სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის “შავი სია”

10 იანვარი, 2018 • 1552
აზერბაიჯანის “შავი სია”

გიუნელ მევლუდი

ორი წლის წინ, ბაქოში მომღერალ სოსო პავლიაშვილის კონცერტი გაიმართა. კონცერტს თან ხმაურიანი სკანდალი ახლდა, რადგან კონცერტამდე ცნობილი მომღერალი აზერბაიჯანის ოფიციალურ “შავ სიაში” ირიცხებოდა და ქვეყანაში შემოსვლა აკრძალული ჰქონდა.

თუმცა, 2016 წელს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოსო პავლიაშვილის და კიდევ ერთი სხვა რუსი მომღერლის, თემურ თემიროვის სახელები “შავი სიიდან” ამოიღო. ორივე, აღნიშნულ “შავ სიაში” 2013 წელს მას შემდეგ მოხვდნენ, რაც ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ტერიტორია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის ზონას წარმოადგენს.

აზერბაიჯანის საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის კულტურის სფეროს ცნობილი მოღვაწეები არტისტების კონცერტების წინააღმდეგ გამოვიდნენ. პრესაში ცნობილი აზერბაიჯანელი რეჟისორის რამიზ ფატალიევის სოსო პავლიაშვილისადმი მიწერილი მიმართვაც გავრცელდა, სადაც რეჟისორი პავლიაშვილს სთხოვდა, ბაქოში აღარ ჩასულიყო, რადგან “ყარაბაღში ჩასვლით, მან უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი”.

თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ჰიქმეთ გაჯიევმა ოფიციალურად განაცხადა, რომ “კონცერტის ჩატარებასაც და მათ ბაქოში ჩამოსვლასაც წინააღმდეგობას არ გაუწევენ, ვინაიდან მათ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს და აზერბაიჯანის ხალხის, კულტურისა და მუსიკის მიმართ პატივისცემა გამოხატეს, ასევე, ბაქოში კონცერტის სურვილი გამოთქვეს. მათი მიმართვა განხილული იყო და მიღებული იყო გადაწყვეტილება, “შავი სიიდან” მათი სახელები ამოგვეღო”, – განაცხადა გაჯიევმა.

აზერბაიჯანის “შავ სიაში” სხვადასხვა დიპლომატის, კულტურილი მოღვაწის, ცნობილი ხალხის შეყვანასთან დაკავშირებით, ეს არც პირველი და არც უკანასკნელი ინციდენტია.

2010 წლის ოქტომბერში ცნობილმა მომღერალმა ალ ბანომ მთიან ყარაბაღში კონცერტი გამართა. ამ ტერიტორიაზე შესვლის გამო ოფიციალური ბაქოს ნებართვის გარეშე, ის აზერბაიჯანში პერსონა ნონ-გრატად ცნეს. მოგვიანებით ალ ბანომ იტალიაში აზერბაიჯანის საელჩოს თხოვნით მიმართა, რომ “შავი სიიდან” ამოეღოთ და განაცხადა, რომ რეგიონის პრობლემებს, კერძოდ, სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს საერთოდ არ იცნობდა, რომ “დიდი პატივისცემითა და სიმპატიითაა გამსჭვალული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ”. 2013 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალ ბანოს თხოვნა გაითვალისწინა და სიიდან ამორიცხა.

აზერბაიჯანის “შავ სიაში” როგორც წესი, შესული არიან უცხოელები, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლების ნებართვის გარეშე ყარაბაღის ტერიტორიაზე შევიდნენ. შესაბამისად, მათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლა ეზღუდებათ.

ამ სიაში სხვადასხვა ქვეყნის პოლიტოლოგები, ცნობილი პოლიტიკოსები, არტისტები, მხატვრებ, მსახიობები, კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოღვაწეები ირიცხებიან. მათ შორის არიან პოლიტოლოგი და სამხედრო ექსპერტი სერგეი მარკედონოვი, აღმოსავლეთმცოდნე ევგენი სატანოვსკი, ასტრონავტები ჩარლზ დიუკი და კლოდ ნიკოლიე, დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ქეროლაინ კოკსი, ცნობილი მომღერლები მონსერატ კაბალიე და ლიუბოვ კაზარნოვსკაია. 2009 წელს ამ სიას რუს მუსიკოსთა ჯგუფები შეემატა მას შემდეგ, რაც ბევრმა რუსმა შემსრულებელმა მთიანი-ყარაბაღის რესპუბლიკაში სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის ყარაბაღში დამოუკიდებლობის დღეზე კონცერტები გამართეს.

ასევე, რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვი, რომელიც ყარაბაღის ტერიტორიაზე არასდროს შესულა, აზერბაიჯანმა “შავ სიაში” იმის გამო შეიყვანა რომ მომღერალს “სომხური ფესვები” აქვს. თუმცა, 2017 წელს მუსიკალური ფესტივალის დროს აზერბაიჯანში, რომლის ორგანიზატორიც მომღერალი ემინ აგალაროვია, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილის ყოფილი ქმარი, კირკოროვი “შავი სიიდან” ამოიღეს.

თუკი თქვენ სომხეთის მოქალაქის პასპორტი ან სომხური გვარი გაქვთ, ანდა საჯაროდ აცხადებთ, რომ სომხური ფესვები გაქვთ, თუნდაც არ გქონდეთ სომხეთის პასპორტი და სომხური გვარი, დიდი ალბათობით, არც თქვენ შეგვიშვებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

სომხურ დიასპორასთან ღია მეგობრობა, სომხეთისა და სომეხი ერის, მისი კულტურის მიმართ კარგი დამოკიდებულების გაცხადება, ასევე საფრთხეს გიქმნით, რომ აზერბაიჯანში პერსონა ნონ-გრატად გაღიარონ.

მსგავსი ინციდენტი მოხდა თურქი მომღერლის ხადისეს შემთხვევაშიც.

“ევროვიზია 2009”-ზე თურქმა წარმომადგენელმა მომღერალმა ხადისემ სომხეთს “მოძმე ქვეყანა” უწოდა და ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მოწოდებით გამოვიდა. აზერბაიჯანში მისი კონცერტის ორგანიზატორმა, პროდუსერმა ნაჰიდ ემილოღლუმ განაცხადა, რომ ბაქო უარს ამბობს ხადისეს ბაქოში გასტროლების ორგანიზებაზე.

ანალოგიური სიტუაცია მოხდა აზერბაიჯანული წარმოშობის მომღერალთან, სამი იუსუფთან დაკავშირებითაც, რომელიც თურქეთში ცხოვრობს და მუშაობს. იუსუფმა ხადისეს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა: “სკოლაში სომეხი მეგობრები მყავდა”, ასევე მან “ევროვიზიის” სომეხი მონაწილეები შეაქო. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მომღერალი აზერბაიჯანის “შავ სიაში” შეეყვანათ და მისთვის აზერბაიჯანში შესვლა აეკრძალათ.

რა კანონით რეგულირდება აღნიშნული სია და რის საფუძველზე შეუძლია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვინმესთვის ქვეყანაში შესვლის შეზღუდვა? იურისტი ფარიზ ნამაზლი ამბობს, რომ ქვეყნის კანონმდებლობაში არ არსებობს არცერთი მუხლი, რომელიც მსგავს საკითხს არეგულირებს.

“განკარგულებებს, ქვეყნაში არ შეშვებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო იძლევა, “შავ სიას” ასევე შსს-ში ადგენენ და სასაზღვრო სტუქტურები უბრალოდ ექვემდებარიან ამ ბრძანებებს”, – ამბობს იურისტი.

პოლიტოლოგ ჰიქმეთ გაჯიზადეს თქმით, “შავის სიის ტენდენცია” ეს არის მოვლენა, რომელიც 2000-იან წლებში, ჰეიდარ ალიევის მეორე საპრეზიდენტო პერიოდში გააქტიურდა.

“დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტის აბულფაზ ელჩიბეის პრეზიდენტის დროს ასეთი შეზღუდვები არ ყოფილა იმის მიუხედავად, რომ იმ წლებში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სისხლისმღვრელი ომი იყო გაჩაღებული”, – ამბობს გაჯიზადე.

საქართველოდან აზერბაიჯანის შავ სიაში ჟურნალისტი მარგარიტა ახვლედიანია. მას აზერბაიჯანში შესვლა 2011 წლიდან აქვს აკრძალული მას შემდეგ, რაც 2011 წლის 20-24 ივნისს ის კონფლიქტის ზონაში ჩავიდა.

ამჟამად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში 140-ზე მეტი ადამიანი ირიცხება. თუმცა ეს სია არ არის კონკრეტული, რამდენადაც ქვეყანაში ის ბევრი ჟურნალისტი და ბლოგერიც არ შეუშვეს, ვინც სიაში არ იყო, თუმცა, ნეგატიურად გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი