საერთაშორისო მედია სამხრეთ კავკასიის ამბებზე

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა, მასშტაბური ანტი ტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში; სომხეთმა ევროკავშირის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა; სადავო აფხაზური მონუმენტი შოტლანდიაში. ეს არის ის ძირითადი თემები სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელზეც საერთაშორისო მედიამ ყურადღება გაამახვილა.

ბაქო- თბილისი -ყარსი

გამოცემა thehill.com-ი წერს სტატიაში სახელწოდებით “ახალი რკინიგზით მსოფლიო მოკლდება, რუსეთი კი იხრჩობა”, წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ამერიკის დამხარებით არ ხორციელდება, აშშ-ს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი სამი მიზეზის გამო უნდა აინტერესებდეს:

  1. რუსეთმა, აშშ-ს ევროპელი მოკავშირეები, მასზე დაკისრებული სავაჭრო სანქციების გამო დასაჯა. სანქციები რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის დაეკისრა, ხოლო საპასუხოდ რუსეთმა ევროპული საქონლის ჩინეთსა და აზიაში გატანა აკრძალა, რომელიც ევროპიდან აზიაში ერთადერთი რკინიგზით ხორციელდებოდა.
  2. ზოგიერთი ნავთობქიმიური პროდუქტი 46 მილიარდიანი ღირებულების სამხრეთ კორიდორის გავლით შეიძლება ბუნებრივი აირთან ერთად გავიდეს საბერძნეთში, ალბანეთსა და იტალიაში. ეს გაზსადენი დაუკავშირდება არსებულ 2015 წელს გახსნილ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენს, რომელიც სრულდება თურქეთში და ავსებს ნავთობტანკერებს, რომელიც მსოფლიოში, მათ შორის ისრაელის პორტებისთვისაა გათვალისწინებული.
  3. ახალი რკინიგზა, აზიიდან და აზიაში ძვირადღირებულ საზღვაო გადაზიდვებს გამორიცხავს და საჰაერო გადაზიდვებზე ორჯერ უფრო იაფი ჯდება. ის ასევე რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჩარევას მთლიანად გვერდს უვლის.

ამავე თემაზე, Forbes Magazine წერს სტატიაში 5 Upheavals To Expect Along The New Silk Road In 2017 [5 გარდატეხა რომელიც 2017 წელს აბრეშუმის გზის ირგვლივაა მოსალოდნელი], რომ ახალი აბრეშუმის გზა მრავალმხრივი მრავალნაციონალური ინიციატივაა სახმელეთო და საზღვაო ეკონომიკური კორიდორების ქსელის შესაქმნელად, რაც იმ რეგიონის უკეთესად ინტეგრირებას შეუწყობს ხელს, რომელიც 60 ქვეყნისგან და მსოფლიოს მოსახლეობის 60%-სგან, ენერგორესურსების 75%-ისა და მსოფლიო მშპ-ს 70% – სგან შედგება. უფრო ადვილად დააკავშირებს ეკონომიკურ გიგანტებს ჩინეთს, რუსეთს, ირანს, ინდოეთსა და ევროპას სუსტად აფელირებულ გეოპოლიტიკურ ბლოკთან, რამაც შეიძლება მსოფლიოს ბალანსი შეცვალოს.

სადავო მემორიალი

შოტლანდიის ქალაქ კილნმარნოკში 90-იან წლებში დადგმული, აფხაზური დროშის ფონზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპულთა მემორიალის დემონტაჟის შესახებ მრავალი მოსაზრება გამოითქვა.

მომხდარს აფხაზების სწრაფი რეაქცია მოჰყვა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კან ტანიამ Change.org-ზე პეტიცია სახელწოდებით “გადავარჩინოთ აფხაზეთის მემორიალი კილნმარნოკში” შექმნა, რომელმაც 1 800-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.

ლონდონის აფრიკისა და აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის (SOAS) კავკასიური ენების პროფესორმა და აფხაზური ინტერესების დამცველმა ჯორჯ ჰუიტმა, მემორიალის დაცვის კამპანია დაიწყო.

“ეს არის მათი ფართო კამპანიის ნაწილი. როდესაც აფხაზეთი ცდილობს მთელს მსოფლიოს საკუთარი თავი და პროდუქცია გააცნოს, თბილისი ცდილობს მას ხელი შეუშალოს” – განაცხადა ბრიტანელმა აკადემიკოსმა.

შოტლანდიის მთავრობის განცხადებით, მემორიალის აღების გადაწყვეტილება ირლანდიის აღმოსავლეთ შტატის საბჭომ მიიღო. თუმცა, მოხსნილ მემორიალს, ტექსტის შეუცვლელად, დააბრუნებენ მანამდე, “სანამ ყველა მხარისთვის მისაღები ტექსტის ფორმულირება და შინაარსი არ იქნება შეჯერებული”

აღმოსავლეთ აირშირის საბჭოს განცხადებით, მონუმენტი “უფრო მისაღები ფორმით” აღდგება.

მათივე თქმით, ახალი მემორიალი “სოხუმში კონფლიქტის ორივე მხარის დაცემული ხალხის სამახსოვროდ” იქნება.

ევროკავშირისა და სომხეთის შეთანხმება

24 ნოემბერს ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში სომხეთმა ევროკავშირთან ყოველისმომცველ და გაფართოებულ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

“ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებთან ვამყარებთ ურთიერთობას, განსაკუთრებით სომხეთთან, და ჩვენ ამას საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. ამავე დროს, ჩვენ გვესმის რომ ყოველ ქვეყანას თავისი საგარეო პოლიტიკური ინტერესები, მიზნები და ამოცანები გააჩნია და ჩვენ ამას პატივს ვცემთ” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქამეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერამდე.

“ახალი შეთანხმება ხელს შეუწყობს იმის დემონსტრირებას, რომ შესაძლებელი იქნება სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრი იყოს და ასევე გაძლიერებული, ყოვლისმომცველი თანამშრომლობა დაამყაროს ევროკავშირთან” – განაცხადა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.

“შეთანხმება რეალურ დადებით გავლენას მოახდენს ადამიანების ცხოვრებაზე, როგორც სომხეთში ასევე ევროკავშირში. ეს საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებზე, გავაუმჯობესოთ საინვესტიციო კლიმატი და გავზარდოთ სამუშაო ადგილების სტიმულირება.” – განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.

2013 წელს, როდესაც სომხეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო და შეთანხმებაზე ხელმოწერის მოლოდინი გაჩნდა, სომხეთში აქტიური დებატები დაიწყო იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი საინტეგრაციო პროექტი უნდა აერჩია ქვეყანას: ევროპული თუ ევრაზიული ინტეგრაციის. დღეს სომხეთში, როგორც უკვე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყანაში, მსგავსი დისკუსია აქტიური აღარ არის, რადგანაც გასაგები მიზეზების გამო, სომხეთმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. თუმცა, მიუხედავად სომხეთის EAEU-ს წევრობისა, ქვეყანა არ გეგმავს ევროპულ კურსზე უარის თქმას. შესაბამისად, როგორ დააბალანსებს ურთიერთობებს სომხეთი, ერთი მხრივ, ევროკავშირთან და, მეორე მხრივ, რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან, სომხეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ საკითხად რჩება.

ანტი-ტერორისტული ოპერაცია თბილისში ასევე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

თურქულმა გამოცემამ dailysabah.com-მა დაწერა პირველად, რომ ქართულმა პოლიციამ ახმად ჩატაევი მოკლა, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ჩეჩენი ლიდერი იყო და რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებული იყო ათათურქის აეროპორტში 2016 წელს მომხდარ ტერაქტთან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციების სიაში, ჩატაევი “ისლამური სახელმწიფოს” მნიშვნელოვან ფიგურად მოიხსენიება, რომელიც პასუხისმგებელი იყო რუსულენოვანი ბოევიკების მომზადებაზე, –  წერს Reuters-ი.

სპეცოპერაციის ფარგლებში ერთი პირია დაკავებული ინიციალებით ს.დ.. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აფეთქებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა არაერთი ბინა; ისნის გამგეობამ და მერიამ ოჯახები დროებით სასტუმროებში გადაიყვანა. მათი ბინების აღდგენა/რემონტამდე ისინი ქირით იცხოვრებენ, რომელსაც სახელმწიფო გადაიხდის. სუს-ი, ისნის გამგეობა და თბილისის მერია მათ მხარდაჭერას ჰპირდება.

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 21 ნოემბრის 20:00 საათზე დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც 22 ნოემბერს 17:30-ზე დასრულდა. თითქმის 20 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლასა და აფეთქებებს. შედეგად დაიღუპა სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი და ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული 3 პირი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დავით ოქროპირიძე