სამხრეთ კავკასიის ამბები

ისტორია, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა

29 ნოემბერი, 2017 • 2392
ისტორია, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა

1918 წელს, კონსტანტინეპოლში, კათოლიკე ქართველთა სავანის სტამბაში, მაშინ მას  საბეჭდავი ეწოდებოდა, გამოიცა პავლე ინგოროყვას ბუკლეტი: Les Frontieres De La Georgie, საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ.

კონსტანტინეპოლის კონფერენცისათვის მომზადებულ ნაშრომში მეცნიერი ცდილობს მოხაზოს საქართველოს, როგორც  ქვეყნის ტერიტორია და დაამტკიცოს აქ მცხოვრები ხალხის ეთნოგრაფიული და ეკონომიკური ერთიანობა.

სამურზაყანო-აფხაზეთ-ჯიქეთის მხარის აღწერისას ის აღნიშნავს, რომ „სოხუმის ოლქის სოფლების მკვიდრი მოსახლეობა, ქართველობა არის 55,6 %; აფხაზები 33,3  %; სხვა და სხვა პატარა ეროვნული ერთეულები 11,1  %, ხოლო ერთად მთელი ქართული ჯგუფი (ქართველები და აფხაზები) – 88,9  %.  

ამ მცირე სამახსოვრო ცნობარს, საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება არ მოჰყოლია. პოლიტიკური კონტექსტი 1918 წელს განსხვავებულია; საქართველოს დამოუკიდებლობა ახალი გამოცხადებული აქვს, მას ბევრ გამოწვევასთან უწევს გამკლავება, აფხაზეთში ძალაუფლებისათვის რამდენიმე პოლიტიკური და სოციალური ჯგუფი იბრძვის, საგარეო ასპარეზზე ყველაფერი ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არაა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით პავლე ინგოროყვას ნაშრომში აღწერილი ფაქტები მაშინ ბევრს არ ანაღვლებდა.

36 წლის შემდეგ, 1954 წელს ავტორმ გამოაქვეყნა მისი ახალი  კვლევა „გიორგი მერჩულე“. წიგნში, ქართული წერილობითი წყაროების და უცხოელ ავტორთა ცნობების ანალიზის, ისტორიული ტოპონიმიკის, აფხაზეთის მხარეთა ისტორიული გეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ აფხაზები ერთერთთი ქართულ ტომთაგანია და მათი თავდაპირველი სახელწოდება იყო მოსხი. რაც შეეხება გვიანდელ აფხაზეთს, ის მათ აფსუებად იხსენიებს, მისი აზრით თანამედროვე აფზაეთის ტერიტორიაზე მე-17 საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლდნენ.

პავლე ინგოროყვას ნაშრომი აფხაზებმა  ნაციონალური იდენტობის წართმევის მცდელობად აღიქვეს. აფხაზი ისტორიკოსი გიორგი ძიძარია ავტორის კონცეფციას, თითქოს თანამედროვე აფხაზეთის მოსახლეობასა და ანტიკურ ხანასა და მთელ შუასაუკუნეების განმავლობაში აქ მცხოვრებ მოსახლეობას შორის არ არის ნათესაური კავშირი, ფსევდომეცნირულს უწოდებს. საპროტესტო განწობებმა მთელი საზოგადოება მოიცვა. თბილისში იგზავნება საპროტესტო წერილები. განსაკუთრებულად აქტიურობენ პარტიული ფუნქციონერები და ინტელიგენციის წარმომადგელები. მათი აზრით, ნაშრომი არ მისდევდა თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს, იყო მავნებლურად დაწერილი, და ცდილობდა დაემტკიცებინა აფხაზების არარსებობა.

ეს მხოლოდ მცირე ეპიზოდია დაპირისპირებისა რომელიც ქართველ და აფხაზ ისტორიკოსებს შორის ხდებოდა წლების განმავლობაში.  1990-იანი წლების საბრძოლო მოქმედებების თეატრამდე, კონფლიქტის მხარეების უმთავრესი ომი ისტორიულ ნარატივზე უალტერნატივო კონტროლის მოპოვებაში მდგომარეობდა. დაპარისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეაიარაღებული დაპირისპირების დასრულების მერე ბრძოლა „ისტორიული ჭეშმარიტებისათვის“ ისევ აქტუალურია.   

რატომ ხდება ასე ?

ჩვენს რეალობაში, ისტორია ეთნონაციონალური გრძნობების სამსახურშია ჩამდგარი. ხშირად მოვლენები კონტექსტიდან ამოგლეჯილად იწერება. მსხვერპლად ყოფნა უმთავრესი მოტივია ისტორიის ინტერპრეტაციისა.

კონფლიქტური მხარეები მუდამ ცდილობენ წარმოაჩინონ მსხვერპლად საკუთარი ეთნოსი მეტროპოლიასთან მიმართებაში. ეს დისკუსია კი დღემდე აქტიურია. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევის უახლესი განცხდებით, „ოს ხალხს არაერთხელ მოუწია საკუთარ თავზე ეწვნია გენოციდი . . . ამის შესახებ არ წერდნენ გაზეთებში საბჭოთა პერიოდის დროს . . . ჩვენი ხალხის მეხსიერებაში 1920 წლის გენოციდი მუდამ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. მაშინ დაახლოებით 40 ათასი მცხოვრები განდევნეს სამხრეთ ოსეთიდან, ხუთ ათასზე მეტი მოკლეს.“  

ამ  მსჯელობას არც ქართველი ჩინოვნიკები და ისტორიკოსები ჩამორჩებიან, ისინიც მსხვერპლნი არიან, ოღონდ ამ შემთხვევაში მოსკოვის პოლიტიკის. მუდმივად აპელირებენ და მანიპულირებენ „სეპარატისტთა“ და რუსების ალიანსით ქართველების წინააღმდეგ.

თუმცა, საბჭოთა პერიოდში ადგილობრივ ხელისუფლებათა  საკმაოდ მაღალი ხარისხის უფლებების სრული იგნორირება ხდება. ეს არ იყო სუვერენული ქვეყნის მმართველი კლასი უფლებები, თუმცა იმდენი ნამდვილად იყო რომ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა იტვირთონ.

დღევანდელ რეალობაში ისტორიის შესწავლა არ წარმოადგენს წარსულის გაანალიზების მცდელობას. არც სხვადასხვა პროცესების არსში ჩაწვდომა და საზოგადოების განვლილი გზის შეფასებაა ინტერესის ობიექტი. კონფლიქტის მხარეთა ოფიციალური ისტორიოგრაფიის უმტავრესი მიზანია კონკრეტული ეთნოსის დომინაციის მტკიცება  გეოგრაფიულ არეალში; ქართველებმა ქართველების, აფხაზებმა აფხაზების, ოსებმა ოსების უპირატესობა უნდა წარმაოჩინონ.  ამავე დროს აუცილებელია დომინაციის ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილება; ისტორიული ხანდაზმულობისა და ეთნიკური მრავალრიცხოვნობას.  

მიზეზი ამისა ძალიან მარტივია; საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობის მოსაზრებით,  თუ რატომ არის აფხაზეთი საქართველოს ნაწილი? პასუხი არ დააყოვნებს, იმიტომ რომ ის ისტორიულად  საქართველოს ნაწილია. თუ ვკითხავთ აფხაზებს რატომ უნდათ აფხაზეთის დამოუკიდებლობა? იმიტომ  რომ ისინი ისტორიულად ყოველთვის დამოუკიდებლები იყვნენ. იგივე განმეორდება ნაწილობრივ ოსეთის შემთხვევაში.  ყველა ეს პოლიტიკური სუბიექტი საკუთარი „სახელმწიფოებრიობას“ ზუსტად ამ ნარატივზე ამყარებს და მომავლის ილუზიასაც წარსულით ქმნის. პოლიტიკურმა ელიტამ და ინტელექტუალებმა ვერ შეძლეს საზოგადოებისათვის სხვა რამის შეთავაზება გარდა „გმირული წარსულისა“. როცა არ არსებობს არც ეკონომიკური, არც სოციალური და არც ინსტიტუციური ხედვა მომავლის და როდესაც ეს მომავალიც ბუნდოვანი და უპერსპექტივოა საზოგადოებას უყრიან სალაფავს, და ამ სალაფავს წარსული ანუ ისტორია ჰქვია.   

მასალების გადაბეჭდვის წესი