სამხრეთ კავკასიის ამბები

თომას დე ვაალი – რა მდგომარეობაშია სამხრეთ კავკასია?

7 აპრილი, 2017 • 3876
თომას დე ვაალი – რა მდგომარეობაშია სამხრეთ კავკასია?

ავტორი: თომას დე ვაალი, “კარნეგის ფონდის’” ევროპის ფილიალის უფროსი მკვლევარი; ბრიტანელი ჟურნალისტი და მწერალი, რომელიც 1990-იანი წლებიდან აშუქებს კავკასიას;  

25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვეს, თუმცა სამხრეთ კავკასია კვლავ სტრატეგიულად სენსიტიურ რეგიონად რჩება ევროპასა და აზიას, რუსეთსა და შუა აღმოსავლეთს შორის; მას ჯერ კიდევ უწევს, გაუმკლავდეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ანდერძად დანატოვარ კონფლიქტებს; ეკონომიკური განვითარებით რეგიონი ბევრად ჩამორჩება მეზობლებს, უმუშევრობა და ემიგრაცია კი რთულად მოსაგვარებელი პრობლემების სიის სათავეშია.

სამხრეთ კავკასიას, როგორც რეგიონს, კვლავ გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, რომლის გამოყენებასაც პრაქტიკაში ვერ ახერხებს. სამი სამხრეთკავკასიური ერი-სახელმწიფო სულ უფრო შორდება ერთმანეთს, ისინი კიდევ უფრო ნაკლებად ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე 20 წლის წინ. სომხეთისა და აზერბაიჯანის განვითარება მთელ ევროპაში ყველაზე სახიფათო – მთაინი ყარაბაღის – კონფლიქტის მძევალია. 2016 წლის აპრილში მოულოდნელად გაჩაღებულმა ბრძოლამ, რომელშიც 200-მდე ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ეს მთვლემარე კონფლიქტი ამჟამად სრულმასშტაბიან ომთან ახლოს უფროა, ვიდრე მშვიდობიან დასასრულთან.

ყარაბაღის გრძელვადიანი კონფლიქტის ღირებულება სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის მაღალია. სომხეთს – 1990-იანების დასაწყისში გაჩაღებული ომის გამარჯვებულ მხარეს – საზღვარი  ჩაკეტილი აქვს ორ სახმელეთო მეზობელთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ამასთან, მისი უსაფრთხოება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთზე. აზერბაიჯანმა თითქმის მოაგვარა ყარაბაღის ომის შედეგად დანატოვარი ჰუმანიტარული პრობლემები, 2003 წლიდან საკმაო სარგებელსაც ნახულობდა ნავთობით, თუმცა ნავთობის ბუმის დასასრულმა და გაცილებით ავტორიტარულ რეჟიმზე გადასვლამ ეს ქვეყანა მეტწილად საკუთარ თავზე ორიენტირებულ და მყიფე სახელმწიფოდ აქცია.

ეს მოცემულობა საქართველოს ძლიერ განასხვავებს სომხეთისა და აზერბაიჯანისაგან. სამხრეთკავკასიელი მეზობლებისაგან განსხვავებით, საქართველომ “დემოკრატიული ზნე” აითვისა და ნამდვილად კონკურენტული არჩევნებიც ჩაატარა 2016 წლის ოქტომბერში. სხვადასხვა დროს – ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილისა თუ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში – ქვეყანამ შეინარჩუნა პროდასავლური კურსი. მნიშვნელოვანი ინსტუტიტები – პარლამენტი, სასამართლოები, მედია, საჯარო სამსახურები – სულ უფრო ძლიერდება.

რაც მთავარია, საქართველომ გააცნობიერა, რომ მოუგვარებელი პრობლემები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვერ დაამუხრუჭებს მის შიდა პროგრესსა და მისწრაფებებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ რიგით ქართველებს კვლავაც აღელვებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვა, თუმცა სხვა შიდა საკითხები უფრო პრიორიტეტულია მათთვის.  ამას გარდა, 2008 წლის ომი რუსეთთან და მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება ხელს უშლის რუსეთს, საკუთარი ორბიტისაკენ მიიზიდოს საქართველო. ტერიტორიების დე ფაქტო დაკარგვა მტკივნეულია საქართველოსთვის, თუმცა ეს ევროპისკენ თავისუფლად და სწრაფად გადაადგილებაში არ უშლის ხელს.

რუსეთი კვლავაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი მეზობელი სამივე სამხრეთკავკასიური ქვეყნისათვის. 2013 წლიდან მან მოახერხა აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაძლიერება, სომხეთს კი ევრაზიულ კავშირში გაერთიანებისაკენ უბიძგა. სავაჭრო და საკომუნიკაციო კავშირები საქართველოსა და რუსეთს შორის 2012 წლიდან აღდგა, თუმცა მათ ისევ არა აქვთ ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ოცდახუთწლიანმა დამოუკიდებლობამ მათი სახელმწიფოებრიობა დაამტკიცა და მისცა ბევრი შესაძლებლობა, რისი საშუალებითაც, სურვილის შემთხვევაში, რუსული გავლენისა და რჩევებისაგან თავის დაღწევას მოახერხებენ. რუსული ენის ცოდნა და რუსული მედიის გავლენა მცირდება; რუსეთის რეპუტაცია უკრაინის კონფლიქტების შემდეგ შეიბღალა.

უკრაინის კრიზისმა და სირიის კონფლიქტმა, საერთო ჯამში, ნეგატიური გავლენა იქონია რეგიონზე. უკრაინაში მაიდანის მოძრაობამ დაანახა აზერბაიჯანის მთავრობას, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე უფრო მეტი ზეწოლა დასჭირდებოდა; 2013 წელს, უკრაინული კრიზისის საწყის ეტაპზე, სომხეთმა, მოსკოვის წნეხით, უკრაინის მიერ უარყოფილი გზა აირჩია, ევროკავშირთან ასოცირების გეგმებზე უარი განაცხადა და რუსეთის “ევრაზიულ კავშირში” გაწევრიანდა.

კონფლიქტმა სირიაში, რომელიც გეოგრაფიულად არც ისე შორსაა კავკასიისაგან, პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა სამივე სახელმწიფოზე. მაგალითად, სომხეთმა ასობით ათასი სირიელი სომეხი ლტოლვილი მიიღო; აზერბაიჯანიდან და საქართველოდან (ჩრდილოეთ კავკასიასთან ერთად) ათეულობით მებრძოლი შეუერთდა ე.წ ისლამური სახელმწიფოს რიგებს; ახლა ამ ორ ქვეყანას მოუწევს, შეიმუშაოს პოლიტიკა, რითაც ერაყიდან და სირიიდან დაბრუნებულების სავარაუდო ნაკადს გაუმკლავდება.

უფრო ფართო კონტექსტში რომ განვიხილოთ, – ამ ორმა კრიზისმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დღის წესრიგში უკანა პლანზე გადასწია კავკასია; შეკვეცილი რესურსებისა და ნათლად ჩამოყალიბებული გეგმების არარსებობის ფონზე, დღის წესრიგში “კონფლიქტების მართვა” გახდა აქტუალური. 10-15 წლის წინ, როდესაც სამშვიდობო პროცესები უფრო დინამიკური იყო რეგიონში, რადიკალური ნაბიჯების რეკომენდირებაც იყო შესაძლებელი და კონფლიქტების სრულად მოგვარების იმედებიც არსებობდა. დღეს კი უფრო მეტად რეალურია დამატებითი ცვლილებებისათვის თვალის მიდევნება და ამ გაჭიანურებული კონფლიქტების რეგიონულ დონეზე, საზოგადოებრივი განვითარების კონტექსტში დანახვა.

თომას დე ვაალის ეს სტატია (სათაურით – ‘Whither the South Caucasus’) პირველად გამოქვეყნდა “კარნეგი ევროპის” ვებსაიტზე. ინგლისურ ენაზე წაკითხვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი