადგანაც ის საპარლამენტოა.

ამ სამი პარტიის გაერთიანება იმ პოლიტიკურ ძალას ქმნიდა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვება შეეძლო. ცხინვალსა და მოსკოვში ამან გასაგები შეშფოთება გამოიწვია.

სამეული კოლოსალურ ადმინისტრაციულ ზეწოლას წააწყდა. კულისებს მიღმა დიდი დრამა გათამაშდა, რომლის დეტალებიც ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა, როგორც ჩემი წყაროები მეუბნებიან, ხელისუფლებამ დაიწყო ზეწოლა შანტაჟის და სისხლის სამართლის გამოძიების მუქარის გზით.  

ახალგაზრდა პოლიტიკოსების დასაცავად საზოგადოებრივი აღშფოთების ტალღა წარმოიშვა. საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება ამ ამბის მიმართ საზოგადოების პატივცემულმა წევრებმაც გამოხატეს და, შესაბამისად, ხელისუფლება იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო. დათმობა კომპრომისში გამოიხატა: ალან გაგლოევი და მისი მომხრეები ალიანსიდან გამოვიდნენ და გამოტოვეს წლევანდელი პოლიტიკური სეზონი არჩევნებში მონაწილეობის სახით. დავით სანაკოევს და ალან ალბოროვს კი გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცეს.   პარტია “ალანიის კავშირი” კი იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას მიიღებს მხოლოდ არჩევნების გამართვის შემდეგ.

პარტია “ნიხასმა” საკუთარ რიგებში თვითდაშლილი “ახალი ოსეთის” ახალი წევრები და ახალი ლიდერი დავით სანაკოევი მიიღო.

არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა – სანაკოევი მებრძოლია. სამივე ლიდერიდან ის იყო ერთადერთი, რომელმაც მხარეებს მოუწოდა, ზეწოლას არ დამორჩილებოდნენ და დათმობებზე არ წასულიყვნენ. მაგრამ კოალიციის მონაწილეებმა ორი ხმით ერთის წინააღმდეგ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს.

რაც შეეხება ალან ალბოროვს, სწორედ ის იყო შანტაჟის და ზეწოლის ძირითადი ობიექტი. კულუარული ინფორმაციით, ალბოროვზე  ჯერ კიდევ მისი ცხინვალში მერობის პოსტზე მუშაობის პერიოდის კომპრომატები არსებობს.

ამგვარად, უკვე არჩევნებამდე ოპოზიციური ალიანსი მათთვის სასურველი სახით დაუშვეს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინასაარჩევნო დაბრკოლებებმა ალიანსის პოპულარობა საზოგადოებაში გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ მისი პარტია “ნიხასი” უშუალოდ პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის მონაწილეობით 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეიქმნა.

“ახალი ოსეთი” ასევე მიიჩნეოდა პროთიბილოვის პარტიად. მისი თავმდჯომარე დავით სანაკოევი ყოველთვის მხარს უჭერდა ლეონიდ თიბილოვს და მისი ნდობით სარგებლობდა. 2012 წელს, ლეონიდ თიბილოვის მოსვლის შემდეგ ხელისუფლებაში,  სანაკოევი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. თუმცა საბოლოოდ მანვე დაითხოვა, საკმაოდ გახმაურებული გარემოებების გამო.

ხმაური კი ამ ფაქტმა გამოიწვია: 2015 წელს დავით სანაკოევმა რუსეთთან ახალი შეთანხმების პროექტი წინასწარ გახადა საჯარო. შეთანხმება სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლო ლიკვიდაციას ითვალისწინებდა. აღნიშნული პროექტი მოსკოვიდან რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის საიდუმლოდ იყო გადაცემული.

გეგმა კი ასეთი იყო- პარლამენტის მაშინდელი სპიკერის, ანატოლი ბიბილოვის თავმჯდომარეობით საზოგადოებაში ჯერ უნდა შეექმნათ საჭირო საინფორმაციო ფონი, რომ თითქოს რესპუბლიკას თავად სჭირდება ახალი ინტეგრაციული შეთანხმება რუსთთან, შემდეგ კი ხალხისთვის შეეთავაზებინათ მოსკოვიდან ჩამოტანილი პროექტი, როგორც საკუთარი ინიციატივა.

საარჩევნო პლაკატები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში; 2017 ; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ლეონიდ თიბილოვს არ მოსწონდა ახალი შეთანხმების პროექტი, თუმცა არაფრის გაკეთება არ შეეძლო. სწორედ მაშინ სანაკოევმა თავად დაგეგმა ინფორმაციის გავრცელება და სოციალურ ქსელებში პროექტი გამოქვეყნდა. პროექტის გავრცელებას სკანდალი მოჰყვა. პარლამენტმა სანაკოევის გადადგომა მოითხოვა, პრეზიდენტმა დათმო და ამგვარად, უმცროს მეგობარს უღალატა.

ამ ფაქტის შემდეგ ისინი აღარ ყოფილან პარტნიორები და სანაკოევის მხარდამჭერებიც თანდათანობით დისტანცირდნენ მისგან.

საბოლოო განხეთქილება 2019 წლის 26 იანვარს მოხდა, როდესაც თიბილოვმა საჯაროდ გააკეთა განცხადება გაგლოევის, ალბოროვისა და სანაკოევის გაერთიანების წინააღმდეგ.

შესაბამისად, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე თიბილოვი არა პარტია “ნიხასიდან”, არამედ, როგორც მაჟორიტარი, კომუნისტური პარტიის მხარდაჭერით გადის.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ექსპრეზიდენტი რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბრუნდება. ამავე დროს, არსებობს ინფორმაცია, რომ მას უფრო მეტი გათვლა აქვს, ვიდრე, უბრალოდ, დეპუტატობა.

მოსკოველი ექსპერტების ინფორმაციით, 2019 წლის მარტის დღესასწაულების შემდეგ ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც კურატორების კეთილგანწყობა მოიპოვა პარლამენტის სპიკერის თანადებობისთვის. არაოფიციალური ინფორმაციითვე, კურატორებმა უკვე მოაგვარეს ეს საკითხი პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან, თუმცა, შესაძლოა, პრეზიდენტის თანხმობა მხოლოდ მოჩვენებითია.

რისთვის სჭირდება ეს კრემლს? როგორც ინფორმირებული წყაროები მიყვებოდნენ, კურატორებს სავსებით აწყობთ სიტუაცია, როდესაც ერთი მოთამაშე პოლიტიკოსი აკონტროლებს ყველას და ყველაფერს რესპუბლიკაში. ის ორნახევარი წელი კი, როდესაც თიბილოვი პრეზიდენტი იყო და ბიბილოვი პარლამენტის თავმჯდომარე, მეტნაკლებად კომფორტული იყო კურატორების მუშაობისთვის.

ამ არჩევნებზე მთავარი და ერთობლივი ამოცანა ბიბილოვ-თიბილოვის ტანდემისა არის კოკოითის ნეიტირალიზაცია. ამასთან, მათ აქვთ განწყობა, რომ ამ ამოცანას დაძლევენ.

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, საპარლამენტო პარტია “ ერის ერთიანობაა” [6 ხმა პარლამენტში] ვლადიმერ ქელეხსაევის ხელძღვანელობით. კრემლთან ისინიც უკვე შეთანხმებული არიან. ჯერ კიდევ წინა არჩევნებამდე ჩავიდა ქელეხსაევი მოსკოვში და კურატორების თანხმობა მიიღო.

საკუთრივ ამ კურატორულ წყალობაზეა დამოკიდებული პირობითი ოპოზიციის არსებობაც. ეს არ არის ის ოპოზიცია, რომელიც განვითრების ალტერნატიულ გზას ან სისტემურ რეფორმებს სთვაზობს ამომრჩეველს. დღევანდელი სამხრეთ ოსეთის ოპოზიცია მხოლოდ მმართველის სავარძლისთვის ბრძოლითაა დაკავებული, შიდა წესრიგის შეცვლა კი აკრძალულია.

ყველა კანდიდატი, რომელიც არჩევნებში კენჭს იყრის, სოციალურ-ეკონომიკური ლოზუნგებით გამოდის და არ ეხებიან სისტემურ პრობლემებს, როგორიცაა დემოკრატიის არარსებობა და მისი ყველა თანმდევი პრობლემა. არსებობს ინფორმაციაც, რომ ზოგიერთი მონაწილე დაგეგმილი დებატების დროს გაახმოვანებს პოლიტიკურ პრობლემებს.

ჯერჯერობით ერთადერთი გასაგები ლოზუნგი კოკოითიმ გაახმიანა. მესიჯი არ არის დაკავშირებული დემოკრატიასთან [ამას მისგან არც უნდა ელოდე]. კოკოითიმ აფხაზებსა და სამხრეთელ ოსებს მოუწოდა, საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვან კურატორების წინაშე. კოკოითიმ ეს განცხადება 4 მარტს სოხუმში გააკეთა ღონისძიებაზე, რომელიც სერგეი ბაღაბშის დაბადების დღეს მიეძღვნა.

რამდენიმე ფრაგმენტს მოვიყვან მისი გამოსვლიდან:

“ჩემი ძმების სახლში ჩემი ძმები არიან სახლის პატრონები, და მინდა გთხოვოთ, რომ თქვენს საკუთარ სახლებში თქვენვე გადაწყვიტოთ საკუთარი საქმეები!”

“არ უნდა მოექცე იმ ადამიანების გავლენის ქვეშ, რომლებიც  რუსეთის ფერედერაციის პრეზიდენტის გარკვეულ დავალებებს ასრულებდნენ და ეს დავალებები ჩააგდეს. ახლა კი ჩვენი ხალხი უნდა წარმოაჩინონ ცუდად. რეპუტაციის გაფუჭების შემედეგ დღეს ყველაზე მეტად ჩვენ ვზარალდებით თქვენთან ერთად და ამაზე ღიად და თამამად უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ თავად უნდა დავალაგოთ საკუთარ სახლში ყველაფერი”.

“რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, საკუთარი ხალხის აზრი, სიყვარული და პატივისცემა, თუ კურატორების აზრი? ასე არ გამოვა, ჩემო ძვირფასებო, იმისთვის არ ვიბრძოდით, რომ ვიღაცებმა ჩვენზე ექსპერიმენტები ატარონ”.

საარჩევნო პლაკატები ცხინვალში; 2017 ; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

საარჩევნო კამპანიაში ცენტრისტებიც მონაწილეობენ. მაგალითად, პარტია “მამული” ვიაჩესლავ გოვოზოვის ლიდერობით. მისი ცენტრიზმი გამოიხატება იმაში, რომ ის არ ეწინაააღმდეგება ხელისუფლებას [ამისთვის მას არ ჰყავს ლობისტები მოსკოვში და არც შიდა ფინსნსურ და ადამიანურ რესურსებზე აქვს წვდომა]. მაგრამ ცენტრისტებს შეუძლიათ გამოცდილება გაუზიარონ სხვა გამარჯვებულებს, როგორ აირიდონ თავიდან არასაჭირო პოლიტიკური პრობლემები.


მასალების გადაბეჭდვის წესი