სამხრეთ კავკასიის ამბები

რით იყო გამორჩეული 2017 წელი ახალგორისთვის?

17 იანვარი, 2018 • 2282
რით იყო გამორჩეული 2017 წელი ახალგორისთვის?

საბაჟო პუნქტი

2012 წლიდან, საქართველოს ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, თბილისიდან ახალგორში, როგორც პირადი მოხმარებისათვის, ასევე გასაყიდი პრუდუქციის შეტანა თავისუფლად დაიწყეს.

მოსახლეობის ნაწილმა ეს ბიზნესად აქცია. ცხინვალელი პარტნიორების დახმარებით, ისინი ცხინვალის ბაზარს ამარაგებდნენ, იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილებით,  გამშვებ პუნქტზე მხოლოდ 50 კილოგრამი ტვირთის გადატანა იყო დაშვებული. ამ ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს კი ტონობით ტვირთი გადაჰქონდათ იმ მგზავრების საშუალებით, ვისაც საკუთარ ტვირთს “უყოფდნენ” – ანუ ადგილობრივებს ამისთვის 10 ლარის ოდენობით ქირას უხდიდნენ. მათ საბაჟო პუნქტის გადაკვეთა დღეში ორჯერ შეეძლოთ.

2017 წლის 13 იანვარს ეს შეზღუდვა (დასაშვები 50 კილოგრამი) მოიხსნა და ახლა უკვე ტვირთის შეტანა ნებისმიერი რაოდენობითაა დაშვებული. ამის პარალელურად, მოსაბრუნის (“რაზდახან”) გამშვებ პუნქტზე საბაჟოს გახსნის შესახებ დაიწყო საუბარი.

სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის, მურატ ცხოვრებოვის განცხადებით, თუ გაიხსნება საბაჟო, აუცილებლად გააკონტროლებენ, რომ პროდუქცია სანიტარულ ნორმებს შეესაბამებოდეს. გარდა ამისა, “ეს საბაჟო პუნქტი მნიშვნელოვნად გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტს”.

იანვარში გაკეთებულ ამ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლებისაგან არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა, როდესაც 2017 წლის ოქტომბერში კვლავ გახმიანდა საბაჟოს გახსნის შესახებ განცხადებები, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ “ამას არ დაუშვებდნენ”.

საბაჟო პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისთვის ოსეთში ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს მივმართეთ, რომელმაც ქართული მედიისთვის საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა:

“საბაჟო პოსტის გახსნაზე ჯერ კიდევ თიბილოვის დროს დაიწყო საუბარი. ამ იდეის ინიციატორად მთავრობის თავმდჯომარის ექსმოადგილეს, დიმიტრი კოზაევს ასახელებდნენ. ის ფიქრობდა, რომ თუ ამ პუნქტის გავლით რესპუბლიკაში ბოსტნეულის, ხილის და სხვა პროდუქციის სავაჭრო პარტიები შედის, ამის კონტროლი უნდა ხდებოდეს. რესპუბლიკის ხელისუფლებას არ აქვს ზუსტი ხედვა, რა უნდა გაკეთდეს, მეორე მხრივ, რესპუბლიკის მიზანი არ არის და არც დაინტერესებულია საქართველოსთან რაიმე ტიპის ურთიერთობების დამყარებაში. ამიტომაც, დღესდღეობით, ყველა ინიციატივა და განცხადება ამ საკითხზე მხოლოდ სიტყვებად რჩება”.

თუმცა სოფელ მოსაბრუნში საბაჟო პუნქტის გახსნას უკვე უახლოეს პერიოდში გეგმავენ, ამისათვის საბაჟო კომიტეტს ათი საშტატო ადგილი დაემატა. პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა – მისი გახსნის შემდეგ რაიონიდან მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის შეყვანა და გაყვანა აიკრძალება. ადგილობრივ ფერმერებს 5000 წვრილფეხა და 700-მდე მსხვილფეხა საქონელი ჰყავთ, რომელიც გამოსაზამთრებლად კახეთისა და ქვემო ქართლის რაიონებში დაჰყავთ.

ალექსეი ბოსიკოვის დათხოვნა

2017 წლის 28 თებერვალს ახალგორის რაიონული ადმინისტრაციის უფროსი ალექსეი ბოსიკოვი სამსახურიდან დაითხოვეს. პრეზიდენტის მიერ ახალი უფროსის წარდგენისას გავიგეთ, რომ ბოსიკოვმა პოსტი საკუთარი ნებით დატოვა.

ალექსეი ბოსიკოვმა ამ თანამდებობაზე სამი წელი იმუშავა და თავი ადგილობრივებს რაიონში სრული განუკითხაობით დაამახსოვრა. მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება რაიონული მილიციის შენობიდან ახალგაზრდა დავით ბაშარულის გაუჩინარება, რომლის გვამიც 6 თვის შემდეგ ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს.

საუბარი გამგებლის შეცვლის საკითხზე დიდხანს გრძელდებოდა, პრეზიდენტს და მის გარემოცვას შესაფერისი კანდიდატურის მოძებნა უჭირდათ.

ადმინისტრაციის ახალ უფროსად საბაჟო სამსახურში მუშაობის გამოცდილების მქონე ზაზა დრიაევი დანიშნეს. დრიაევის წარდგენისას ლეონიდ თიბილოვმა მის სხვა შესაძლებლობას გაუსვა ხაზი – რომ გამოცდილი მებაჟეა და სამომავლოდ საბაჟოს გახსნაში მათ დახმარებას გაუწევს.

პასპორტები

2017 წლის 5 მარტს 25 ადგილობრივს სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი გადაეცა. გადაცემა საზეიმო ვითარებაში, რაიონულ ადმინისტარციაში, ადმინისტრაციის ახალი უფროსის ზაზა დრიაევის მიერ მოხდა. გადაწყვეტილება, გაეცათ პასპორტები – სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან 27 იანვრის შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რადგან მასთან მიღებაზე ყოფნის დროს უმეტესობამ სწორედ ეს პრობლემა დააყენა და სამხრეთ ოსეთის პასპორტი მოითხოვა.

პრეზიდენტმა იქვე დადო პირობა, რომ “უახლოეს მომავალში” დაიწყებდა პასპორტების გაცემის პროცესს და ეს პროცესი იქამდე გაგრძელდებოდა, ვიდრე ყველა მსურველს არ დააკმაყოფილდებდნენ.

მართლაც, უკვე მომდევნო კვირაში ახალგორის მილიციის სამმართველოს შენობის კედელზე იმ 150 ადამიანის მონაცემი გამოაკრეს, რომელთაც პასპორტები დაუმზადეს. სიის ფოტოები მალევე სოციალურ ქსელებში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერების მიერ გავრცელდა  და თიბილოვის მთავარმა კონკურენტმა ის მოქალაქეების წინასაარჩევნო მოსყიდვაში დაადანაშაულა, ვინაიდან ხმის მიცემა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხოლოდ სამხრეთ ოსეთის პასპორტით იყო  შესაძლებელი (წინა არჩევნებზე ფორმა 9-ით).  

ამ ფაქტის შემდეგ სოციალურ ქსელებში პრეზიდენტი თიბილოვი პროქართული ინტერესების გამტარებლად მოიხსენიეს, ასევე ისმოდა შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და აგრესიული შეფასებები ახალგორელების მიმართ, რომლებიც  “ნელი მოქმედების ნაღმებს” შეადარეს.

ამ აგრესიის შემდეგ ახალგორის მილიციის განყოფილებამ პოზიცია შეიცვალა. პასპორტები აღარ დაურიგეს ხალხს, იმის მიუხედავად, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, ისინი გასაცემად უკვე მზად იყო.

ქართული საგუშაგოს რეიდები

ახალგორის საგუშაგო პოსტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს თანამშრომლებმა სუს-ის წარმომადგენლებთან ერთად მორიგეობა დაიწყეს. ისინი მოქალაქეების გადაადგილებაზე რეგისტრაციას ახდენენ. ასევე ამოწმებენ ტვირთს, რომელსაც მგზავრები თან ატარებენ.

მანამდე ტვირთის გადატანაზე თბილისიდან ახალგორის მიმართულებით და ახალგორიდან თბილისის მიმართულებით ქართულ საგუშაგოზე შეზღუდვები არ ყოფლა.

თუმცა 2017 წლის მარტის შუა რიცხვებიდან პოლიციელები შესამჩნევ სიმკაცრეს იჩენენ იმ მგზავრების მიმართ, ვინც ახალგორიდან თბილისისაკენ მიემართება და თან ახალგორის მაღაზიაში რაიმე რუსული პროდუქცია აქვთ შეძენილი. რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. ერთი კილოგრამი რუსული შოკოლადისათვის მგზავრისათვის ჯარიმის გამოწერიც ფაქტიც იყო. თუმცა საქმეში საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ჩარევის შემდეგ მას ჯარიმა გაუუქმეს.

მსგავსი შემთხვევები 2008-2009 წლებშიც ხდებოდა, თუმცა  2012 წლის შემდეგ პოლიციამ რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება ახალგორელების მიმართ.

დღეს კი გაურკვეველია მათი დამოკიდებულება ახალგორელებისადმი.  მათი მიმართვის ფორმები და რეიდები დაშინებას წააგავს.

საპრეზიდენტო არჩევნები

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნები ახალგორშიც გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, რაიონში 1325 ამომრჩეველია (არჩევნებში ის ადამიანები მონაწილეობენ, ვისაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი აქვთ).

დაბა ახალგორი იყო ის ერთ-ერთი გამონაკლისი, სადაც მაშინდელმა მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა გამარჯვება მოიპოვა. თუმცა მთლიანად რაიონის და რესპუბლიკის მასშტაბით, ის დამარცხდა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარლამენტის თავმჯდომარემ – ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა.

ხაჩიროვის წარდგენა

არჩევნების შედეგების შემდეგ ახლად დანიშნულმა რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა ზაზა დრიაევმა საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. ანალოგიურად მოიქცა რესპუბლიკის მაღალჩინოსანთა უმრავლესობა. რაიონული ადმინისტრაციის ხლმძღვანელის პოსტი 2017 წლის აპრილიდან ზუსტად ორი თვე ვაკანტური იყო. 7 ივნისს კი ამ თანამდებობაზე, წარმოშობით ახალგორელი ფილიპ ხაჩიროვი დაინიშნა. ის ახალგორში სამხედროს მასწავლებელი იყო და შემდეგ ქართულ-ოსურ დაპირისპირებებშიც მონაწილეობდა.

ხაჩიროვის წარდგენის დროს ანატოლი  ბიბილოვმა რამოდენიმე ხმაურიანი  განცხადება გააკეთა. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მან გაახმიანა, ეხებოდა ახალგორელებს, რომლებიც წეროვანის დევნითა დასახლებაში ცხოვრობენ და, ამავე დროს, ყოველდღიურად, სამსახურში ახალგორში გადაადგილდებიან. მან თქვა, რომ არ დაუშვებს ამას მომავალში და მოუწოდა მოსახლეობას,  „გაერკვნენ, სად უნდათ ცხოვრება“.

ბიბილოვის მეორე განცხადება შეეხებოდა ქართული სკოლების ერთიან რუსულ სასწავლო სისტემაზე გადასვლას. პრეზიდენტმა ეს განცხადება შეასრულა და 2017 წლის სასწავლო წელს დაწყებითი კლასები რუსულენოვანი გახდა.

სწავლის დაწყება ახალგორში

ახალგორის რაიონის ექვსი ქართული სკოლა და ბაგა-ბაღები სწავლების რუსულ ენაზე გადავიდნენ. ამ ეტაპზე სწავლა რუსულ ენაზე პირველიდან მე-4 კლასის ჩათვლით სრულად ჩანაცვლდა [ქართულ ენას ერთ-ერთი საგნის სტატუსი დარჩა], დანარჩენ კლასებში რუსულ ენაზე სწავლება ეტაპობრივად მოხდება.

ახალგორის რაიონის ქართულენოვან სკოლებში სწავლების რუსულ ენაზე გადასვლა რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო.

2008 წლის აგვისტოდან დღემდე ახალგორის რაიონში ორი ქართულენოვანი ბაგა-ბაღი იყო დარჩენილი, სადაც წინა სასწავლო წლის ბოლომდე 30-მდე აღსაზრდელი ირიცხებოდა.

საავადმყოფოს თანამშრომლები ონისე გათენაშვილის წინააღმდეგ

2008 წლის ომის შემდეგ ქართულმა მხარემ  შ.პ.ს „ახალგორის საავადმყოფოს” თანამშრომლების დაფინანსება გადაწყვიტა. საავდმყოფოს დირექტორის პოზიციაზე კი ონისე გათენაშვილი დანიშნა. საავადმყოფოს დაფინანსება თვეში 5 000 ლარით განისაზღვრება.

აღნიშნულ თანხას საავადმყოფოს დირექტორი ერთპიროვნულად განკარგავს.  გათენაშვილს გასაიდუმლოებული აქვს საჯარო ინფორმაცია ხარჯვითი ნაწილის და თანამშრომლების სიის შესახებ. ომის შემდგომ პერიოდში მას არაერთხელ დაუპირისპირდნენ უკვე ყოფილი თანამშრომლები. რამდენიმე საქმე სასამართლომდეც მივიდა.

ომის შემდეგ ახალგორის საავადმყოფოს სრულად აფინანსებს და საჭირო მედიკამენტებითა და აღჭურვილობით სრულად უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყოფილ დახმარებას, რომელზეც აუდიტის დასკვნით, დიდი ფინანსური დარღვევევბი არსებობს, დღემდე უცნობია, რას ხმარდება ის.

იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მომჩივანი მედიკოსების პრობლემები არ იქნა გათვალისწინებული, რისი პირობაც სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად, მათ პირადად მისცა, ისინი იძულებული გახდნენ საქართველოს პროკურატურისათვის მიემართათ და ამ საქმეზე გამოძიება დაეწყოთ.

ამ ფაქტის შემდეგ საჩივარზე ხელმომწერი მედპერსონალი, ასევე საავადმყოფოში მომუშავე ის პერსონალიც, რომელსაც არ გააჩნია არანაირი პრეტენზია, ქართულმა პოლიციამ დაიბარა და ახალგორის გამშვებ პუნქტზევე გაესაუბრა.

ეს ფაქტი გამოძიების სურვილზე მეტად ამ ადამიანებზე ზეწოლად ჰგავს.

ზაირა ელკანოვას დათხოვნა

2017 წლის ოქტომბერში თანამდებობიდან დაითხოვეს ახალგორის ბავშვთა სახლის დირექტორი ზაირა ელკანოვა. ოფიციალურ მიზეზად ბავშვთა სახლში ფინანსური დანაშაულები და არსებული წესდების დარღვევა სახელდება. მისი დათხოვნის არაოფიციალურ მიზეზი კი, ივნისში ბავშვთა სახლში დაფიქსირებული პედოფილიის შესაძლო შემთხვევა გახდა. [გარდა ამისა, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები შემჩნეული არიან ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაში].

მილიციის ახალი უფროსი

2017 წლის ბოლოდან ახალგორის (ლენინგორის) რაიონულ მილიციას ახალი უფროსი ჰყავს. მან ქუჩებში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების გამოსავლენად რეიდები დაიწყო. გარდა ქუჩებისა, ახალგაზრდები შემოწმებაზე საკუთარი ბინებიდანაც გამოჰყავს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი